მემორანდუმი მშობლებთან

მემორანდუმი მშობლებთან


ძვირფასო მშობელო, გთხოვთ გაეცნოთ ამ დოკუმენტში მოცემულ ინფორმაციას. ეს გაგვიადვილებს ორივე მხარეს ურთიერთობას, დაგვიზოგავს დროს და წარმატებული თანამშრომლობის შანსებს გაზრდის. მას შემდეგ, რაც თქვენი შვილი ჩაირიცხება მზიურში და ხელშეკრულებას მოაწერთ ხელს, ეს დოკუმენტი იქნება მისი განუყოფელი ნაწილი. მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა დაფუძნებული იქნება ამ დოკუმენტზე.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მშობლების გარკვეული დოზით ჩართულობა სასწავლო პროცესში, განსაკუთრებით სწავლების საწყის ეტაპზე, სასურველია. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი შრომა, მიღწევები თუ დროებითი წარუმატებლობები მშობლებისთვის მნიშვნელოვანია.

მზიურში სწავლა მიმდინარეობს ორი ფორმით: დასწრებულ და ონლაინ რეჟიმში. საჭიროების შემთხვევაში გვაქვს ისეთი ჯგუფების შეთავაზებაც, როცა კვირაში ერთი მეცადინეობა ტარდება დასწრებულად, ხოლო მეორე – ონლაინ. პირველწლიანებისთვის ჩვენი  რეკომენდაციაა დასწრებული ფორმა (გამონაკლისია მოსწავლეები რეგიონებიდან, ასევე, თუ განსაკუთრებული საჭიროებაა ონლაინ სწავლების). ფორმა, რომელსაც მოსწავლე სასწავლო წლის დასაწყისში აირჩევს, შენარჩუნდება წლის ბოლომდე. დასწრებული სწავლების შემთხვევაში ონლაინ დასწრება ძალიან შეზღუდულია და შესაძლებელია მხოლოდ იშვიათი გამონაკლისის შემთხვევაში, წინასწარი შეთანხმებით.  ეს აიხსნება იმით, რომ შერეული (ჰიბრიდული) სწავლებისას ვერ მიიღწევა სასურველი ხარისხი. ონლაინ სწავლების შემთხვევაში, ხელშეკრულებას ექნება დანართი, რომელშიც აღწერილი იქნება ამ ფორმით სწავლების სპეციფიკები და, რომელიც აუცილებლად უნდა დავიცვათ. 

მზიურში, ყველა მიმართულებაზე, მიღება ხდება გატესტვა-გასაუბრებით. გატესტვა ხდება აზროვნებაში, ლოგიკური ტიპის ამოცანების საშუალებით, რომლის მსგავსიც შეგიძლიათ იხილოთ აქ. ტესტირების მთავარი მიზანია მოსწავლეს შევთავაზოთ მისთვის მიზანშეწონილი კურსი. საბოლოო არჩევანი ეკუთვნის მოსწავლესა და მშობელს.

აღსანიშნავია, რომ მზიურში სწავლა მრავალწლიანი და მრავალსაფეხურიანია (იხ. სტრუქტურა), მაგრამ გატესტვა-გასაუბრება ხდება მხოლოდ პირველ წელს. შემდეგი სასწავლო წლების მიმართულებების არჩევა ხდება პედაგოგისა და მზიურის რეკომენდაციის საფუძველზე და, რა თქმა უნდა, მოსწავლისა და მშობლის თანხმობით. რეკომენდაციის გაცემა დამოკიდებულია წინა სასწავლო წლის აკადემიურ მოსწრებასა და წლიურ შეფასებაზე.

მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მიმდინარეობს პროცესის მონიტორინგი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა აქტივობებს:

მოსწავლის შეფასებები ხდება გაკვეთილზე აქტიურობის, სახლში დამოუკიდებლად მუშაობისა (საშინაო დავალებები) და საკონტროლოების (ასევე ქვიზები, პროექტები) მიხედვით. ყურადღებას გავამახვილებთ დავალებებზე, რადგან  ერთერთი მთავარი მიზეზი, რამაც შეიძლება წარმატების რთულ გზაზე ხელი შეგვიშალოს, არის არასაკმარისი დამოუკიდებელი მუშაობა. მზიურში მოქმედებს ე.წ. «დავალების შესრულების ოქროს წესი», რაც გულისხმობს საშინაო დავალების შესრულებას მთელი კვირის მანძილზე მცირე-მცირე დოზებით. თუ საშინაო დავალების შესრულებას მეცადინეობის წინა დღეს დაიწყებენ, სავარაუდოდ, მასწავლებლის ახსნილი მასალიდან ბევრი აღარაფერი ემახსოვრებათ.           

სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ – სემესტრების ბოლოს (თარიღები დამატებით გეცნობებათ) გვექნება ონლაინ საანგარიშო შეხვედრა მშობლებთან, რომელზეც გაეცნობით გავლილი სემესტრის შედეგებს და მომავალი სემესტრის გეგმას. თითოეული მშობელი მიიღებს ინფორმაციას მისი შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ. ამ ინფორმაციაში გარდა რიცხობრივი მონაცემებისა (მეცადინეობებზე დასწრება, გაკვეთილზე მუშაობა, საშინაო დავალებების, საკონტროლო თუ დამოუკიდებელი სამუშაოების ქულები, პროექტების შეფასებები და სხვა) იქნება მასწავლებლ(ებ)ის მიერ მოსწავლის მოკლე სიტყვიერი დახასიათებაც. 

ამ ორი შეკრების გარდა, იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაცია საჭიროდ მიიჩნევს მშობლის ინფორმირებასა და ჩართულობას, ელ. ფოსტის საშუალებით გზავნის ინფორმაციას. სასურველია მშობელმა ინფორმაციის მიღების დასტური ან  პასუხი დააბრუნოს წერილის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში. გარდა ამისა, მშობელს, საჭიროებისას, შეუძლია ჰქონდეს წერილობითი კომუნიკაცია უშუალოდ პედაგოგთან ან, გამონაკლის შემთხვევაში, ტელეფონითაც.

მზიური მშობლებს გთავაზობთ მოსწავლეთა დასწრებისა და მუშაობის შეფასების მონიტორინგის გაზიარებულ სისტემურ უზრუნველყოფას. სისტემა საშუალებას გაძლევთ, რომ თვალი ადევნოთ მზიურის სასწავლო პროცესს და მუდმივად იყოთ საქმის კურსში. 

სასწავლო წლის დაწყებიდან დაახლოებით მე-3 ან მე-4 კვირას გვექნება ონლაინ ჩართვა, სადაც მშობლებს გავაცნობთ იმ სისტემური ინსტრუმენტების მოხმარებას, რომლითაც ისინი შეძლებენ ბავშვის მუშაობისა და შეფასებების თვალის დევნებას. 

მზიურში გაცდენებზე მკაცრი კონტროლია. გარდა ავადმყოფობისა, თითქმის დაუშვებელია გაკვეთილის გაცდენა, რადგან ის იწვევს მოსწავლის ჩამორჩენას სასწავლო პროგრამისგან და შეუძლებელია ინდივიდუალურ რეჟიმში მისი აღდგენა. ისევ მოსწავლემ უნდა მოახერხოს ეს პორტალზე ატვირთული მასალებითა და დავალებებით. თუმცა გვაქვს საპატიოდ გაცდენილი გაკვეთილებით გამოწვეული ხარვეზების აღმოფხვრის გარკვეული მექანიზმები: ა) პედაგოგისთვის შეკითხვების მიწერა მეილზე,  ბ) ე.წ. შემაჯამებელი (გამეორების) გაკვეთილი, რომელიც პერიოდულად (თუ საჭიროება მოითხოვს) ტარდება და სადაც გავლილი თემის ირგვლივ, გაუგებარი საკითხების შესახებ იქნება საუბარი. ასეთი გაკვეთილ(ებ)ი გათვალისწინებულია სასწავლო პროგრამაში. გ) არის პრაქტიკაში დამატებითი გაკვეთილ(ებ)ის ჩატარება, რომელიც არ შედის სასწავლო პროგრამაში და პედაგოგის დამატებით ანაზღაურებას უზრუნველყოფს მზიური. დამატებითი გაკვეთილის საჭიროებას პედაგოგი განსაზღვრავს.

მზიურში სწავლის საფასური დადგენილია მიმართულებების მიხედვით. გადახდა იყოფა სამ ნაწილად: პირველი - სწავლის დაწყებისთანავე, მეორე - 15 დეკემბრამდე და მესამე -  15 მარტამდე. გადახდის ვადების დაცვა აუცილებელია. ვიტოვებთ უფლებას, სამჯერ შევახსენოთ მშობლებს გადასახადის შესახებ. თუ არც ერთხელ არ იქნა რეაგირება (უახლოესი გადახდის თარიღის მითითება), მოსწავლეს შეუწყდება სტატუსი საფასურის გადახდამდე.


May 10 2024