fbpx
Menu Close

სტატიები

ლუკა მოსიაშვილი – მორიგი მზიურელი ამერიკულ უნივერსიტეტში

ლუკა მოსიაშვილი კიდევ ერთი წარმატებული მზიურელია. ის სწავლობდა და ასწავლის კომაროვის სკოლასა და მზიურში. ამასთან, ამზადებს დამატებით ამოცანებს ერთ-ერთი ქართული პროგრამირების ვებგვერდისთვის.

მათემატიკითა და პროგრამირებით გატაცებული, სკოლაში სწავლის პერიოდშიც აქტიურად მონაწილეობდა ოლიმპიადებში. ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ჯამში 15 მედალი აქვს აღებული. მან მოიპოვა ოქროს მედლები ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადასა (EJOI2020) და ჟაუტიკოვის (IzhO2023) საერთაშორისო ოლიმპიადაზე. მისი ყველაზე მაღალი მიღწევაა ორი ბრინჯაოს მედალი ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOI2023 და IOI2022). სასკოლო ოლიმპიადების გარდა, მე-5 ადგილზე გავიდა ჰუავეის ჰეურისტიკული პროგრამირების შეჯიბრზე, სადაც რაც შეიძლება ოპტიმალური ამოხსნა უნდა ეპოვა რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემისთვის.

სწორედ ოლიმპიადებში მიღწეული წარმატება დაეხმარა, რომ ამერიკის ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტი გამხდარიყო. 2024 წლის სექტემბრიდან ლუკა სწავლას გააგრძელებს „ვანდერბილტის“ (Vanderbilt University) უნივერსიტეტში.

„ჩემი და ბევრი სხვა მზიურელის „კოზირი“ იყო ოლიმპიადები. როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენციას უწევ სხვა ქვეყნების საუკეთესო მონაწილეებს და ახერხებ მედლის მოპოვებას, უკვე სერიოზული უპირატესობა გაქვს. განსაკუთრებით, როდესაც ეგ კონკურსი კავშირშია შენს სამომავლო პროფესიასთან. მაინც, მხოლოდ ეს არ იქნებოდა საკმარისი და დიდი ყურადღება ექცევა აქტივობებსაც. ამერიკული უნივერსიტეტები უპირატესობას ანიჭებენ მოსწავლეს, რომელიც არის აქტიური, მრავალფეროვანი, ზრუნავს თვითგანვითარებაზე და ამავდროულად ცდილობს სხვებს გამოადგეს თავისი ცოდნით. მე დიდად მრავალფეროვანი არ ვიყავი, მაგრამ განსხვავებული მათემატიკა და პროგრამირებასთან დაკავშირებული აქტივობები მქონდა, მაგალითად მასწავლებლობა, ამოცანების შექმნა და საერთაშორისო ბანაკები. საერთოდ არ არის აუცილებელი, რომ საოლიმპიადო გამარჯვებები გქონდეთ. ძალიან ბევრია წასული, ვისაც ოლიმპიადებთან შეხებაც არ ჰქონია, მათ შორის ვანდერბილტში. შეიძლება ვიღაცა საინტერესო პროექტებში იყოს ჩართული, ვიღაცა თვითმმართველობაში იყოს და მის წვლილზე გააკეთოს აქცენტი, ან სხვადასხვა რამ. როგორ წარმოაჩენთ თავს არანაკლებ მნიშვნელოვანია იმაზე, თუ რა გაქვთ გაკეთებული,“ – აღნიშნავს ლუკა.

მისივე თქმით, ამერიკული უნივერსიტეტები აპლიკანტებს ჰოლისტიკური პროცესით იღებენ, რაც თავის თავში მოიაზრებს იმას, რომ ყველა კომპონენტი, იქნება ეს – ესეები, მიღწევები, აქტივობები, გამოცდის ქულები თუ მასწავლებელთა რეკომენდაციები, მნიშვნელოვანია. ერთი ნაწილის ცოტათი ჩაგდება ან კარგად შესრულება ნამდვილად არ გადაწყვეტს თქვენს ბედს, მაგრამ კონკურენციიდან გამომდინარე, თუ რაიმე კომპონენტში მოიკოჭლებ, აუცილებლად უნდა აანაზღარო რომელიმე სხვა კომპონენტით. უნივერსიტეტი უნდა დაარწმუნოთ, რომ წარმატებული და პასუხისმგებლიანი სტუდენტი იქნებით მომავალში. შესაბამისად, სასურველია, რაიმეთი გამოირჩეოდეთ სხვა კანდიდატებისგან.

როგორც ჩვენმა რესპონდენტმა გვიამბო, იმისათვის, რომ ამერიკის უნივერსიტეტში დაიწყოთ სწავლა, SAT-ისა და TOEFL-ის გამოცდების ჩაბარება მოგიწევთ. SAT ზოგადი უნარების ინგლისურენოვანი გამოცდაა, TOEFL ამოწმებს, რამდენად კარგად იცით ინგლისური ენა. იმისათვის, რომ ეს გამოცდები წარმატებით ჩააბაროთ, აუცილებელია ინგლისურ ენას ძალიან კარგად ფლობდეთ. მე-10 კლასამდე ლუკამ ცუდად იცოდა ინგლისური, თუმცა შემდგომ ჩქარი ტემპით ისწავლა და შედაგმაც არ დააყოვნა. საკმაოდ მცირე დროში შეძლო კარგი ქულების აღება.

