fbpx
Menu Close

სტატიები

მზიურში დაბრუნებული სანდრო მირიანაშვილის ისტორია

რუბრიკა „მზიურელებში“ ჩვენს კიდევ ერთ, საკმაოდ წარმატებულ მზიურელს, სანდრო მირიანაშვილს, გაგაცნობთ.

ჩვენი ყოფილი მოსწავლე, სანდრო, ამჟამად მზიურში პროგრამირებას ასწავლის და მაქსიმალურად ცდილობს, მოსწავლეებს თავისი ცოდნა გაუზიაროს.

„ძალიან მომწონს მოსწავლები, რომელებიც დიდი ყურადღებით მისმენენ, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი წაიღონ თითოეული გაკვეთილიდან. მათი ქცევა მაძლევს უფრო მეტ მოტივაციას და ჩემს საქმიანობას უფრო საინტერესოს ხდის,“ – აღნიშნავს სანდრო.

2003-2015 წლებში სანდრო მირიანაშვილი სწავლობდა პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში. სკოლის პერიოდიდანვე დაინტერესებული იყო ტექნიკური საგნებით და ძალიან მოსწონდა მათემატიკური ამოცანების ამოხსნა.

სწორედ მისმა კლასელმა, მზიურელმა გიორგი გირკელიძემ, უამბო სანდროს მზიურზე. გიორგიმ დეტალურად გააცნო სანდროს ინფორმაცია ჩვენი სასწავლო პროცესის შესახებ და, ასევე, აჩვენა მის მიერ დაწერილი რამდენიმე პროგრამა, რაც სანდროს ძალიან მოეწონა.

სანდრო მირიანაშვილმა დეტალურად შეისწავლა მზიური, ყველა ჩვენი სასწავლო კურსი და გაარკვია, როგორ მომზადებულიყო მისაღები გამოცდისათვის, რომელიც შემდგომ წარმატებით ჩააბარა და მალევე, 2009 წლიდან, დაიწყო მისი და მზიურის ურთიერთობა.

მზიურში გატარებული 6 წელი სანდროსთვის სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება, შეიძინა ძალიან ბევრი კარგი მეგობარი, რომელთა უდიდეს ნაწილთან დღესაც აქვს ურთიერთობა.

ასევე, მზიურელია სანდროს უმცროსი ძმაც, ლუკაც, რომელიც ძმის მიღწევებით დაინტერესდა და გადაწყვიტა, ბედი ეცადა პროგრამირების სხვადასხვა მიმართულებაზე.

სკოლის დასრულების შემდგომ გადაწყვიტა, სწავლა კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე გაეგრძელებინა. ამ პერიოდში ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა ჰაკათონებში. თითოეულ ამ შეჯიბრზე ცდილობდა ისეთი პროდუქტი შეექმნა, რომელიც ადამიანებს ცხოვრებას უფრო გაუმარტივებდა.

ის იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიადის მე-3 ტურის მონაწილე, საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის ოლიმპიადის ფინალისტი, Google I/O Hackathon-ის მეორეადგილოსანი, Social Impact Awards-ში გამარჯვებული გუნდის წევრი, Garage48 Gamification Hackathon-ზე კი, პირველი ადგილი დაიკავა.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გაუჩნდა სურვილი, კვლავ დაბრუნებოდა მზიურს, ოღონდ ამჟამად მასწავლებლის ამპლუაში.

როგორც თავად აღნიშნავს, მზიურში ნასწავლი მასალა და მიღებული ცოდნა გამოადგა უნივერსიტეტში, გასაუბრებებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ბავშვობაში მხოლოდ ფილმებში თუ ნახავდა ჰაკერებსა და პროგრამისტებს, რომლებიც ერთი ხელის მოსმით სასწაულებს ახდენდნენ. ახლა კი, თავად შეძლო სასწაულმოქმედი პროგრამისტი გამხდარიყო.

სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ სანდროს რჩევები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

„მინდა მზიურის მოსწავლეებს პატარა რჩევა მივცე, რომელიც მათ გამოადგებათ მომავალში. მეტი იშრომონ, არ დაზოგონ საკუთარი თავი და ყველაფერი ისწავლონ, რასაც მასწავლებელი ასწავლით.

შეიძლება დღეს ან ხვალ ვერ მიხვდნენ, ეს საკითხები რაში გამოადგებათ, ან რისთვის უნდა დახარჯონ ამაში დრო, მაგრამ გაითვალისწინონ, რომ ტექნოლოგიების სფეროში ყველაფერი ერთმათთან კავშირშია და აუცილებელია მათი გააზრება და სწავლა.

ასევე, ხშირად დასვან კითხვები, თუ რამეს ვერ იგებენ, ეს ქცევა მათ გამოადგებათ უკეთესი შედეგის მისაღებად.

შეიძლება დღეს ან ხვალ ვერ დაინახონ თავიანთი შრომის შედეგი, მაგრამ ამ შედეგს აუცილებლად ნახავენ, როდესაც სკოლას დაასრულებენ და უფრო მეტი ეცოდინებათ, ვიდრე – სხვა მათ თანატოლებს,“ – ამბობს სანდრო მირიანაშვილი.

ასე რომ, მზიურელებო, დაუჯერეთ სანდროს და აუცილებლად დაგიფასდებათ თქვენი შრომა.

მთავარია, გჯეროდეთ საკუთარი ძალებისა და იმის, რომ მალე თქვენც ისეთივე წარმატებულები იქნებით, როგორიც სანდროა.

Posted in მზიურელები, მზიურელები მზიურელებისათვის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *