მზიურელები ჩვენს ყოფილ მოსწავლეს, სოფო ჩიხლაძეს, შეხვდნენ. ის მე-4 კლასელი იყო, როცა მზიურში დაიწყო სწავლა. გაიარა „ტალანტების ფაბრიკის“ ორწლიანი კურსი, თავი საოლიმპიადო ჯგუფებშიც მოსინჯა და პროგრამირების სკოლის კურსებსაც დაესწრო. ამჟამად სოფო რაისის უნივესიტეტის (ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ) მეორეკურსელი სტუდენტია, ის პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი ქართველია ამ სასწავლებელში.
სოფო ჩიხლაძემ მზიურელებს თავისი წარმატების შესახებ უამბო. მან ისაუბრა იმ გზაზე, რომლის გავლაც მოუწია იმისთვის, რომ ამერიკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩარიცხულიყო:
„ზოგადად ამერიკულ უნივერსიტეტში მოსახვედრად იყენებენ აპლიკაციას – Common App-ს, მისი შევსება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. აპლიკაციის შესავსებად უნდა წარადგინოთ თქვენ მიერ დაწერილი რამდენიმე ესე ინგლისურ ენაზე, ჩააბაროთ TOEFL-ის გამოცდა და მიიღოთ საჭირო შედეგი, ასევე, უნდა დაწეროთ თქვენი კლასგარეშე აქტივობების შესახებ და წარადგინოთ ორი მასწავლებლის რეკომენდაცია.“
რაც შეეხება დაფინანსებას, მის მოპოვებაში დიდი როლი ითამაშა სოფოს მიღწევებმა სხვადასხვა სკოლისგარეშე აქტივობებში. ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება „საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაა“, სადაც სოფოს გუნდი მე-3 ადგილზე გავიდა. „ათასწლეულების ინოვაციების“ კონკურსში კი, სოფოს გუნდმა პირველი ადგილი აიღო. ამასთან, ის დასძენს, რომ „შაბათის სკოლის“ – მოხალისეობრივი საქმიანობაც ძალიან დაეხმარა დაფინანსების მოპოვებაში.
„ჩემს სკოლაში გვქონდა ასეთი კლუბი – „შაბათის სკოლა“, სადაც დევნილ სტუდენტებს ვუტარებდით მეცნიერებისა და ინგლისურის გაკვეთლებს. ასეთი მოხალისეობრივი პროექტებიც საკმაოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან კარგად ჩანს, რომ არამარტო კომპიუტერული მეცნიერება და რობოტიკა მაინტერესებს, არამედ – ხალხის დახმარებაც.“ – აღნიშნავს სოფო.
ზოგიერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს საერთოდ არ აქვს დაფინანსება საერთაშორისო სტუდენტებისთვის, ვინაიდან მათ სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ კერძო უნივერსიტეტების უმეტესობას აქვს დაფინანსება. დაფინანსებები სხვადასხვა სახისაა. ქართველი სტუდენტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ე.წ. საჭიროებაზე დაფუძნებული დაფინანსება. ასეთი დაფინანსების შემთხვევაში უნივერსიტეტი თავის თავზე იღებს ყველა იმ ხარჯის დაფარვას, რასაც ვერ ახერხებს აბიტურიენტის ოჯახი.
საჭიროებაზე დაფუძნებული დაფინანსება ორი ტიპისაა: Need blind და Need based. Need blind გულისხმობს იმას, რომ, როცა ხდება გადაწყვეტილების მიღება სტუდენტის დაფინანსების შესახებ, არავინ უყურებს მის ფინანსურ სტატუსს, მაგრამ ეს მხოლოდ ტოპ უნივერსიტეტებში მოქმედებს. რაც შეეხება Need based, აპლიკაციასთან ერთად უყურებენ, დაფინანსება რამდენი გჭირდება და ამან შეიძლება გავლენა იქონიოს მიგიღებენ თუ არა. ძირითად შემთხვევაში კი, გაძლევენ იმდენ დაფინანსებას, რამდენიც გჭირდება. უნივერსიტეტთა უმეტესობა სწორედ Need based-ს იყენებს.
დაფინანსების კუთხით, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სწავლასთან ერთად სოფოს უფინანსებენ ცხოვრების ხარჯებს, წიგნებისა და ფრენების საფასურსაც.
