fbpx
Menu Close

სტატიები

საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ოლიმპიადაზე მიემგზავრება

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOI – International Olympiad in Informatics) არის მოსწავლეთა შორის მსოფლიოში უმაღლესი რანგის შეჯიბრი პროგრამირებაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. წლევანდელი ოლიმპიადა ჩატარდება 7-15 აგვისტოს ინდონეზიაში. მასში მონაწილეობს მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნის გამარჯვებული გუნდი.

ნაკრებში მოსახვედრად მოსწავლეს რთული გზის გავლა უწევს. პირველ რიგში მან უნდა გაიმარჯვოს ინფორმატიკის ეროვნულ ოლიმპიადაზე. წლევანდელი ნაკრების ყველა წევრი მზიურელია. თითოეული მათგანი გამოცდილი ოლიმპიელია და სხვადასხვა რანგის ოლიმპიადებზე მედლები აქვთ მოპოვებული. ნაკრების წევრები არიან:

ქეთევან ციმაკურიძე
დავით მემარნიშვილი
გიორგი ჩხაიძე
ლუკა მოსიაშვილი

ნაკრების მწვრთნელები არიან: გიორგი მანდარია, ზაზა გამეზარდაშვილი, ვახტანგ შეკიშვილი და გურამ ქოთოლაშვილი.

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილეობს 1996 წლიდან. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მოსწავლეებს მოპოვებული აქვთ 7 ოქროს, 11 ვერცხლისა და 37 ბრინჯაოს მედალი. აქედან 6 ოქროს, 6 ვერცხლისა და 24 ბრინჯაოს მედალი მზიურელების მონაპოვარია.

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიები სპონსორობენ და გამარჯვებული მოსწავლეები მათი თვალთახედვის არეში ხვდებიან. ოლიმპიადიაზე გამარჯვება მოსწავლისათვის წარმატებული კარიერის მყარი საფუძველია. ნაკრების შედეგი ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარების დონის მაჩვენებლად ითვლება.

იმედი გვაქვს, რომ ნაკრების მრავალწლოვანი შრომა ამჯერადაც დაფასდება და გამარჯვებულები დაგვიბრუნდებიან.

ოლიმპიადის პირველი ტური 10 აგვისტოს, ხოლო მეორე – 12 აგვისტოს გაიმართება.

ოლიმპიადის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ საიტზე https://ioi2022.id/

ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს!

გთავაზობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტს ნაკრების შესახებ:

Posted in ინფორმატიკის ოლიმპიადა, საერთაშორისო ოლიმპიადა