ტალანტების ფაბრიკა

ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა - ტალანტების ფაბრიკა

 თუ თქვენი შვილი სწავლობს თბილისის რომელიმე სკოლის მე-4, მე-5 ან მე-6 კლასში (გამონაკლის შემთხვევებში მე-3 ან მე-7 კლასში) და მიგაჩნიათ, რომ მას აქვს გამორჩეული ინტერესი და მიდრეკილება მათემატიკისადმი, ეხალისება და ეადვილება მათემატიკურ-ლოგიკური ამოცანებისა და თავსატეხების ამოხსნა და გინდათ, რომ იგი მოხვდეს მისი ნიჭის თვითრეალიზაციისა და სრულყოფის სათანადო გარემოში, ასეთ შემთხვევაში მზიურის ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა თქვენთვისაა.

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მზიურში მოქმედებს ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა, რომელიც ქმნის საუკეთესო სასწავლო გარემოს მოსწავლეებისთვის, ვისაც მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარება, დაპროგრამებისა და ალგორითმიზაციის საფუძვლების სიღრმისეული შესწავლა სურთ. აქ მათ ხვდებათ საკუთარი ტალანტის განვითარებისა და საუკთესო სასწავლო გამოცდილებების მიღების შესაძლებლობა, ამიტომაც ვუწოდეთ პროგრამას “ტალანტების ფაბრიკა”.

ჩვენთან სწავლის პერიოდში მოსწავლეებს ბევრი სხვადასხვა შესაძლებლობა ეძლევათ იმისათვის, რომ გამოცადონ საკუთარი თავი, მიიღონ მრავალფეროვანი ცოდნა და გამოცდილება. ჩვენი მოსწავლეები მუდმივად მონაწილეობენ მათემატიკისა და ინფორმატიკის ადგილობრივ და საერთაშორისო ოლიმპიადებში, სადაც ხშირად იმსახურებენ უმაღლეს ჯილდოებს. ჩვენ ვამაყობთ მზიურელების შთამბეჭდავი მიღწევებით ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადებზე - მათ მიერ მოპოვებულ ჯილდოებს შორისაა 6 ოქროს, 6 ვერცხლისა და 24 ბრინჯაოს მედალი.

სწორედ ასეთი გამოცდილებები ეხმარება მათ მომავალში დაფინანსება მოიპოვონ და სწავლა გააგრძელონ მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო უნვერსიტეტებში, როგორიცაა Massachusetts Institute of Technologies (MIT), American Military Academy (West Point), ფლორიდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და სხვა. გარდა ამისა, ჩვენი კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან ისეთ წამყვან კომპანიებში, როგორიცაა Google, Microsoft, Facebook, Dropbox, Quora, Palantir, Asana და სხვ.

ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა მუდმივად ვითარდება და დღეისათვის იგი ხუთი ძირითადი საფეხურისაგან შედგება:

1. მზიურის მათემატიკური ინტერნეტ-შეჯიბრიმთელი სასწავლო წლის განმავლობაში მიმდინარეობს დაუსწრებელი ტურების სახით. მონაწილეობენ მე-4 და მე-5 (შესაძლებელია მე-3 და მე-6) კლასის მოსწავლეები თბილისისა და სხვა ქალაქების სკოლებიდან. ყოველი დაუსწრებელი ტურისთვის საიზე (http://www.concurs.mziuri.ge/) გამოიკიდება ხოლმე 5 მათემატიკურ-ლოგიკური ტიპის ამოცანა, რომლებიც მოსწავლეებმა უნდა ამოხსნან და ამოხსნები ელექტრონული დოკუმენტის სახით გამოაგზავნონ მითითებულ ვადაში. ამის შემდეგ ეს ამოხსნები განიხილება, შეფასდება და გამოქვეყნდება გავლილი ტურის ანალიზი (ამოცანების ამოხსნები, შეფასების სქემა, მოსწავლეთა შედეგები და მათი კომენტარები). ინტერნეტშეჯიბრი ერთგვარი დისტანციური სწავლების სკოლაა, რომლის მიზანია ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენა.

