fbpx
Menu Close

სტატიები

შეხვედრა „ქართუნის“ წარმომადგენლებთან

28 ნოემბერს მზიურელები „ქართუნის“ დამფუძნებლებს – თომა ფირცხელანსა და ლუკა გოგოლაძეს შეხვდნენ ონლაინ რეჟიმში. ორივე მათგანი ყოფილი მზიურელია.

„ქართუნი“ წარმოადგენს ვებპლატფორმას, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას ავტომობილების მძღოლებსა და ხელოსნებს შორის.

სტარტაპზე მუშაობის იდეა თომა ფირცხელანს ეკუთვნის, ის დაუკავშირდა ლუკა გოგოლაძეს და ერთად გადაწყვიტეს, რომ დაეარსებინათ თავიანთი კომპანია.

თავიდან არ არსებობდა იდეა, თუმცა შემდგომ აღმოაჩინეს „სტარტაპ დრაივი“ – ავტო ინოვაციებზე მომუშავე სტარტაპებისთვის შექმნილი სააქსელერაციო პროგრამა, რომლის გენერალური სპონსორიც „თეგეტა ჯგუფი“ იყო, მათ „სტარტაპ დრაივში“ გამარჯვებული სტარტაპებისთვის 200 000 ლარიანი ინვესტიცია გამოყვეს.

სააქსელერაციო პროგრამის შესახებ მიღებული ინფორმაციის შემდეგ, ყოფილმა მზიურელებმა 15-მდე იდეა ჩამოაყალიბეს, საბოლოოდ კი, არჩევანი „ქართუნის“ შექმნის იდეაზე შეაჩერეს. სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა იმის მიზეზი, რომ „ქართუნმა“ გამარჯვება მოიპოვა და 100 000 ლარიანი ინვესტიცია მიიღო „თეგეტა ჰოლდინგისგან“, კომპანიის 10%-ის სანაცვლოდ.

დღეისათვის „ქართუნის“ გუნდი შედგება 7 წევრისგან, მათი უმეტესობა კი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტია.

შეხვედრის დასაწყისში მზიურელებს თომა ფირცხელანმა წარუდგინა პრეზენტაცია, სადაც ისაუბრა სტარტაპისა და ინოვაციების მნიშვნელობაზე.

„სტარტაპი არის დროებითი ორგანიზაცია, რომელიც ეძებს მასშტაბირებად და განმეორებად ბიზნეს მოდელს“ – აღნიშნა მან.

ლუკა გოგოლაძემ კი, კომპანიის ტექნიკური მხარე გაგვაცნო. მისი თქმით, სტარტაპერობა მეცნიერულ პროცესს წარმოადგენს, რაც გამოიხატება იმაში, რომ აყალიბებ იდეას, ქმნი პროდუქტს, იღებ ე.წ. „ფიდბექს“ და მერე იწყებ ისევ თავიდან, ოღონდ უკვე ყველაფერი დამუშავებული და სახეშეცვლილია. ასე მუშაობს „ქართუნის“ ტექნოლოგიური მხარეც. როგორც ლუკამ აღნიშნა, უკვე რაღაც პროდუქტის პირველ, მეორე, მესამე ვარიაციაზე მუშაობენ და თითოეული ვებსაიტი სხვადასხვა ნაწილის ვალიდაციას ემსახურება.

მზიურელები საკმაოდ ყურადღებით ისმენდნენ შეხვედრის თითოეულ დეტალს, რაც მათ აქტიურობაში გამოიხატა. დიდი ინტერესი გამოიწვია იმ ფაქტმა, თუ რა ენაზე წერდა კოდს კომპანიის „ბექ ენდ დეველოპერი“ – ლუკა გოგოლაძე.

 როგორც ლუკამ უამბო მზიურელებს, მან თავიდან „PHP- ით“ დაიწყო, ვინაიდან ამ ენას კარგად ფლობდა და შეეძლო სწრაფად ემუშავა, თუმცა ბოლოს „Typescript”-ზე გადავიდა, რადგან ჩათვალა, რომ „Typescript“ უფრო გამოადგებოდა და ეცადა, მალე აეთვისებინა იგი.

 „დეველოპერულ გზაზე არასდროს მიეჯაჭვოთ კონკრეტულ ენას, ყოველთვის იყავით ორიენტირებულნი პრობლემაზე და უბრალოდ, ამ პრობლემის გადასაჭრელად, თქვენი უნარების გამოყენებით, რაღაც კონკრეტული ხელსაწყო აარჩიეთ,“ – უთხრა მზიურელებს „ქართუნის“ „ბექ ენდ დეველოპერმა“.

 

საინტერესო პრეზენტაციასთან ერთად, თომა ფირცხელანმა მზიურელებს რჩევაც მისცა იმის შესახებ, თუ სად შეძლებდნენ საკუთარი სტარტაპებისთვის გრანტის მოპოვებას.

მისი თქმით, ამისთვის ერთ-ერთი საშუალება არის „ჯიტა“.

„ჯიტა“ წარმოადგენს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს. როგორც სააგენტოს გვერდზე ვკითხულობთ, მისი მისიაა საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება ეკონომიკის ყველა დარგში, ინოვაციებისა და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნა და ქვეყნის მასშტაბით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარება. დამატებით ინფორმაციას „ჯიტასთან“ დაკავშირებით, შეგიძლიათ გაეცნოთ სააგენტოს ვებგვერდზე: https://gita.gov.ge/  .

მზიურელებისა და „ქართუნის“ დამფუძნებელთა შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, კომპანიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ შეძლებენ უცხოეთის ბაზარზეც გასვლას. მზიური თავისთავად წარმატებებს უსრურვებს „ქართუნს“ და მზიურელებს კიდევ მრავალ, საინტერესო შეხვედრას გპირდებათ.

ვიდეო ჩანაწერის სანახავად იხილეთ: ლინკი

Posted in ბავშვების განვითარება, მზიურელები, უნივერსიტეტები