რა თქმა უნდა, არ არის მარტივი ჩააბარო უცხო ქვეყანაში და სწრაფად აუღო ალღო ამერიკული უნივერსიტეტის სასწავლო კურსებს, მაგრამ სოფო ამ სირთულის წინაშე არ დამდგარა, ვინაიდან, როგორც თავად აღნიშნა, მაქსიმალურად ეცადა, კარგად ესწავლა ინგლისური, რათა შემდგომში არ გასჭირვებოდა უნივერსიტეტში სწავლა და, ამასთან, ადრე მიღებული ცოდნაც საკმაოდ გამოადგა. მაგალითად, სკოლაში ნასწავლმა „კალკულუს 1-ის“ საფუძვლებმა უფრო გაუმარტივა „კალკულუს 2-ისა“ და „კალკულუს 3“-ის გაგება უნივერსიტეტში, ასევე, გამოადგა მზიურში გავლილი „ჯავას“ კურსიც. მან ისიც აღნიშნა, რომ, გარდა ადრე მიღებული ცოდნისა, მნიშვნელოვანია გარკვეული უნარები, რაც გაამარტივებს სწავლების პერიოდს:
„მგონია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის შრომისმოყვარეობა, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიც არ უნდა იცოდე, მით უმეტეს, როცა სკოლიდან უნივერსიტეტში მიდიხარ, უნივერსიტეტში ძალიან ბევრი სწავლა მოგიწევს. ასევე, მნიშვნელოვანია, შეგეძლოს დახმარების თხოვნა იმიტომ, რომ აქ, რაც მე ძალიან მომწონს, ისაა, რომ პროფესორებსა და მათ ასისტენტებს აქვთ კონკრეტული საათები, როდესაც შეგიძლიათ მიხვიდეთ და დახმარება სთხოვოთ. ბევრ სტუდენტს ეშინია პროფესორთან მისვლის და იმის თქმის, რომ რაღაც არ ესმის, მაგრამ სინამდვილეში იმდენად უხარიათ, დაგეხმარონ, რომ საქმე გიმარტივდებათ. ასევე, გირჩევთ, ბევრი ივარჯიშოთ ინგლისურში, იკითხეთ და უყურეთ ფილმებს, რათა რაც შეიძლება ბუნებრივად შეგეძლოთ ინგლისურად კომუნიკაცია.“ – დასძინა სოფომ.
რაისის უნივერსიტეტის განსაკუთრებულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ნებისმიერ სტუდენტს აქვს საშუალება, დამატებით გაიაროს სასურველი კურსი, მაგალითად, მართალია, სოფო ჩიხლაძე კომპიუტერული მეცნიერებებით არის დაინტერესებული, მაგრამ პარალელურად ფრანგული ენის კურსსაც გადის და, ამის წყალობით, სრულიად უფასოდ გაატარა ზაფხული საფრანგეთში. ასევე, თუ ჩააბარებთ ამავე უნივერსიტეტის რომელიმე კონკრეტულ პროგრამაზე და მიხვდებით, რომ შეცდით და ეს თქვენი სფერო არ იყო, პრობლემას არ წარმოადგენს მიმართულების შეცვლა. გარდა ამისა, უნივერსიტეტი ეხმარება სტუდენტებს საზაფხულო დასაქმებაში, ასწავლის, როგორ შეადგდიგონონ რეზიუმე. სტუდენტებს ეძლევათ შანსი, უნივერსიტეტშივე დასაქმდნენ. სოფომ ეს შანსი უკვე გამოიყენა და ამჟამად პროფესორის ასისტენტია. როგორც თავად აღნიშნავს, მან კარგად ისწავლა ის კონკრეტული საგანი, სადაც პროფესორის დამხმარის პოზიციას იკავებს, შემდეგ კი მისწერა პროფესორს, თუ ჰქონდათ ადგილები მისი ასისტენტის პოზიციაზე და ასე მარტივად დაიწყო უნივერსიტეტშივე მუშაობა.
სხვათა შორის, როგორც თითქმის ყველა, რაისის უნივერსიტეტიც მართავს დასაქმების ფორუმებს, თუმცა ქართული უნივერსიტეტების დასაქმების ფორუმებისგან იმით განსხვავდება, რომ აქ დამსაქმებლებს ამაზონი, ტესლა, გუგლი, ფეისბუქი და სხვანი წარმოადგენენ.
რაისის უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრებაც საკმაოდ საინტერესოა. არის სხვადასხვა გასართობი კლუბები, მაგალითად – მუსიკალური, სპორტული და ა.შ. არსებობს მხიარული ტრადიციები, ერთ-ერთი ამგვარი ტრადიცია წელიწადში ერთხელ ველოსიპედით შეჯიბრია. ამ კონკურსის მონაწილეებმა ხუთჯერ უნდა დაარტყან წრე ველოსიპედით, შემდეგ დალიონ ერთი ბოთლი წყალი და ვინც ყველაზე სწრაფად გააკეთბს ამ ყოველივეს, ის იქნება გამარჯვებულიც. გარდა ამისა, უნივერსიტეტთან საკმაოდ ახლოს არის ბოულინგის სათამაშო დარბაზიც და უბრალოდ სასეირნო პარკიც.
სოფო ჩიხლაძე თავისი სასწავლებლით აღფრთოვანებულია და საკმაოდ წარმატებული სტუდენტიცაა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სხვა მზიურელებიც ასე გვასახელებენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. თუ ამერიკაში სწავლის გაგრძელებას გადაწყვეტთ, სოფო მაქსიმალურად ეცდება, ამომწურავად უპასუხოს თქვენს კითხვებს.
შეხვედრის ვიდეოჩანაწერი კი, შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე