fbpx
Menu Close

სტატიები

მზიურელები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში

მზიური აგრძელებს მოსწავლეების კურსდამთავრებულებთან შეხვედრის ტრადიციას, რომელსაც დიდი ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი. წარმატებული ყოფილი მზიურელები ჩვენს ამჟამინდელ მოსწავლეებს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას.

სხვადასხვა უნივერსიტეტების  სტუდენტებთან შეხვედრით, ძირითად, მაღალკლასელები არიან დაინტერესებულნი. ამ დროს მათ აქვთ შესაძლებლობა, უშუალოდ სტუდენტებისაგან მიიღონ ინფორმაცია კონკრეტული უნივერსიტეტის შესახებ. ზოგიერთ მათგანს უკვე წელს, დანარჩენებს კი 1-2 წლის შემდეგ მოუწევთ არჩევანის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებენ სწავლას. ბუნებრივია, რომ ყველას სურს, რაც შეიძლება კარგად იყოს ინფორმირებული სხვადასხვა უნივერსიტეტის შესახებ, რათა მისთვის ყველაზე მეტად მიზანშეწონილ სასწავლებელზე შეაჩეროს არჩევანი.

წლევანდელი შეხვედრების ციკლი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ონლაინშეკრებით დავიწყეთ. ეს უნივერსიტეტი სრულიად ახალია, წელს ჰქონდა პირველი მიღება და მის შესახებ, ბუნებრივია, ინფორმაცია ძალიან მწირია.

სწორედ ამ მიზეზით 3 მარტს ჩვენი მოსწავლეები შეხვდნენ მზიურის კურსდამთავრებულებს – თომა ფირცხელანს, ეკატერინე ჯავახიშვილს,  დავით პეტრიაშვილსა და ლუკა სამხარაძეს, რომლებმაც ამომწურავი პასუხი გასცეს მაღალკლასელ მზიურელთა კითხვებს.

თომა ფირცხელანი მეოთხე კლასში იყო, როცა მზიურელობა ერგო წილად. როგორც თავად აღნიშნავს, მათემატიკასა და პროგრამირებასთან პირველად სწორედ მზიურმა დააკავშირა.

თომამ ოქროს მედალზე დაამთავრა „კომაროვი“. სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ გეგმავდა, თუმცა მიხვდა, რომ ამისთვის მზად არ იყო, ამიტომ, სანამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლას გადაწყვეტდა, მისი ფიქრები თავისუფალი უნივერსიტეტისკენ იყო მიმართული.  მიუხედავად ამისა, თავის არჩევანს არ ნანობს და ძალიან ბედნიერია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტია.

 „ქუთაისის საეთაშორისო უნივერსტიტეტში რაც დამხვდა, მოლოდინს გადააჭარბა. საკმაოდ ბევრ მასალას გვაწვდის უნივერსიტეტი. პროფესორი აგიხსნის რა, როგორ უნდა გააკეთო, გასწავლის გზას, მაგრამ დანარჩენი შენს მონდომებაზეა დამოკიდებული, პირადად ჩემთვის ეს მოდელი ძალიან მისაღებია. ვსწავლობთ ისეთ საგნებს, რომელიც სხვა უნივერსიტეტებში არ ისწავლება. ბედნიერი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩავაბარე,“- აღნიშნავს თომა.

თომასგან განსხვავებით, ეკატერინე ჯავახიშვილი კომაროვში არ სწავლობდა. მან 53-ე სკოლა დაამთავრა და პარალელურად გაიარა მზიურში C++ -ის ერთწლიანი კურსი.

 „ ქუთაისის უნივერსიტეტი იყო შანსი, მიმეღო საერთაშორისო განათლება საქართველოში. სანამ ქუთაისის უნივერსიტეტზე გავიგებდი, ვაპირებდი უცხოეთში სწავლის გაგრძელებას, თუმცა შემდგომ გეგმები შემეცვალა. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. გვასწავლიან როგორც ქართველი, ასევე – მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორები. ჩემი იმედები საკმაოდ გამართლდა. თუ ტემპს აყვები და საკუთარ თავზე იმუშავებ, ყველაფერი გაგიმარტივდება,“ – ამბობს ეკატერინე.

დავით პეტრიაშვილმა ქალაქ რუსთავის სკოლა – „ რეცა“ დაამთავრა. მზიურში ორი წლის განმავლობაში სწავლობდა. პირველ წელს C++-ის კურსი გაიარა, მეორე წელს კი – C sharp-ის პირველი ნაწილი.

კურსელებისგან განსხვავებით, დავითი ქუთაისის უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურაზე გვესაუბრა:

„ უნივერსიტეტს აქვს თავისი კამპუსი, დიდი სივრცე. კამპუსში შეგიძლია იცხოვრო როგორც ცალკე, ასევე – მეგობართან ერთად. აქ თანაკურსელები მეზობლები ვართ, რაც გუნდურ მუშაობაში გვეხმარება. თანაც, ერთად მეცადინეობა ბევრად სახალისოა.

ოთახები ძალიან კომფორტულია, კამპუსი ხუთვარსკვლავიან სასტუმროსაც კი შეგვიძლია შევადაროთ.

გვაქვს, ასევე, ველობილიკიც. შენობის ერთ მხარეს არის პატარა ტყე, მეორე მხარეს კი – ტბა. მართალია, ამ დროისათვის ტბა გასაწმენდია, მაგრამ, როცა სამუშაოები დასრულდება, ძალიან ლამაზი ხედი გადაიშლება.“

ი. ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, ლუკა სამხარაძე, მზიურში 6 წლის განმავლობაში სწავლობდა. თავდაპირველად C++-ის საოლიმპიადო ჯგუფში იყო და მერე C sharp პროგრამირების ჯგუფში გადავიდა.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის აქ ჩაბარება იყო შესაძლებლობა, რომ ინდივიდუალური ცხოვრებისთვის ამება ფეხი. მინდოდა, დამოუკიდებლობა მესწავლა.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, გვაქვს საერთო სამეცადინო ოთახები, სადაც სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, ერთად ან ცალ-ცალკე შევიდნენ სამეცადინოდ ნებისმიერ დროს. ეს ოთახები 24 საათის განმავლობაში ღიაა.

მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისისგან მოშორებით ვართ, შიგნით, საუნივერსიტეტო ქალაქში გვაქვს მაღაზიები, სადაც პროდუქტების ყიდვა შეგვიძლია.

საცხოვრებელ კორპუსში, ასევე, გვაქვს კინოდარბაზი, სადაც შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში შეხვიდეთ და ტელევიზორი ჩართოთ ან ნებისმიერ ფილმს უყუროთ. გვაქვს გასართობი ოთახებიც – გეიმ რუმები და  სატრენაჟორო დარბაზი,“ – დასძენს ლუკა.

სტუდენტებზე ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა – საზღვარგარეთ სწავლა, სწავლის დაფინანსება – გრანტები და სტიპენდიები, კამპუსის ოთახების საფასური, ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარიერები, სწავლისა და სამსახურის ერთმანეთთან შეწყობა და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუნდები ვალდებულები არიან, მესამე კურსიდან გაიარონ საზღვარგარეთ სტაჟირება რამდენიმე წამყვან კომპანიაში.

სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტი ხელს უწყობს თქვენს განვითარებას. დასაქმების პერსპექტივები სწავლის დამთავრების შემდგომ ძალიან დიდია.

უნივერსიტეტში მოსახვედრად აუცილებელია გადალახოთ ის ბარიერი, რომელიც სხვადასხვა საგნებსა და სპეციალობებში დააწესა უნივერსიტეტმა. ვრცლად ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარიერებზე ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბმულზე – https://www.kiu.edu.ge/uploads/-197.pdf.

რაც შეეხება სწავლის საფასურს, ის ექვემდებარება სახელმწიფო გრანტს, ანუ თუ 100%-იან გრანტს აიღებთ, სრულად დაგიფინანსდებათ სწავლა.

დაფინანსება იყოფა სამ ნაწილად:

  1. სოციალური გრანტები 
  2. აკადემიური გრანტები
  3. სტიპენდიები

სტუდენტებმა, ასევე, ისაუბრეს კამპუსის ოთახების საფასურზეც.

ერთი ოთახში დაფინანსების გარეშე თვიურად არის გადასახდელი 500 ლარი თუ მარტო იცხოვრებ, თუ ორნი იცხოვრებთ ერთად, ეს საფასური გაიყოფა.

რეალურად ყველა ოთახი 2 ბავშვისთვისაა გათვლილი, სწორედ ამიტომ საცხოვრებლის 100%-იან დაფინანსებაში იგულისხმება 250 ლარის დაფინანსება, თუ მარტო ცხოვრებას აირჩევთ და 100%-იანი დაფინანსება გექნებათ, 250 ლარის გადახდა მაინც მოგიწევთ.

როგორც ეკატერინემ აღნიშნა, უნივერსიტეტში სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, მაგრამ ამან დაბრკოლება არ უნდა შეგიქმნათ, რადგან ყოველგვარი პირობა არის იმისთვის შექმნილი, რომ დახვეწოთ ინგლისური ენის დონე, უკეთ დაეუფლოთ მას და ისწავლოთ ტექნიკური ინგლისური.

მიუხედავად იმისა, რომ არ არის რეკომენდებული უნივერსიტეტში სწავლის დროს მუშაობა და თან თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საკმაოდ ბევრი მასალა გექნებათ მოსამზადებელი, მაინც გრჩებათ თავისუფალი დრო, რისი გამოყენებაც, სურვილსამებრ, მუშაობაშიც შეგიძლიათ.

მაგალითად, ლუკა სამსარაძე ახერხებს თან იმუშავოს და თან საუკეთესო ქულების მქონე სტუდენტიც იყოს.

მისივე თქმით, უნივერსიტეტს აქვს თავისი ტრანსპორტი, რომელიც სტუნდენტებს ემსახურება, ამიტომ ახერხებს პარასკევს თბილისში წავიდეს და ორშაბათს კვლავ უნივერსიტეტის ტრანსპორტით დაუბრუნდეს საუნივერსიტეტო ქალაქს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები სამომავლოდ გეგმავენ გააკეთონ იუთუბის არხი, სადაც უნივერსიტეტის ცხოვრებას უკეთ გაგვაცნობენ.

მანამდე კი, თუ რაიმე სახის შეკითხვა გექნებათ უნივერსიტეტის შესახებ, შეგიძლიათ ნებისმიერ მათგანს დაუკავშირდეთ ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციებით:

გიზიარებთ ონლაინ ჩართვის ჩანაწერს.

Posted in მზიურელები, მზიურელები მზიურელებისათვის, პრეზენტაცია, უნივერსიტეტები