fbpx
Menu Close

სტატიები

როგორ მოვხვდეთ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის შესახებ

საერთაშორისო ოლიმპიადა ინფორმატიკაში, International Olympiad in Informatics (IOI), არის უმაღლესი რანგის ყოველწლიური საერთაშორისო პროგრამირების კონკურსი საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის, რასაც თან ახლავს სოციალური და კულტურული პროგრამები. IOI არის ხუთი საერთაშორისო სამეცნიერო ოლიმპიადიდან ერთ-ერთი და მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული კომპიუტერული მეცნიერების კონკურსი. ოლიმპიადის სპონსორები არიან იუნესკო და ინფორმაციის დამუშავების საერთაშორისო ფედერაცია (IFIP).

პირველი IOI 1989 წელს ჩატარდა ბულგარეთში, პრავეცში. მონაწილე ქვეყნების რაოდენობა მუდმივად იზრდება და 2018 წლის ოლიმპიადაზე იაპონიის ქალაქ ცუკუბაში 85 ქვეყნიდან 343 მოსწავლე მონაწილეობდა.

კონკურსი მიმდინარეობს ორი დღის განმავლობაში და მონაწილეებს ევალებათ კომპიუტერული პროგრამირებისა და ალგორითმული ხასიათის პრობლემების გადაჭრა, რის მიხედვითაც აგროვებენ ქულებს. ეროვნული ნაკრებისთვის მოსწავლეები შეირჩევიან ინფორმატიკის ეროვნულ ოლიმპიადაზე.

 

IOI-ზე მოხვედრის ეტაპები

ეროვნული ოლიმპიადა

პირველი ტური მოიცავს დაუსწრებელ, ონლაინ შეჯიბრს, სადაც მონაწილეობას იღებს 300-400 სხვადასხვა ასაკის მოსწავლე. პირველ ტურში გამარჯვებული 150-200 მოსწავლე გადადის მეორე ტურში და კონკურსი ტარდება უკვე განსაზღვრულ ლოკაციებზე: თბილისში, ქუთაისში და სხვ. მესამე (დასკვნითი) ტურისთვის შეირჩევა 100-მდე მოსწავლე. დასკვნითი ტურის გამარჯვებულები მონაწილეობას იღებენ ნაკრების შესარჩევ ტურნირში, საიდანაც აირჩევა 4 წარმომადგენელი საერთაშორისო ოლიმპიადისთვის.

ეროვნული ოლიმპიადის სამივე ტურის მონაწილეები იყოფა ასაკობრივ კატეგორიებად:

  • უმცროსი ასაკის – მე-8 კლასამდე
  • საშუალო ასაკის – მე-9-10 კლასები
  • უფროსი ასაკის – მე-11-12 კლასები

ნაკრებში უკვე ასაკს მნიშვნელობა აღარ აქვს. ნაკრების შესარჩევ ტურნირში ყველას ერთი და იგივე ამოცანები ეძლევა. როგორც წესი, დასწრებულ ტურებში, ისევე, როგორც საერთაშორისო ოლიმპიადაზე, მონაწილეებს ეძლევათ დრო – 5 სთ და 3 ამოცანა. მონაწილეებმა უნდა შეადგინონ პროგრამები, რომელიც ბოლოს სპეციალური სისტემით იტესტება და შედეგები იდება ავტომატურად.

საერთაშორისო ოლიმპიადა

თითოეული მონაწილე ქვეყნის გუნდში 4 მოსწავლეა, გუნდის სამწვრთნელო შტაბში, როგორც წესი, არიან ხელმძღვანელი, ხელმძღვანელის მოადგილე და მწვრთნელები. ნაკრებს, როგორც წესი, სამწვრთნელო შტაბის 3 წევრი მიჰყვება ხოლმე. რადგან ოლიმპიადა ინდივიდუალური ტიპის კონკურსია, მონაწილეები ეჯიბრებიან როგორც სხვა ქვეყნებს წარმომადგენლებს, ისევე საკუთარი გუნდის წევრებს.

ოლიმპიადის ამოცანები ალგორითმული ხასიათისაა. კონკურსანტებმა უნდა გამოავლინონ საკმაოდ ღრმა ცოდნა, ალგორითმების თეორიასა და მონაცემთა სტრუქტურებში. მედლების გადანაწილება ხდება შემდეგი პრინციპით: ოქრო: ვერცხლი: ბრინჯაო: მედლის გარეშე – 1:2:3:6; რაც ნიშნავს, რომ ოქროს მედალს იღებს მონაწილეების 1/12.

 

IOI 2018-ის გამარჯვებულები

2018 წლის ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვეს მზიურის მოსწავლეებმა ნიკოლოზ ბირკაძემ და გიორგი კლდიაშვილმა.

ნიკა მზიურში სწავლობს 2012 წლიდან. ნიკა მე-9 კლასში, 2017 წელს, მოხვდა როგორც ინფორმატიკის, ასევე მათემატიკის ეროვნულ ნაკრებში და ორივე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლები მოიპოვა. ამ ასაკში საქართველოში ასეთი შედეგი არ ყოფილა.

2018 წელს იგი ასევე ორივე (მათემატიკისა და ინფორმატიკის) ეროვნულ ნაკრებში მოხვდა. მათემატიკის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო ინფორმატიკის ოლიმპიადაზე – ოქროს მედალი და ის მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულში მოხვდა, რაც საქართველოსთვის რეკორდული მაჩვენებელია. ოქროს მედალს მონაწილეთა მეთორმეტედი (ანუ წლევანდელ 2018-ის ოლიმპიადაზე დაახლოებით 28) საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე იღებს. წინა საუკეთესო შედეგი იყო 2010 წელს, როდესაც ცოტნე ტაბიძემ მე-7 ადგილი დაიკავა.

გარდა ამ მედლებისა, ნიკას კიდევ ბევრი სხვა მედალიც აქვს რეგიონულ ოლიმპიადებზე. მაგალითად, წელს ცენტრალური ევროპის ინფორმატიკის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო შარშან, 2017 წელს, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.

 

გიორგი მზიურში სწავლობს 2015 წლიდან. ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე მას ერთი ბრინჯაოს (2015 წელს) და ორი ვერცხლის მედალი (2016 და 2017 წლებში) აქვს მოპოვებული. მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს მიღებული 2015 წელს.

გარდა ამისა, მას რეგიონალურ საერთაშორისო ოლიმპიადებზეც აქვს მოპოვებული მედლები. მან წელს ცენტრალური ევროპის ინფორმატიკის ოლიმპიადაზე (CEOI 2018) ოქროს მედალი დაიმსახურა. შარშან, იგივე ოლიმპიადაზე (CEOI 2017) მან ოქროს მედალიც მოიპოვა და ჩემპიონობაც.

2018 წელს, ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გიორგიმ ოქროს მედალი მოიპოვა და მოხვდა საუკეთესო 16-ში 28 ოქროს მედალოსანს შორის. მან წელს დაამთავრა სკოლა და მომავალი წლიდან რომელიმე პრესტიჟულ ამერიკულ უნივერსიტეტში აპირებს სწავლის გაგრძელებას.

მზიურში არსებული ტრადიციის შესაბამისად, მიმდინარე სასწავლო წელს გიორგი შეუერთდება მზიურის მასწავლებელთა რიგებს. ის გაუძღვება საოლიმპიადო ჯგუფებს და გადასცემს საკუთარ გამოცდილებას. ასევე, ინფორმატიკის ნაკრების ხელმძღვანელობის მიერ გიორგი მიწვეული იქნება ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის ჩამტარებელ ჯგუფში და მიიღებს მონაწილეობას შერჩეული ნაკრების მომზადებაში.

როგორ ამზადებს მზიური ოლიმპიადისთვის მოსწავლეებს

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური სკოლის ასაკის მოსწავლეებს თავაზობს „ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამას“, რომელიც შედგება ორი ძირითადი მიმართულებისაგან: პროგრამისტთა სკოლა და  საოლიმპიადო ჯგუფები.

საოლიმპიადო ჯგუფების პროგრამა ითვალისწინებს მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარებას, დაპროგრამებისა და ალგორითმიზაციის საფუძვლების გაღრმავებულ შესწავლას. ამ პროგრამის მთავარი მიზანია მათემატიკურ-ლოგიკური უნარების მქონე ბავშვების შერჩევა (ძირითადად მე-5-6 კლასის ასაკში) და შემდგომი მომზადება (ძირითადად სკოლის დამთავრებამდე). სკოლადამთავრებული ახალგაზრდები ხშირად სწავლას აგრძელებენ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში და, მომავალშიც, საკუთარ ადგილს იმკვიდრებენ ამ სფეროს მეცნიერ-მკვლევართა შორის. მზიურში სწავლის განმავლობაში ამ ჯგუფის მოსწავლეები ხშირად მონაწილეობენ ინფორმატიკისა და მათემატიკის სხვადასხვა დონის ადგილობრივ და საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონკურსებში. მზიურის მოსწავლეები მუდმივად არიან საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულთა შორის და მუდმივად ხვდებიან ქვეყნის ნაკრებში. მათ მონაპოვარში უამრავი მედალი და სხვადასხვა ხარისხის დიპლომია. მათ შორის ყველაზე მაღალი ჯილდოებია: ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადების (IOI) 3 ოქროს, 6 ვერცხლისა და 22 ბრინჯაოს მედალი. სულ საქართველოს ნაკრებს ინფორმატიკის ოლიმპიადებზე მოპოვებული აქვს 4 ოქროს, 10 ვერცხლისა და 33 ბრინჯაოს მედალი.

დაწყებით ორწლიანი კურსზე მოსახვედრად თბილისის სკოლების მე-5 და მე-6 (იშვიათად მე-4 და მე-7) კლასის მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა გაიარონ შესარჩევი კონკურსი, რომელიც სასწავლო წლის დასაწყისში იმართება. კონკურსის შედეგების მიხედვით კოპლექტდება სასწავლო ჯგუფები, რომლებიც ორი წლის განმავლობაში სწავლობენ გაძლიერებული პროგრამით: კვირაში არის სამი მეცადინეობა, თითოეული მეცადინეობის ხანგრძლივობაა 1 სთ 30 წთ. ამ მეცადინეობებიდან მხოლოდ ერთი ტარდება კომპიუტერულ კლასში, სადაც მოსწავლეები ეუფლებიან პროგრამირების საფუძვლებს. დანარჩენი ორი მეცადინეობა კომპიუტერის გარეშეა. ერთ მათგანზე მოსწავლეები სწავლობენ მათემატიკურ-ლოგიკური ამოცანების ამოხსნას, ხოლო მეორეზე ეუფლებიან ალგორითმების საფუძვლებს. სწავლების პროგრამა საკმაოდ დატვირთულია საშინაო დავალებებითა და საკონტროლო წერებით. საკონტროლო წერებისა და სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობის შედეგების მიხედვით მოსწავლეების რეიტინგები რეგულარულად იცვლება, რაც ორწლიანი კურსის დასრულების შემდეგ მაღალ რეიტინგიან მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გადავიდნენ ე.წ. საოლიმპიადო და პროგრამირების სკოლის ჯგუფებში.

საოლიმპიადო და პროგრამირების ჯგუფებში მოსწავლეები გაღრმავებულად ეუფლებიან ალგორითმიზაციის საფუძვლებს, საოლიმპიადო ამოცანების ამოხსნის მეთოდებსა და პროგრამირების ხელოვნებას. პროგრამისტთა სკოლის მოსწავლეები ეუფლებიან პროგრამირების თანამედროვე ინსტრუმენტებს – C++, G#, Java, ვებგვერდების პროგრამირების ტექნოლოგიასა და კომპიუტერული თამაშების შექმნის ტექნოლოგიას. ამ კურსის პროგრამა საკმაოდ რთულია, თუმცა დაძლევადია, თუ მოსწავლეს უკვე აქვს სწავლების სხვა ეტაპები გავლილი, უთმობს განსაკუთრებულ დროს სწავლას და მას მეთოდურად უდგება. სწორედ ამ ჯგუფების მოსწავლეები აღწევენ წარმატებებს ინფორმატიკის ოლიმპიადებსა და კონფერენციებში.

Posted in ინფორმატიკის ოლიმპიადა, საერთაშორისო ოლიმპიადა