ევროპის მე-5 ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში EJOI 2021

ევროპის მე-5 ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში EJOI 2021

24-28 აგვისტოს გაიმართა ევროპის მე-5 ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომელშიც ევროპის 30 ქვეყნის 172 მოსწავლე მონაწილეობდა. ოლიმპიადა, ისევე, როგორც შარშან, წელსაც ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

წლევანდელ ოლიმპიადას რუმინეთმა უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ შარშან, ევროპის მე-4 ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყნა საქართველო იყო. წელს ოლიმპიადის ორგანიზატორებმა მონაწილე ქვეყნებს 2 გუნდის (ერთი ოფიციალური და ერთი არაოფიციალური) წარდგენის საშუალება მისცეს. ოლიმპიადის წესების მიხედვით გუნდში 4 მოსწავლეა, რომელთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 15 წელს.

საქართველოს ორივე ახალგაზრდული ნაკრები, ისევე, როგორც ეროვნული ნაკრები (სულ 12 მოსწავლე) ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადისა და ნაკრების შესარჩევი ტურნირის შედეგების მიხედვით მთლიანად მზიურელებით იყო დაკომპლექტებული. ახალგაზრდულ ნაკრებებში შედარებით მცირე ასაკის, გამოუცდელი მოსწავლეები მოხვდნენ, რომლებიც პირველად მონაწილეობდნენ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრში. საქართველოს გუნდების შემადგენლობა შეგიძლიათ იხილოთ ოლიმპიადის ოფიციალურ საიტზე https://sepi.ro/ejoi-team/32/2021

ნაკრების ხელმძღვანელის, გოჩა მანდარიას შეფასებით ქართველმა მონაწილეებმა “საკმაოდ კარგად იმუშავეს და დიდი გამოცდილებაც მიიღეს, რაც მათ აუცილებლად გამოადგებათ მომავალში ევროპის და მსოფლიო ოლიმპიადებში მონაწილეობისას (ზოგ მათგანს ახლანდელი მცირე ასაკის გამო კიდევ ორჯერ ექნება ანალოგიურ ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება)”.

ოფიციალური გუნდის ორმა უფრო გამოცდილმა მონაწილემ, ნინო ჩხაიძემ და თარაშ დოლაბერიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ნაკრების (როგორც ეროვნული, ასევე ახალგაზრდული) წევრების მზიურში სწავლის საფასურს სკოლის დამთავრებამდე მზიურის წარმატებული კურსდამთავრებულები გადაიხდიან.

მზიურის დირექცია ულოცავს გამარჯვებას მონაწილეებსა და მათ მასწავლებლებს და შემდგომ წარმატებას უსურვებს.

Sep 3 2021