fbpx
Menu Close

სტატიები

როგორ დაიწყეს მზიურელებმა?

მზიურის კურსების განრიგიდან და აღწერიდან ვხვდებით, რომ აქ სწავლის პროცესი ხანგრძლივია და მოსწავლეს უწევს დიდი ენერგიისა და დროის ხარჯვა. რა გზას გადიან  მზიურელები სწავლის პროცესში? რა პერსპექტივები აქვთ მათ მონდომებისა და პრაქტიკის შემთხვევაში? ამ კითხვებზე პასუხების გასაგებად, შეგვიძლია გადავხედოთ ჩვენი კურსდამთავრებულების ბიოგრაფიებს.

ელენე მაჩაიძე მე-6 კლასელი იყო, როდესაც მზიურში ნიჭიერ ბავშვთა პროგრამაში ლოგიკის, ალგორითმებისა და პროგრამირების სწავლა დაიწყო, ორი წლის შემდეგ სწავლა განაგრძო საოლიმპიადო ჯგუფში. მე-9 კლასიდან გადავიდა კომაროვის სკოლაში. იმავე წელს ელენემ ინფორმატიკის ეროვნულ ოლიმპიადაზე მე-3 ადგილი დაიკავა.

მე-10 კლასში ძალიან ცუდი შედეგები ჰქონდა შეჯიბრებებში, რამაც მოტივაცია გაუჩინა მომავალ წელს კარგი შედეგების მისაღებად. ბევრი ისწავლა და შედეგმაც არ დააყოვნა – მე-11 კლასში მონაწილეობა მიიღო ჟაუტიკოვის ოლიმპიადაში  ყაზახეთში და ვერცხლის მედალი აიღო. ინფორმატიკის ეროვნულ ოლიმპიადაზე მე-2 ადგილზე გავიდა და მოხვდა ინფორმატიკის ეროვნულ ნაკრებში. ელენემ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ტაივანში (IOI 2014) ბრინჯაოს მედალი აიღო, სულ ცოტა ქულა დააკლდა ვერცხლის მედლის მიღებამდე.

მე-12 კლასში ელენემ ჟაუტიკოვის ოლიმპიადაზე ყაზახეთში ისევ აიღო ვერცხლის მედალი. ამ წელს იგი ინფორმატიკის ეროვნულ ოლიმპიადაზე პირველ ადგილზე გავიდა. ცენტრალური ევროპის ინფორმატიკის ოლიმპიადაზე (CEOI 2015) და ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOI 2015) ბრინჯაოს მედლები აიღო.

2015 წლიდან, სკოლის დამთავრების შემდეგ, ელენე 2 წელი ასწავლიდა მზიურსა და დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში. ამ დროს, მზიურის კურსდამთავრებულებმა ნიკა ნადირაძემ და ნიკოლოზ სვანიძემ ელენესთან ერთად შექმნეს პროგრამირების შესასწავლი ქართული საიტი coder.ge. საიტზე მოცემული ამოცანები მომხმარებელმა უნდა ამოხსნას პროგრამირების სხვადასხვა ენის გამოყენებით. საიტი საუკეთესო ქართულენოვანი ინტერნეტრესურსია პროგრამირების შესწავლის მსურველთათვის და მას ინტენსიურად იყენებენ მზიურის სასწავლო პროცესში.

ელენე 2017 წელს გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და რეიტინგული უნივერსიტეტის – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის (MIT) სტუდენტი. ეს ამერიკული უნივერსიტეტი ცნობილია სამეცნიერო კვლევასა და სიახლის აღმოჩენის მოტივაციაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებით. MIT-ის კურსდამთავრებულები ხდებიან როგორც მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების მკვლევრები, ისე მაღალტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომლები, მათ შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეატები და  მოწინავე ინოვატორები.

2018 წლის ზაფხულში ელენე მუშაობდა ინტერაქტიურ ონლაინ სასწავლო პლატფორმა Codecademy-ში Software ინჟინერიის სტაჟიორად. Codecademy ჩვეულებრივ მომხმარებელს საშუალებას აძლევს პროგრამირების სხვადასხვა ენის ძვირადღირებული კურსების უფასოდ, ზოგ შემთხვევაში კი, იაფად და დისტანციურად ხარისხიანი სწავლის საშუალებას.

ელენე სწავლას აგრძელებს MIT-ში და კიდევ ბევრს გავიგებთ მისი (კარიერული) წარმატებების შესახებ.