გარდა ინგლისური ენის გამოცდისა, ამერიკაში სწავლისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუ როგორ შეავსებთ აპლიკაციას. ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბევრი უნივერსიტეტისთვის გიწევთ აპლიკაციის გაგზავნა და უამრავი ესეს წერა. ეს ესეები უფრო სიღრმისეულია, ვიდრე – სტანდარტული, რომელსაც უცხო ენის გამოცდაში ვწერთ. ამიტომ დიდი დროა საჭირო იდეების ჩამოსაყალიბებლად, მით უმეტეს, რომ ძირითად მოთხოვნას თვითანალიზი და კრეატივი წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, მხოლოდ გამოცდების ჩაბარება და აპლიკაციის შევსება არ არის საკმარისი, იმისთვის, რომ ამერიკაში ისწავლო. მიზანდასახულობა, ინტერესი და მოტივაცია, თავისთავად უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ლუკასავით წარმატებული იყო.

„უპირველეს ყოვლისა, მე და ჩემი მეგობრები ინფორმატიკას ვმეცადინეობდით იმიტომ, რომ ეს გვსიამოვნებდა, გვაინტერესებდა და ოლიმპიადებზეც დიდ აზარტს ვღებულობდით. მაგრამ, მხოლოდ სიამოვნება, ალბათ, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რაღაცაზე მაგხელა ენერგია დახარჯო და, მართლაც, ეს ყველაფერი ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე უბრალოდ მაღალი შედეგების დადება და ტაშის დაკვრა. იმის გარდა, რომ ჩემი მიღწევები (რაშიც უზარმაზარი წვლილი მიუძღვით მზიურს და ჩემს მასწავლებლებს) საკმაოდ დამეხმარა ვანდერბილტში ჩაბარებაში, ის გამოცდილება, რაც მზიურმა და საოლიმპიადო პროგრამირების შესწავლამ მომცა, ძალიან გამომადგება ცხოვრების გზაზე. პროგრამირება ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, კრეატივს, სიზუსტეს, პრობლემების გადაჭრისა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარს და სხვა მრავალს. ასევე, სამსახურის ინტერვიუებზე გაძლევენ ამოცანებს და ცხადია, დიდი უპირატესობა გაქვს იმ კანდიდატებთან, ვინც ამ ყველაფერს მხოლოდ მრავალი წლის მერე გაეცნო. ასე რომ, კარგია, თუ ნაკრებში მოხვდებით და მედლებს აიღებთ. კარგია, თუ პრესტიჟულ სასწავლებელში ჩააბარებთ. თუმცა, ეს რომც არ გამოგივიდეთ, თქვენ მაინც ძალიან ბევრს იღებთ და ეს დრო არ არის ფუჭად დაკარგული,“ – დასძინა ლუკა მოსიაშვილმა.

სამომავლოდ, ლუკა გეგმავს, რომ Software Engineer ან Data Scientist გახდეს და იმუშავოს წამყვან კომპანიებში. ჯერჯერობით ორივე მიმართულება იზიდავს, თუმცა სამომავლოდ რომელს აირჩევს, ჯერ არ იცის. „ვანდერბილტის“ სტუდენტებისთვის მეორე წლის მეორე სემესტრამდე არც არის აუცილებელი კონკრეტული სპეციალობის არჩევა, თუმცა ლუკა ვარაუდობს, რომ Computer Science & Mathematics (Major) და Data Science (Minor)-ს აირჩევს.  კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის სიღრმისეულად შესწავლა კი, თავისთავად დიდ გასაქანს მისცემს მისთვის სასურველ ორივე სფეროში.

ამასთან, ლუკა მოსიაშვილი მზიურელებისთვისაც არ იშურებს რჩევა-დარიგებებს.

„ყოველთვის უნდა ეცადოთ, მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოთ ყველაფრისგან. მზიურელებს ვურჩევ, იაქტიურონ გაკვეთლებზე, დასვან კითხვები, ყურადღებით მოუსმინონ სხვებს და თვითონაც ჩაერთონ მსჯელობის პროცესში, მაშინაც კი, თუ არ აქვთ მთლიანი ამოხსნა მოფიქრებული. გაკვეთილი მაშინაა ყველაზე პროდუქტიული, როდესაც მასწავლებელი და ბავშვები აქტიურად ცვლიან ერთმანეთში სხვადასხვა იდეებს და მიდგომებს. თუმცა, მთავარი მაინც საკუთარ თავზე მუშაობაა. ყველა წარმატებული ოლიმპიელი დამოუკიდებლად არჩევს უამრავ ამოცანას. ასევე, უმნიშვნელოვანესია, რომ გაკვეთილზე გარჩეული ამოცანები და ალგორითმები სახლშიც გაანალიზო და დაწერო. კიდევ, მონაწილეობა მიიღეთ სხვადასხვა ონლაინ შეჯიბრებებში (ყველაზე პოპულარულია codeforces-ის კონტესტები).“

ფაქტია, ლუკა მოსიაშვილი ერთადერთი მზიურელი არ არის, ვინც შეძლო დიდი წარმატებისთვის მიეღწია და ამერიკის ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტი გამხდარიყო. ჩვენი მიზანია, გაგაცნოთ თითოეული მათგანი და ჩვენს მოსწავლეებს მივცეთ შესაძლებლობა, თავად გაესაუბრონ წარმატებულ მზიურელებს. სწორედ ამ მიზეზით, ხშირად ვმართავთ შეხვედრებს ყოფილ მზიურელებთან.  ამ ეტაპზე ჩვენი ბოლო ამგვარი შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც სიტყვით გამოვიდნენ ჩვენი ოლიმპიელები, მათ შორის იყო ლუკა მოსაშვილიც. დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ, ეწვიოთ ბმულს: შეხვედრა მზიურელებთან 

Posted in ბავშვების განვითარება, ინფორმატიკის ოლიმპიადა, პროგრამირება, საერთაშორისო ოლიმპიადა, სწავლა უცხოეთში, უნივერსიტეტები