fbpx
Menu Close

სტატიები

რეალობად ქცეული ჰობი – გიორგი ისაიაშვილის ისტორია

ალბათ, უკვე ხვდებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მზიურისთვის თითოეული მზიურელის მიღწევები. სწორედ ამისთვის არსებობს ჩვენი რუბრიკაც.

დღეს კიდევ ერთ წარმატებულ მზიურელს, გიორგი ისაიაშვილს, გაგაცნობთ.

ბავშვობიდანვე მათემატიკის სიყვარულმა და მეზობლის რჩევამ, გიორგი მზიურში მოიყვანა. მართალია, იმ დროს დაახლოებით 12-13 წლის იყო, თუმცა მაინც შეძლო ჩვენთან მოსახვედრი გამოცდის წარმატებით ჩაბარება.

როგორც თავად აღნიშნავს, დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს გამოცდა მისთვის უმარტივესია, თუმცა ბავშვობაში ძალიან დიდ სირთულედ აღიქვა:

„მზიურში მომიწია ჩამებარებინა გამოცდა, რომელიც, ახლა რომ ვუფიქრდები, იდეაში ძალიან მარტივი იყო, თუმცა იმ დროისთვის – საკმაოდ რთული. სირთულეს  წარმოადგენდა ის, რომ, რაც მისაღები გამოცდის საკითხებში ეწერა, არაფერი ვიცოდი, მსგავსი ცოდნა არასდროს მიმიღია, მზიურში  სპეციალურად მომზადებული ბავშვები მოვიდნენ.

თავიდან დავიბენი, მაგრამ, საბოლოოდ, როგორც აღმოჩნდა, გარკვეული ლოგიკური დასკვნები გამიკეთებია და გამოცდა ჩავაბარე,“ _ აღნიშნავს გიორგი.

გიორგი მზიურში დაახლოებით 4-5 წლის განმავლობაში სწავლობდა.  ჩვენთან სწავლის პერიოდში მიხვდა, რომ პროგრამირებით საკმაოდ დაინტერესებული იყო. ბავშვობაში თუ რამე პრობლემის წინაშე დადგებოდა, ყოველთვის ცდილობდა, ეპოვა გამოსავალი და სწორედ ამ მიდგომამ და მზიურში ლოგიკური ამოცანების ამოხსნისას მიღებულმა სიამოვნებამ, ის პროგრამირებასთან დააახლოვა.

მზიურში სწავლის დამთავრების შემდგომ, დროებით მიივიწყა ბავშვობის ჰობი და სხვა სფეროებზე გადაერთო.

სკოლა რომ დაასრულა, ჩააბარა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მრავალფეროვნების მოყვარულმა გიორგიმ მაგისტრატურაზე სწავლა ტურიზმის მიმართულებით განაგრძო, შემდგომ ისევ ბაკალავრიატზე ჩააბარა, რადგან ფილოსოფიით დაინტერესდა. ამჟამად მაგისტრატურას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით სწავლობს.

ბავშვობისდროინდელი, მივიწყებული ჰობი მეგობარმა გაახსენა.

„ჩემმა მეგობარმა გადაწყვიტა, საერთო მეგობარი პროგრამირებაში ემეცადინებინა. ეს რომ გავიგე, დავესწარი მის ორ გაკვეთილს, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და  მეცადინეობა დავიწყე. უნებისყოფობის გამო სამჯერ დავანებე პროგრამირების სწავლას თავი, მაგრამ  მეოთხედ  აღარ შევეშვი,“ – ამბობს გიორგი.

როგორც თავად აღნიშნავს, უნებისყოფობა დააძლევინა იმ შეგრძნებამ, რასაც სირთულეებისთვის თავის გართმევა ჰქვია.

მოტივირებულმა მზიურელმა გადაწყვიტა, თავისი ჰობისთვის მიეხედა და დიდი შემართებით შეუდგა მეცადინეობას.

ორი წლის განმავლობაში ემზადებოდა პროფესიონალ რეპეტიტორთან – დავით დვალთან. მეცადინეობა სამსახურივით ჰქონდა, დილიდან საღამომდე, დღეში დაახლოებით  7-8 საათს, კოდის წერაში ატარებდა. ერთი პერიოდი, როცა ფიტნეს დარბაზში დადიოდა, სარბენ ბილიკზეც კი თუთორიალი ჰქონდა ჩართული.