მარი კობიაშვილი 10 წლის იყო, ინფორმატიკის სწავლა რომ დაიწყო მზიურში. ის განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა პროგრამაში ყოფნისას „გაიწვრთნა“ საოლიმპიადო მათემატიკასა და ინფორმატიკაში. მარიმ მაშინვე დაიწყო ჯერ რეგიონულ, ხოლო შემდგომ ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობა. 2008 წელს პირველად მოხვდა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOI 2008). მომდევნო წელს კი, იმავე ოლიმპიადაზე (IOI 2009) ბრინჯაოს მედალი აიღო. მარი 2010 წელს კიდევ ერთხელ გავიდა საერთაშორისო ოლიმპიადაზე და კიდევ ერთხელ აიღო ბრინჯაოს მედალი. ის 2008 წლიდან 2011 წლამდე მზიურისა და დემირელის ნიჭიერ მოსწავლეებს ასწავლიდა და ამზადებდა ინფორმატიკისა და მათემატიკის ოლიმპიადებისთვის.

როდესაც დავინტერესდით, თუ რამ იმოქმედა უნივერსიტეტში მის მიღებაზე, მარიმ გვიპასუხა, რომ სწორედ ოლიმპიადებში მონაწილეობამ განაპირობა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტში მისი მიღება:

„MIT-ში ჩასაბარებლად ინგლისურის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ტესტების ჩაბარების გარდა, ასევე იგზავნება აპლიკაცია, სადაც რამდენიმე თემისა და კითხვებზე პასუხის გაცემით მოსწავლეს შეუძლია უფრო კარგად გააცნოს თავი უნივერსიტეტს: რა გამოცდილება და წარმატებები ჰქონდა სკოლის დროს, რისი სწავლა უნდა მომავალში და რატომ და ა.შ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი აპლიკაციაში იყო ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე მოპოვებული მედლები, რადგან ჩემი ინსტიტუტი დიდ ყურადღებას აქცევს სასკოლო ოლიმპიადის წარმატებებს.“

ინსტიტუტში მიღებისას, მარის თქმით, დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლის მრავალმხრივ განვითარებას, რადგან პროგრამირების ფაკულტეტის აუცილებელ კურსებში შედის ბევრი ისეთი საგანი, რაც არ არის მთავარ პროფესიასთან კავშირში. სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს ის, რომ ამ საგნების დაძლევაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პროგრამირების სხვადასხვა კურსის.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტში მან მიიღო საფუძვლიანი ცოდნა, არა მხოლოდ პროგრამირების, არამედ ზოგადად კომპიუტერული მეცნიერების შესახებ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო დამოუკიდებელი ცხოვრების გამოცდილებაც. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა იგივე უნარების ინტერნეტკურსებით შეძენა, გვიპასუხა, რომ „ინტერნეტში ბევრი კარგი რესურსის არსებობის მიუხედავად, კარგის ცუდისგან გარჩევა და საფუძვლიანი ცოდნის მიღება საკმაოდ რთულია. ჩემს სწავლაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია კარგმა მასწავლებლებმა და გარემომ, სადაც მიწევდა სწავლა, რასაც თუნდაც კარგი ონლაინ კურსებით ვერ მივიღებდი.“

აღსანიშნავია ისიც, რომ მარიმ MIT-ში სწავლის პერიოდში გაიარა სტაჟირება ჯერ Facebook-ში – მსოფლიოში ყველაზე დიდი სოციალური მედიის კომპანიაში 2013 წელს და შემდეგ Dropbox-ში – დოკუმენტების ონლაინ გაზიარების ერთ-ერთ პირველ საიტზე, 2014 წელს. მარიმ ამ კომპანიებში მიიღო რეალურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება. აქ ისწავლა დამოუკიდებლად დიდი პროექტების მართვა და ტექნიკურად რთული პრობლემების გადაჭრა. ასევე დიდი ცოდნა მიიღო გამოცდილი ინჟინრებისგან, ვისთან ერთადაც უწევდა ყოველდღიურად საერთო პრობლემებზე მუშაობა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 2015 წელს, ეს ყველაფერი დაეხმარა მარის საბოლოოდ Google-ში სამსახურის დაწყებაში, სადაც დღესაც განაგრძობს მუშაობას Software -ის ინჟინრად.

კითხვაზე, შეცვლიდა თუ არა რამეს ცხოვრებაში, გვითხრა რომ ალბათ არაფერს და ბოლოს, მარის რჩევა პროგრამირების სწავლის მსურველებისთვის არის ის, რომ გარდა საფუძვლების კარგად სწავლისა, კარგი პროგრამისტობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ინტერესების გაღვივება პროგრამირების სხვადასხვა სფეროში. ეს შესაძლებელია სხვადასხვა დამოუკიდებელ პროექტზე მუშაობით (მობილურის აპლიკაციაზე, თამაშზე, ვებსაიტსა და ა.შ.).

 

თეა ხარიტონაშვილი 1995 წელს მე-9 კლასში იყო, როდესაც 15 წლისამ პირველად ნახა კომპიუტერი. ეს იყო მზიურში. იქ დაიწყო პროგრამირების სწავლა, გამოუვიდა და პროგრამირების ოლიმპიადებზეც წარმატებები ჰქონდა.

სკოლის ბოლო 3 წელი (მე-9-11 კლასებში) სწავლობდა საბუნებისმეტყველო კოლეჯში (ახლა საბუნებისმეტყველო ლიცეუმი), რომელიც ფიზიკის ინსტიტუტშია დაარსებული ინსტიტუტის ფიზიკოსების მიერ. აქ თეა გაძლიერებულად სწავლობდა ფიზიკას, მათემატიკასა და უცხო ენებს. ფიზიკის ინტერესი მაინცდამაინც არასოდეს ჰქონია, მაგრამ თავისით გამოსდიოდა ყველაფერი ფიზიკასა და მათემატიკაში, პროგრამირებაში კი – განსაკუთრებით.

სკოლაში სწავლის ბოლო წელს თეა იყო საქართველოს ფიზიკისა და ინფორმატიკის ნაკრებების წევრი. იმ დროს დაფინანსება არ იყო კარგი, ამიტომ ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ვერ წავიდა, ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე კი მოხვდა. ამ წელს (1997), საქართველო მეორედ მონაწილეობდა საერთაშორისო ოლიმპიადაზე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

ფიზიკის ნაკრების წევრობის გამო თეა უგამოცდოდ მიიღეს ფიზიკის ფაკულტეტზე ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში (თსუ). ერთი წლის შემდეგ, მე-2 კურსიდან, გადავიდა ინფორმატიკის ფაკულტეტზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ) და დაამთავრა ეს ფაკულტეტი. მოგვიანებით იგივე სპეციალობით მაგისტრატურაც სტუ-ში დაამთავრა. კითხვაზე შესაძლებელია თუ არა ინტერნეტით პროგრამირების სწავლა, გვიპასუხა, რომ ახლა ყველაფრის სწავლა და გაკეთება შეიძლება ონლაინ კურსებით. თვითონაც ბევრი რამ, რასაც დღეს იყენებს, თავისით ისწავლა – ინტერნეტით და ცდით. თეა იზიარებს ლიდერი კომპანიების აზრს, რომ ამ დარგში საუნივერსიტეტო განათლების გარეშეც შესაძლებელია წარმატების მიღწევა. თუმცა, რა თქმა უნდა, ვისაც სურვილი და მონდომება აქვს, ონლაინ ისწავლის თუ უნივერსიტეტში, მნიშვნელობა არ აქვს – საკუთარ თავზე მუშაობა და ბევრი ცდა მთავარი ფორმულაა.

1997 წელს, საქართველოში ინტერნეტის პრაქტიკულად არარსებობის პერიოდში, მზიურში მასწავლებლად და საღამოობით სოროსის ცენტრში Wide Open World (WOW) ინტერნეტის ინსტრუქტორად დაიწყო მუშაობა. ამ ცენტრში უფასოდ იყენებდნენ ინტერნეტს (წინასწარი ჩაწერით). თეა აქვე ხანდახან ატარებდა ინტერნეტის გამოყენების და გაცნობის კურსებს, აგრეთვე, დამატებით, მარტივი ვებგვერდის  კურსებს (იმ დროს FrontPage-ით). იმ დროს ქართული საიტები თითქმის არ იყო, ამიტომ სოროსის ცენტრმა (WOW) დააწესა კონკურსები ქართული საიტების შესაქმნელად – შედგა სხვადასხვა ნომინაცია ქართული ვებგვერდების შექმნის სტიმულირებისათვის. თეა იღებდა მონაწილეობას და ხშირად იმარჯვებდა. შედეგად გააკეთა რამდენიმე კარგი ვებგვერდი. თეას შექმნილი საიტებიდან ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, მაგრამ იმ დროის ყველაზე პოპულარული გვერდი იყო convert.ge.

შემდეგ მუშაობდა ხან პროგრამირების და ვებტექნოლოგიების მასწავლებლად, ხან ისევ სოროსის ფონდში – ღია კოდის პროგრამების დანერგვაზე, ხან სისტემურ ადმინისტრატორად, ხან ვებდეველოპერად. პარალელურად სულ აკეთებდა ვებსისტემებს (ხან მარტივ საიტებს, ხანაც რთულ სისტემებს).

კითხვაზე, გამოადგა თუ არა სხვა სფეროში პროგრამირების ცოდნა, გვიპასუხა, რომ ის სულ ამ სფეროშია და სადაც არ წასულა, სულერთია, რა თანამდებობაზე, მაინც ბოლოს დიდ და სერიოზულ სისტემას აკეთებს. 2008-2017 წლებში, 9 წელი იმუშავა EUMM– ში (EU Monitoring Mission in Georgia), სადაც დაწერა შიგა ERP სისტემა ადმინისტრაციისთვის. ახლა უკვე 1 წელია მუშაობს ეუთოს უკრაინის მისიაში: OSCE SMM (Special Monitoring Mission) to Ukraine – აქაც შიდა სისტემა გააკეთა, ოღონდ ოპერაციების განყოფილებისთვის.

თავიდან რომ დაეწყო ყველაფერი, აუცილებლად წავიდოდა გერმანიაში და იქ ისწავლიდა, იმ დროს გერმანულიც კარგად იცოდა.

„ჩემი საქმე ძალიან მომწონს და ბედნიერი ვარ რომ ვაკეთებ იმას, რაც ჩემი ჰობია და მომწონს. რა თქმა უნდა, სხვა ჰობიც მაქვს, მაგალითად ცეკვა, ლაშქრობა და მოგზაურობა, მაგრამ მაინც ვებსისტემების წერა ჩემი #1 ჰობია.“

თეა ბევრგან არის ნამუშევარი და საკუთარი გამოცდილებით თვლის, რომ სამსახურში მიღებაზე ყოველთვის მოქმედებს ცოდნა, მონდომება და გამოცდილება.  მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ყველას ურჩევს, რისი კეთებაც მოსწონთ, ის აკეთონ.  “ჩვენი ცხოვრების უმეტეს ნაწილს სამსახურში ვატარებთ ამიტომ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რაც გვსიამოვნებს და მოგვწონს. ასე რომ, უნდა ჩავაბაროთ იქ, სადაც ნამდვილად მოგვწონს, მოვინდომოთ და ყველაფერი გამოგვივა. მას შემდეგ, რაც ბევრჯერ მქონდა საშუალება სხვებისთვის მესწავლებინა, მივხვდი, რომ ყველას არ შეუძლია პროგრამირება. პროგრამირებისათვის სხვანაირად უნდა აზროვნებდე ან უფრო სწორად, უნდა შეგეძლოს წარმოიდგინო როგორ შეასრულებს დავალებას კომპიუტერი (ლოგიკა). რატომღაც ეს ყველას არ შეუძლია. ჩემთვის გაუგებარია რანაირად შეიძლება ვერ წარმოიდგინო, როგორ ასრულებს დავალებას კომპიუტერი, თუმცა ყველა სხვადასხვანაირად აზროვნებს და ყველას სხვადასხვა მიმართულებით აქვს ნიჭი. კითხვაზე გიპასუხებთ: მაინც ვისაც სურვილი და მონდომება აქვს, თავს აუცილებლად გაართმევს.“

როგორ აგრძელებენ მზიურელები?

მზიურელებმა რთული და მრავალი გამოწვევით დახუნძლული გზა გამოიარეს, ოლიმპიადებიდან მსოფლიოს დიდ ორგანიზაციებამდე: ელენე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტში სწავლობს პროგრამირებას, მარი Google-ში მუშაობს Software-ის ინჟინრად, თეა კი ეუთოს უკრაინის მისიაში შიდა სისტემებს წერს. ერთი შეხედვით, სულ სხვადასხვა რამეს  აკეთებენ, თუმცა ნათელია, რომ სამივე რთულ და ამავე დროს, საინტერესო სფეროშია. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამირება მომავლის ენა აღარაა და უკვე ჩვენი აწმყოს რეალობაა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის აღმოსაჩენი და განსავითარებელი ამ სფეროში. კურსდამთავრებულები თანხმდებიან, რომ მომავალ თაობებს საკუთარ თავზე მუშაობისა და მონდომების შემთხვევაში აქვთ დიდი შანსი, მოხვდნენ ოლიმპიადებზე, შემდეგ სასურველ უნივერსიტეტებში და მუშაობა დაიწყონ მსოფლიოს წამყვანი კომპანიების თანამშრომლებად ან თვითონ დაარსონ საკუთარი კომპანიები და შექმნან ინოვაციური პროდუქტები.

Posted in მზიურელები, საერთაშორისო ოლიმპიადა, სწავლა უცხოეთში