fbpx
Menu Close

სტატიები

როგორ განვუვითაროთ პროგრამირებისადმი ინტერესი ბავშვებს

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური ცვლილებები მრავალი პროფესიის გაქრობას მოასწავებს, შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ პროგრამირება მომავლის პროფესიაა.​

ნებისმიერი მშობლისთვის მნიშვნელოვანია შვილის მომავალი, ამიტომ, თუ გსურთ თქვენი შვილის სამომავლო პერსპექტივებზე ზრუნვა, სწორ ადგილას მოხვდით.

სასურველია, ბავშვმა პროგრამირების შესწავლა ადრეულ ასაკში დაიწყოს. შევისწავლეთ პროგრამირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ვებგვერდები, შევაჯამეთ ინფორმაციები და ახლა, გაგვიჩნდა სურვილი, თქვენ გაგიზიაროთ ის მოპოვებული რჩვები, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ დააინტერესოთ თქვენი შვილები პროგრამირებით.

რჩევა 1:

დააინტერესეთ თქვენი შვილები ადრეული ასაკიდან თამაშებით

მრავალი ფსიქოლოგიური კვლევა ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებს შევასწავლოთ ესა თუ ის საგანი თამაშის მეთოდით. სწორედ ამ მეთოდით მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პერიოდი ბევრად საინტერესო ხდება.

წარმოიდგინეთ გაკვეთილი, სადაც ბავშვს მხოლოდ თეორიის მოსმენა უწევს. რა შედეგი აქვს ასეთ გაკვეთილს? ბავშვი კარგავს ინტერესსა და კონცენტრაციას, ფიქრობს ძილზე…

ამიტომ თუ გსურთ დააინტერესოთ თქვენი შვილი პროგრამირებით, მოუყევით ამ სფეროს შესახებ თამაშების სახით.

თამაში უვითარებს ბავშვს წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარს.

ინტერნეტში მრავლად მოიპოვება თამაშები მათემატიკასა და ლოგიკაზე, შეგიძლიათ, ესტუმროთ, ასევე, ჩვენი ყოფილი მოსწავლის, ნიკოლოზ ქველიძის, გვერდს – სახალისო მათემატიკა. თუ რთულ ამოცანებთან შეჭიდება მოგინდებათ, მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრის გვერდი მოინახულეთ.

ერთერთ ფორუმზე მშობლის ძალიან საინტერესო კომენტარს წავაწყდით იმის შესახებ, თუ როგორ ასწავლის საკუთარ შვილს პროგრამირებას.

გთავაზობთ ამ კომენტარის თარგმანს:

“მინდა, გაგიზიაროთ ჩემი სწავლების მეთოდი. ვასწავლი ჩემს შვილს ალგორითმების აწყობას. მე რობოტი ვარ, რომლის მართვაც ჩემს შვილს შეუძლია. ის ფურცლებზე წერს სხვადასხვა ბრძანებებს, რომლებსაც უნდა გაყვეს რობოტი. რობოტის მოძრაობის სამი ბრძანება არსებობს: ერთი ნაბიჯი წინ, მოხვევა მარჯვნივ და მოხვევა მარცხნივ. დავალება შემდეგნაირია: რობოტი უნდა წავიდეს მისაღები ოთახიდან სამზარეულოში, აიღოს კანფეტი და დაუბრუნდეს საწყის ადგილს. ეს ქცევა ასტიმულირებს პატარა პროგრამისტს, კარგად მოიფიქროს და შეადგინოს ოპტიმალური ალგორითმები. რაც მთავარია, ეს მისთვის ძალიან აზარტულია.”

არამარტო სამაგიდო და ლოგიკური თამაშებია სასარგებლო ბავშვებისთვის.

კომპიუტერული თამაშებითაც ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ ბავშვებს.

მაგალითად, განვიხილოთ ბავშვებისთვის საყვარელი თამაში – Minecraft. ამ თამაშში ბავშვებს აქვთ საშუალება ყველაფერი ისე ააწყონ, როგორც მათ სურთ.

რისი სწავლება შეუძლია ასეთ თამაშს პროგრამირებაში?