ყოველთვის წინსწრებით მეცადინეობდა, თუმცა ერთ დღეს, გაკვეთილზე მისვლა რომ ვერ მოახერხა, მასწავლებელი და ჯგუფელები გაეხუმრნენ, გაუგზავნეს დავალება, რომელიც შემდეგი დღისთვის უნდა შეესრულებინა.

რადგან ბოლო გაკვეთილს ვერ დაესწრო, არ იცოდა, მოცემული დავალებისთვის თავი როგორ გაერთვა, თუმცა მაქსიმალურად შეეცადა, საკითხი ლოგიკურად გადაეწყვიტა.

მეორე დღეს, გაკვეთილზე რომ მივიდა, მასწავლებელი გაოგნებული დარჩა მაღალ დონეზე შესრულებული დავალებით, რომელიც რეალურად არც ჰქონდა და უბრალოდ სახუმაროდ შესთავაზეს.

ორწლიანი მეცადინეობის შემდეგ,  მუშაობა დაიწყო.

2017-2018 წლებში Doso Management-ში მუშაობდა როგორც Junior Software Developer-ი, 2018-2019 წლებში – Lemondo Business-ში, როგორც – Software Developer-ი, 2019-2020 წლებში ალდაგში Full Stack Developer-ი იყო, ხოლო 2020 წლის ნოემბრამდე Singular-ში – Back End Developer-ი, ამჟამად TBC Pay-ში Software Development Team Lead-ის პოზიციას იკავებს.

კომპანია Lemondo-ში გასაუბრებაზე წამოსცდა, რომ აპირებდა მაიქროსოფტის სერტიფიკატის აღებას, ამიტომ, მეტი მოტივაციისთვის, საცდელი პერიოდი მისცეს. თუ 3 თვეში სერტიფიკატს აიღებდა, მაშინ მუშაობის გაგრძელებას შეძლებდა.

გიორგიმაც, რა თქმა უნდა, მოინდომა და მალევე მიაღწია მიზანს.

ყოფილ მზიურელს ყოველთვის სურდა, უფრო მეტი გამოცდილება მიეღო და მასწავლებლობა ეცადა, ამიტომ მზიურისგან მიღებულ შემოთავაზებას იმის თაობაზე, რომ  C Sharp-ი ესწავლებინა, მალევე დათანხმდა.

როგორც მასწავლებელი, მოსწავლეებს ურჩევს, რომ სწორად გამოიყენონ მასწავლებლის რესურსი და არ ჰქონდეთ იმის ფანტაზია, რომ, სახლში დამოუკიდებლად მეცადინეობის გარეშე,  კვირაში 4-5 საათი  რამე შედეგს გამოიღებს.

„სტუდენტმა საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს, სწორად გამოიყენოს ჩემი რესურსი, რაშიც  ვგულისხმობ იმას, რომ, თუ პრობლების გადაჭრას ვერ ახერხებს და უჭირს სწორ პასუხამდე მისვლა, ჩემთან მოვიდეს და აუცილებლად დავეხმარები.

სტუდენტს არ მივცემ თევზს, მაგრამ მივაწვდი ანკესს, ვასწავლი თევზაობას, ვეტყვი, როგორ მოძებნოს ის ადგილი, სადაც ბევრი თევზის დაჭერას შეძლებს.

რა თქმა უნდა, იქ, სადაც ბევრი თევზია, თავისით უნდა მივიდეს, მე მხოლოდ გზას მივასწავლი, უბრალოდ არასდროს მივიყვან ჩემით იმ ადგილას, არც ანკესის ჩაგდებაში დავეხმარები და არც თევს დავიჭერ მის ნაცვლად,“ – დასძენს გიორგი ისაიაშვილი.

სამომავლოდ გიორგი საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავს, აქვს დიდი სურვილი, რომ საკუთარი IT კომპანია შექმნას, თუმცა მანამდე TBC Pay-ში აპირებს დარჩენას და, როდესაც დასახულ მიზნებს კომპანიაში რეალობად აქცევს, საერთაშორისო ბაზარზე მოხვედრისთვის ზრუნვასაც დაიწყებს.

იმისთვის, რომ წარმატებული იყოს, ფიქრობს, საკუთარი თავი მაქსიმალურად უნდა გამოწუროს.

თუ გსურთ, თქვენც იყოთ წარმატებული, ისწავლეთ გიორგისგან, როგორ უნდა იშრომოთ, არასდროს დაკარგოთ მოტივაცია და იცოდეთ, რომ ყოველთვის მიაღწევთ სასურველ მიზანს.

Posted in მზიურელები, მზიურელები მზიურელებისათვის, პროგრამირება