2. მათემატიკური კონკურსი ”იმედი ხვალის” (www.imedi.mziuri.ge/) კონკურსი ტრადიციულად იმართება სასწავლო წლის ბოლოს. მასში მონაწილეობას იღებენ თბილისის სკოლების III-VI კლასების ის მოსწავლეები, რომლებიც გამოირჩევიან მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნებით. ეს კონკურსი გარკვეულწილად ინტერნეტშეჯიბრის გაგრძელებაა და მისი ერთგვარი ”დასკვნითი ნაწილია”. კონკურსი შედგება პირველი და მეორე ტურებისგან და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიისგან.

3. ლოგიკის სასწავლო კურსი IV-VI კლასელთათვის. ეს კურსი განკუთვნილია მხოლოდ ლოგიკის შესწავლის მსურველთათვის და, ამასთან, განიხილება ერთგვარ მოსამზადებელ ეტაპად "ტალანტების ფაბრიკის" პროგრამისათვის. მეცადინეობები კვირაში ერთხელ 1.5 სთ-ს ხანგრძლივობით.

4. დაწყებითი ორწლიანი კურსიამ პროგრამაში მოსახვედრად თბილისის სკოლების მე-5 და მე-6 (იშვიათად მე-4 და მე-7) კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასაწყისში აუცილებლად უნდა გაიარონ ტესტირება - გასაუბრება. ტესტირების შედეგების მიხედვით კოპლექტდება სასწავლო ჯგუფები, რომლებიც ორი წლის განმავლობაში სწავლობენ ჩვეულებრივი და მსუბუქი პროგრამით. კვირაში აქვთ სამი მეცადინეობა - დაპროგრამების საფუძვლები, მათემატიკურ-ლოგიკური ამოცანების ამოხსნა, ალგორითმების საფუძვლები. თითოეული მეცადინეობის ხანგრძლივობა 1.5 სთ-ია. სწავლების პროცესი საკმაოდ დატვირთულია საშინაო დავალებებითა და საკონტროლო წერებით. ორწლიანი კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, შეუერთდნენ საოლიმპიადო ან პროგრამირების სკოლის ჯგუფებ.

5. საოლიმპიადო და დაპროგრამების ჯგუფები. ამ ჯგუფების მოსწავლეები გაღრმავებულად ეუფლებიან ალგორითმიზაციის საფუძვლებს, საოლიმპიადო ამოცანების ამოხსნის მეთოდებსა და დაპროგრამების ხელოვნებას. პროგრამირების სკოლის მოსწავლეები ეუფლებიან პროგრამირების ენებს, როგორიცაა C++, C#, Java, Python, ასევე, ვებგვერდების და კომპიუტერული თამაშების შექმნის ტექნოლოგიას. სწორედ ამ ჯგუფების მოსწავლეები აღწევენ წარმატებებს ინფორმატიკის ოლიმპიადებსა და კონფერენციებში.

„ტალანტების ფაბრიკის“ განვითარების დინამიკა გვიჩვენებს, რომ ამ პროექტის საზოგადოებრივი ღირებულება დღითიდღე მატულობს. ის მზიურის საქმიანობის ცენტრალური ღერძია, ვინაიდან ორიენტირებულია ტალანტების აღმოჩენასა და მათთვის საუკეთესო სასწავლო გარემოს შექმნაზე. ეს პროგრამა ხელს უწყობს ნიჭიერ და მონდომებულ ბავშვებს, ადრინდელი ასაკიდანვე ჩაუყარონ მყარი საფუძველი და მიიღონ სიღრმისეული ცოდნა ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, რაც მათ ეხმარება კარიეულ წარმატებაში საერთაშორისო მასშტაბით.

უფრო დაწვრილებით „ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამის“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ „მშობლის სამახსოვროში“.

Jul 27 2020