  • ელექტროობის ცოდნა. თამაშში არის ელემენტი – Redstone, მისი დახმარებით შესაძლებელია ელექტრული სქემების “ხატვა”. იუთუბზე მრავალი ვიდეოა იმის შესახებ, თუ როგორ აკეთებენ Minecraft-ის მოთამაშეები კალკულატორს, თამაშებს და კომპიუტერებსაც კი.

თამაშის პოტენციალის გათვალისწინებით, ამერიკულმა კომპანია FunTech-მა ორგანიზება გაუწია საბავშვო ბანაკს – Minecraft Engineering, სადაც ბავშვები იაზრებენ ელექტროობის მნიშვნელობას საყვარელი თამაშის დახმარებით.

შვეიცარიაში კი, Minecraft ოფიციალურად შესულია სასკოლო პროგრამაში.

  • პროგრამირება. Minecraft დაწერილია Java-ზე და თამაშის სტრუქტურის შეცვლა შესაძლებელია კოდის საშუალებით.

რა თქმა უნდა, Minecraft ერთადერთი სასარგებლო თამაში არ არის. ბავშვების განვითარებას, ასევე, ხელს შეუწყობს შემდეგი თამაშები: LightBot, Blockly, CodeCombat.

რჩევა 2:

დააინტერესეთ ბავშვები სხვა დისციპლინებით

არამარტო ფიზიკა და მათემატიკა არის პირადაპირ დაკავშირებული პროგრამირებასთან. ტექნოლოგიების სამყარო ნელ-ნელა უფრო და უფრო ვითარდება, ამიტომ დღეს IT-ინდუსტრიას სჭირდება მხატვრები, მწერლები, კომპოზიტორები და დიზაინერები. იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი ციფრული ხდება, მალე სხვა პროფესიებიც შეუერთდება მათ რიცხვს. ამიტომ პროგრამირების ცოდნა სამომავლოდ ყველა სფეროში საჭირო იქნება.

ჩვენ გირჩევთ, შეისწავლოთ თქვენი შვილის ინტერესები და ეცადოთ, ახლებურად დაანახოთ თავიანთი ჰობი. მაგალითად, თუ ბავშვს მოსწონს ხატვა – დაუყენეთ ხატვის პროგრამა ან უყიდეთ მას პლანშეტი. მიეცით მათ არც ისე რთული დავალებები ხატვაში და ყველა წარმატებული ნახატის შემდეგ დააჯილდოვეთ. ამ შემთხვევაში, მომავალში მისგან კარგი მხატვარი ან დიზაინერი გამოვა.

თუ მას მოსწონს მუსიკა, დაუყენეთ მუსიკალური აპლიკაცია პლანშეტზე. მაგალითად, Simply Piano ან Noteworks. ეს დაეხმარება მას, ისწავლოს მუსიკალური ნოტები, განივითაროს სმენის უნარი სახლის პირობებში. ხოლო, როცა კარგად ისწავლის, შესთავაზეთ, თავად დაწეროს მუსიკა და აუცილებლად დააჯილდოვეთ პრიზით. მომავალში ის შეიძლება ცნობილი კომპოზიტორი ან ხმის პროგრამისტი გახდეს.

რაც უფრო მეტი შესაძლებლობა და ცოდნა ექნება თქვენს შვილს, მით უფრო სწრაფად იპოვის თავის ადგილს სამყაროში და მიაღწევს წარმატებას.

რჩევა 3:

აჩუქეთ ბავშვს გასავითარებელი საჩუქრები

სწორი საჩუქარიც ეხმარება ბავშვს, რომ დაინტერესდეს პროგრამირებით. აი, ასეთ საჩუქრებს გირჩევთ ჩვენ:

