fbpx
Menu Close

სტატიები

წარმატების გზა იაპონურ უნივერსიტეტში

უკვე ბევრჯერ გიამბეთ წარმატებულ მზიურელებზე, რომლებმაც სხვადასხვა უცხოურ უნივერსიტეტებში ჩააბარეს. ლუკა კირთაძემ მზიურში მხოლოდ ტალანტების ფაბრიკის ორწლიანი კურსი დაამთავრა. მზიურში სწავლა აღარ გააგრძელა, მაგრამ კომპიუტერული ტექნოლოგიების სფერო მისთვის პრიორიტეტული დარჩა. სხვა მზიურელებისაგან განსხვავებით, მან უპირატესობა აზიაში სწავლას მიანიჭა და დღეს იაპონიაში, კერძოდ კი, კიოტოს უმაღლეს მეცნიერებათა უნივერსიტეტში მექანიკური და ელექტრონული ინჟინერიის მე-2 კურსის სტუდენტია. ამავე უნივერსიტეტში არის რამდენიმე ლაბორატორიის წევრი და საუნივერსიტეტო კვლევაშიც აქვს მონაწილეობა მიღებული.

რა თქმა უნდა, ტრადიცია არც ახლა დაგვირღვევია და მზიურელებს მიეცათ შესაძლებლობა, ლუკა კირთაძეს შეხვედროდნენ.

ლუკა ჩვენს მოსწავლეებს განვლილ გზაზე ესაუბრა. უნივერსიტეტში ჩაბარებისას მას ძალიან დაეხმარა  Prime Study. Prime Study განათლების საკონსულტაციო ცენტრს წარმოადგენს და აძლევს საშუალებას მსურველებს, ისწავლონ უცხოეთის უნივერსიტეტებში. პირველ რიგში, განიხილავენ აპლიკანტის მიერ გასაგზავნ აპლიკაციებს, მერე კი სთავაზობენ უნივერსიტეტებს არა მხოლოდ აზიაში, არამედ – ევროპასა და ამერიკაშიც.

ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ მნიშვნელოვანია, ჩააბაროთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი რომელიმე გამოცდა როგორიცაა – IELTS, TOEFL  და სხვ. თუ ინგლისური ენის ცოდნის დონით უნივერსიტეტის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებთ, გადახვალთ ინტერვიუს ეტაპზე, სადაც მოგიწევთ უპასუხოთ ტექნიკურ შეკითხვებს და ისაუბროთ საკუთარ თავზე.

გარდა ამისა, უნივერსიტეტში მოსახვედრად მნიშვნელოვანია სკოლის გარე აქტივობები – ოლიმპიადები, სტაჟირება. ის, რაც დაგეხმარებათ, რომ იყოთ სხვა აპლიკანტებისგან განსხვავებული.

თავად ლუკამ სკოლა ინგლისში დაამთავრა, მაგრამ საქართველოში მიღებული გამოცდილება გამოადგა აპლიკაციის შევსებისას. დაახლოებით 17-18 წლის იქნებოდა, როცა ინგლისიდან საქართველოში დაბრუნდა და დაიწყო ორთვიანი სტაჟირება თბილისის აეროპორტში. ის იყო სტაჟიორი – აერო ინჟინერი. სწორედ ამ გამოცდილებამ დიდი როლი ითამაშა შემდგომ კიოტოს უნივერსიტეტში მოხვედრაზე.

მისი თქმით, ყველამ უნდა ეძებოს ისეთი სტაჟირება, რომელიც რაღაც კავშირში იქნება მათ  სამომავლო პროფესიასთან, რადგან ეს უფრო გაუმარტივებთ საქმეს, მოხვდნენ სასურველ უნივერსიტეტში სასურველ ფაკულტეტზე.

„არ აქვს მნიშვნელობა, თუ რისი სწავლა გსურს, ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც აქ მოდიხარ სასწავლად არის ის, რომ, შენი აპლიკაციის დახმარებით, დაანახო უნივერსიტეტს სწავლის სურვილი“, – აღნიშნა ლუკამ.

მისი აზრით, არ ღირს სტაჟირებისას მხოლოდ საქართველოთი შემოიფარგლოთ, რადგან დღეს ინტერნეტი გვაძლევს შესაძლებლობას, დისტანციურადაც გავიაროთ სტაჟირებები უცხოეთში. მან ისაუბრა ამერიკულ ვებსაიტზე – გლასდორზე, სადაც ინგლისურენოვანი სტაჟირებებია წარმოდგენილი და თავისუფლად შეუძლიათ მსურველებს, რომ ონლაინ სტაჟირებები გაიარონ. თუ სტაჟიორად არ აიყვანენ, უნივერსიტეტისთვის მაინც მიიღებენ გამოცდილებას გასაუბრებებში. 

კიოტოს უმაღლეს მეცნიერებათა უნივერსიტეტი ახალგახსნილია, ამიტომ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ორი ინგლისურენოვანი სპეციალობა – მექანიკური და ელექტრო ინჟინერია და ბიზნესი აქვს.

როგორც ლუკამ აღნიშნა, მექანიკური და ელექტრონული ინჟინერიის სწავლისას, აუცილებლად გაივლით ისეთ საგნებს, როგორიცაა – ფიზიკა, მათემატიკა, პროგრამირება, რობოტიკა და იაპონური ენა.

რაც შეეხება სწავლის გადასახადს, პირველი კურსის საფასური 14 000 დოლარია, დანარჩენი კურსების კი – 10 000, რაც განპირობებულია იმით, რომ პირველი წლის სასწავლო გადასახადს ლაბორატორიის გადასახადიც ემატება. თუმცა იაპონია მრავალი გრანტის აღების შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს. დაფინანსება 50%-ით იწყება, არსებობს სუპერ კუას გრანტიც, რომელიც 100% პროცენტით აფინანსებს უნივერსიტეტის გადასახადს. ამის პარალელურად, იაპონიის პარლამენტიც სთავაზობს სტუდენტებს გრანტის აღებას. ასევე, იქ ყოფნისთვის უნივერსიტეტი გიხდის 100 000 იენს, რაც დაახლოებით 1000 დოლარია.

უნივერსიტეტის კამპუსში ცხოვრება დაახლოებით თქვეში 1000 დოლარამდე დაგიჯდებათ, ამ თანხაში შედის კვებაც. ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ იაპონიას საკმაოდ კარგი ბენეფიტები აქვს სტუდენტებისთვის. არის უფასო აქტივობები, მაგალითად, მუზეუმების დათვალიერება, სამედიცინო დახმარება 70%-ით ფინანსდება და წამლებიც საკმაოდ იაფი უჯდებათ სტუდენტებს. ამასთან, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სპორტს, ამ თვალსაზრისით კიოტოს უნივერსიტეტი მრავალფეროვანია, აქ იქმნება საოლიმპიადო ჯგუფები და სწავლის პარალელურად შეგიძლიათ, საყვარელ სპორტის სახეობასაც გაყვეთ.

ლუკა სწავლის სირთულეებზეც გვესაუბრა. მისი აზრით, სწავლა რომ გაუმარტივდეთ სტუდენტებს, კარგად უნდა იყვნენ მომზადებულნი ფიზიკასა და მათემატიკაში. პირველი ორი წლის განმავლობაში საკმაოდ რთული ფიზიკა-მათემატიკა ისწავლება. ასევე, საჭიროა, ერკვეოდეთ პროგრამირებაში.

რაც შეეხება სასწავლო პროცესს, კლასები, იგივე გაკვეთილები, გრძელდება საათ-ნახევარს და დღეში საშუალოდ შეიძლება 3-დან 5 კლასამდე გქონდეთ.

რა თქმა უნდა, სწავლა რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.

„თუ არ ხარ მოტივირებული, მარტივია, რომ ჩამორჩე და გაგიჭირდეს აქ სწავლა,“ – აღნიშნა ლუკამ.

კიოტოს უმაღლეს მეცნიერებათა უნივერსიტეტში დღეისათვის დაახლოებით 5000 სტუდენტია.

აქ სწავლობენ როგორც ადგილობრივები, ისე – უცხოელი სტუდენტები 30 ქვეყნიდან. იაპონელები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ სტუდენტები თანაბრად გადაანაწილონ, სწორედ ამ მიზნით, ლუკა კირთაძის კურსზე 150 იაპონელი და 150 უცხოელი სწავლობს.

ლუკას შემდეგ კიოტოს უნივერსიტეტში კიდევ ორი ქართველი სტუდენტი მიიღეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქართველებს უფრო და უფრო მეტი შანსი ეძლევათ იმისა, რომ ისწავლონ იაპონიის უნივერსიტეტებში.

Posted in ბავშვების განვითარება, მზიურელები, სწავლა უცხოეთში, უნივერსიტეტები