  • კონსტრუქტორი. 80-იანი წლების შემდეგ, როცა ჯერ კიდევ ლითონის კონსტრუქტორებს იყენებდნენ, დიდი დრო გავიდა. ახლა ბავშვები აწყობენ სახლში სასახლეებს, კოსმოსურ ხომალდებსა თუ ქალაქებს. არის ასევე Lego Technic-ის ნაკრები, რომელიც საშუალებას აძლევს ბავშვებს შექმნან ისეთი რობოტები, რომელთა მართვაც შესაძლებელია. კონსტრუქტორს შეუძლია განუვითაროს ბავშვს ლოგიკური აზროვნება, მექანიკური შესაძლებლობები და, თუ ნაკრები ამის საშუალებას მისცემს, დაიწყოს რობოტტექნიკის აწყობა.
  • ფაზლი. ფაზლები ასწავლის ბავშვს ყურადღებასა და მოთმინებას და საქმის ბოლომდე მიყვანას. ეს თვისებები ძალიან სასარგებლოა პროგრამისტისთვის, რომელიც ყოველდღიურად საათობით ზის კომპიუტერთან და წერს კოდს. როცა ფაზლის აწყობა დასრულდება, შეიძლება მისი მუყაოზე დაწებება და კედელზე ჩამოკიდება. ასე ბავშვი ყოველდღე დაინახავს თავისი შრომის შედეგს და გაუჩნდება სურვილი, უფრო მეტს მიაღწიოს.
  • სამაგიდო თამაშები. ძალიან ბევრი სამაგიდო თამაში არსებობს და ყველა თავისებურად უნიკალურია. ბავშვებს ეს თამაშები უყვართ მრავალფეროვნების გამო – ჩამთრევი სიუჟეტი და საინტერესო სათამაშო პროცესი. ახალგაზრდა პროგრამისტებს დააინტერესებთ ისეთი თამაშები, როგორიცაა – Lovelace & Baggage და Robot Turtles.

რჩევა 4:

აირჩიეთ პროგრამირების სწორი ენა

ამჟამად პროგრამირების მრავალი ენა არსებობს. ზოგიერთი სპეციალიზებულია და გამოიყენება მხოლოდ ერთ სფეროში, ზოგი კი – ერთროულად რამდენიმეში. მაგალითად, Swift – ს იყენებენ iPhone-ის მობილური აპლიკაციების შესაქმნელად იყენებენ, ხოლო Java კი, ბევრად უნივერსალურია: მასი დახმარებით შეიძლება საიტების, აპლიკაციებისა და თამაშების გაკეთებაც კი.

პროგრამირების შესასწავლ პირველ ენად მასწავლებელი და პროგრამისტი, მეთიუ მექდონალდი Python-ს მიიჩნევს:

«Python – არაჩვეულებრივი პირველი ენაა ბავშვებისთვის. მას აქვს სუფთა და შედარებით მარტივი სინდაქსი, რომელსაც ბავშვი ყოველგვარი სირთულის გარეშე აითვისებს. პატარა პროგრამისტებს შეუძლიათ სწრაფად გადავიდნენ ჩვეულებრივი პროგრამებიდან თამაშების შექმნაზე.»

მაგრამ რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროგრამირების ენა? GitHub-ს თუ დავეყრდნობით, 2019-2020 წლებში ლიდერობდნენ – JavaScript, Python და Java, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამედროვე ინდუსტრიას სხვა ენები არ სჭირდება. ახლა ყველაფერია მოთხოვნადი. ამიტომ ენის არჩევისას, ჩვენ გირჩევთ იხელმძღვანელოთ არა ენის პოპულარობითა და უნივერსალურობით, არამედ – მისი მოხმარების ადგილით. თქვენს შვილს სურს შექმნას თამაშები ან პროგრამები? გააკეთოს ვებგვერდი ან მობილური აპლიკაციები? დაუსვით მათ ეს კითხვები, ხოლო შემდეგ უკვე ერთად აირჩიეთ ენა.

იმისათვის რომ დაგეხმაროთ, გთავაზობთ პროგრამირების ენების დაჯგუფებულ სიას 6 მიმართულებით:

  1. ფრონტენდი – საიტების შექმნა. ფრონტენდი პასუხისმგებელია ყველაფერი იმის შექმნაზე, რასაც თქვენ ვებგვერდზე ხედავთ: ინფორმაცია, გვერდების დიზაინი, ღილაკებზე დაჭერის მოქმედება და, მოკლედ რომ ვთქვათ, ნებისმიერი რამ, რომელიც დაკავშირებულია ვებგვერდთან. ფრონდენტში მთავარია არამხოლოდ თანმიმდევრულად და ლოგიკურად ააწყოთ ყველაფერი, არამედ სასურველია გქონდეთ კარგი გემოვნება და ერკვეოდეთ დიზაინში.
  2. ბექენდი – საიტების დამუშავება. ბექენდ დეველოპერი ქმნის პროგრამებს, რომლებიც პასუხისმგებელია ინფორმაციის გადამუშავებაში, რომელიც მიღებულია საიტისგან და აბრუნებს საიტზე საჭირო მასალებს, რათა თქვენ შეძლოთ მათი დანახვა. აქ შედის სრული ლოგიკა და ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს მას შემდეგ, როცა თქვენ აწვებით საიტის ნებისმიერ ღილაკს ან ხსნით ახალ გვერდს.
  3. მობილური აპლიკაციები – მობილური დეველოპერი ქმნის აპლიკაციებსა და თამაშებს სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის iOS-სა და Android-ზე.
  4. თამაშები – თამაშების პროგრამისტები ქმნიან თამაშებს კომპიუტერულ სისტემებზე ანუ Windows-სა და MacOS-ზე. თანამედროვე სათამაშო ინდუსტრიაში მრავლადაა IT პროფესიები და იქ საჭიროა არამხოლოდ კოდების დამწერები, ასევე – მხატვრები, მოდელიორები, კომპოზიტორები, მწერლები. იქაც არ არიან ცოტა პროგრამისტები და ყველა პასუხისმგებელია თავის საქმეზე: ვიღაც ქმნის თამაშის ძირითად სისტემას, ვიღაც – ხმას, ვიღაც აინტეგრირებს თამაშში მოდელებს, რომლებსაც მხატვარი ხატავს. სათამაშო ინდუსტრიაში ბევრი თავისუფლებაა ხელოვანი ადამიანებისთვის, ამიტომ ყველას შეუძლია იქ საკუთარი ადგილის პოვნა.
  5. კომპიუტერული პროგრამები – პროგრამისტები ქმნიან პროგრამებსა და აპლიკაციებს კომპიუტერული სისტემებისთვის: Windows, MacOS და Linux. ეს შეიძლება იყოს ტექსტური რედაქტორები, როგორიცაა – Microsoft Word, რთული ვიდეორედაქტორები – Adobe Premiere და Sony Vegas, პროგრამები მხატვრებისთვის, მაგალითად – Photoshop ან Acorn და ა.შ…
  6. სისტემა – სისტემური პროგრამისტი ქმნის პროგრამებსა და მეთოდებს, რომლებიც უსაფრთხოების პრობლების გადაჭრას უწყობენ ხელს თანამედროვე სისტემებში. აქ შედის ტრანსპორტის, ბანკისა და მომხმარებლის მონაცემების მართვის სისტემები. ეს ინფორმაცია ძალიან პირადულია და საჭიროებს დაცვას. ამიტომ სისტემური პროგრამისტი ყოველთვის იქნება მოთხოვნადი.

დაარეგისტრირეთ თქვენი შვილი კომპიუტერულ სკოლაში

კომპიუტერული სკოლა არის სპეციალიზებული ინსტიტუტი, სადაც ბავშვი ეუფლება კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, მათ შორის ლოგიკას, პროგრამირებას, თამაშების შექმნას და ა.შ.

პროგრამირება არის მომავლის პროფესია. თუ გსურთ თქვენი შვილი ამ სფეროთი დაკავდეს, სჯობს, მისი მომზადება ადრეული ასაკიდანვე დაიწყოთ. პირველ რიგში, გაიგეთ, აინტერესებს თუ არა საერთოდ მას პროგრამირება და ეცადეთ დააინტერესოთ ბავშვი თამაშებისა და საჩუქრების დახმარებით. შემდეგ კი გადადით თამაშების, წიგნებისა და კომპიუტერული სკოლის დახმარებით სწავლებაზე.

თუ ყველაფერს ასე გააკეთებთ, დიდია შანსი იმისა, რომ თქვენმა შვილმა მომავალში დიდ წარმატებას მიაღწიოს.

 

         გამოყენებული რესურსები:

Posted in ბავშვების განვითარება, პროგრამირება