fbpx
Menu Close

სტატიები

რა უნდა ვიცოდეთ მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადების შესახებ.

მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადებზე ქართველ მოსწავლეთა წლევანდელმა წარმატებებმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. პრესა და ტელევიზია ქართველი მოსწავლეების წარმატების გაშუქებას საკმაოდ დიდ დროს უთმობს. საზოგადოებისა და მასმედიის ასეთი ინტერესი, თავის მხრივ, მოსწავლეთა მოტივაციას კიდევ უფრო ამაღლებს და სასიკეთო გავლენას ახდენს მოსწავლეთა საოლიმპიადო მოძრაობაზე.

სასკოლო ოლიმპიადების მიზანია განსაკუთრებული უნარების მქონე ბავშვების გამოვლენა. იმისათვის, რომ ოლიმპიადაზე წარმატებას მიაღწიო, მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი. ნიჭთან ერთად აუცილებელია სხვა ისეთი უნარებიც, რომლებიც, ზოგადად, ყველა სფეროში წარმატების მისაღწევად არის საჭირო: შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა, ნებისყოფის სიმტკიცე და სხვა ლიდერული უნარები.
ეს უნარები ყველა ადამიანს დაბადებიდანვე დაჰყვება მეტნაკლები დოზით, მაგრამ ყველა ამ უნარს წვრთნა და განვითარება სჭირდება.
ასეთი განსაკუთრებული უნარების მქონე ადამიანები, ბუნებრივია, ბევრი არ არის. მათზე მოთხოვნა ყველა ქვეყანაში ძალიან მაღალია. განსაკუთრებით «ნადირობენ» ასეთ ახალგაზრდებზე მსხვილი საერთაშორისო კომპანიები. ასეთი ახალგაზრდებისთვის ღიაა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების კარებიც.
სასკოლო დისციპლინებში ბევრი სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადა ტარდება. ეს ოლიმპიადები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან როგორც მასშტაბით, ასევე ფორმატით. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია უმაღლესი რანგის (ე.წ. მსოფლიო) ოლიმპიადები
5 საგანში – მათემატიკა, ფიზიკა, ინფორმატიკა, ქიმია და ბიოლოგია, რომლებშიც ქართველი მოსწავლეები მონაწილეობენ. ქვემოთ სწორედ ამ ოლიმპიადების შესახებ ვისაუბრებთ.
ამ ოლიმპიადებზე მონაწილეთა შერჩევა და წარგზავნა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად ხდება, მაგრამ თითქმის ყოველთვის სახელმწიფოს ეგიდითა და დაფინანსებით. საქართველოში მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად მოსწავლემ ჯერ ეროვნულ ოლიმპიადაზე უნდა გაიმარჯვოს და, შემდეგ, ნაკრების შესარჩევ ტურნირში.
ნაკრები მხოლოდ პირობითია, რადგან ეს ოლიმპიადები ინდივიდუალურია. გუნდის წევრები ამავე დროს ერთმანეთის კონკურენტებიც არიან. არაფორმალურად ითვლება ხოლმე ქვეყნების გუნდური შედეგებიც. გუნდური შედეგი წევრების შედეგების მექანიკური ჯამია.
მოსწავლეთა ოლიმპიადები ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და მათში ყველა მეტნაკლებად განვითარებული ქვეყანა მონაწილეობს. სახვადასხვა საგანში გუნდებში წევრების რაოდენობა სხვადასხვაა. კერძოდ, მათემატიკის ნაკრებში 6 წევრია, ფიზიკაში – 5, ხოლო ბიოლოგიაში, ქიმიასა და ინფორმატიკაში – 4.
რიცხობრივ მაჩვენებლებზე წარმოდგენის შესაქმნელად მოგახსენებთ, რომ წლევანდელ (2017 წ) მათემატიკის ოლიმპიადაზე, რომელიც ბრაზილიაში გაიმართა, წარმოდგენილი იყო 111 ქვეყანა და 615 მონაწილე. მათ შორის 62 გოგონა. წლევანდელ ინფორმატიკის ოლიმპიადაზე, რომელიც ირანში გაიმართა, წარმოდგენილი იყო 84 ქვეყანა და 310 მონაწილე.
ოლიმპიადები ძირითადად ორ ტურად ტარდება. თითო ტურს თითო დღე ეთმობა. მთლიანობაში ოლიმპიადა დაახლოებით 7-8 დღის განმავლობაში გრძელდება და შეჯიბრებისგან თავისუფალი დრო, როგორც წესი, ექსკურსიებსა და სხვა კუტურულ-შემეცნებით ღონისძიებებს ეთმობა ხოლმე.
ოლიმპიადის მონაწილეთა შეფასება სხვადასხვა საგანში სხვადასხვა სისტემით ხდება, მაგრამ გამარჯვებულთა გამოვლენა დაახლოებით ერთი და იგივე სქემით მიმდინარეობს. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ორივე ტური დამთავრდება, ნამუშევრები შეფასდება და რეიტინგული სია შედგება, მედლების განაწილება შემდეგნაირად ხდება:
რეიტინგული სიის ქვედა ნახევარი უმედლოდ რჩება. ზედა ნახევარი იყოფა ორ ნაწილად და ქვედა მეოთხედი იღებს ბრინჯაოს მედალს. სულ ზედა მეოთხედი იყოფა ორ ნაწილად შეფარდებით 1:2 და სულ ზედა 1 ნაწილი იღებს ოქროს, ხოლო ქვედა ორი ნაწილი – ვერცხლს. მაგალითად, წლევანდელ მათემატიკის ოლიმპიადაზე გაიცა 48 ოქროს, 90 ვერცხლის და 153 ბრინჯაოს მედალი. მედლების გარდა ზოგიერთ ოლიმპიადაზე გაიცემა საპატიო სიგელიც.
ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადა ტარდება 1990 წლიდან (ოფიციალური საიტი
http://www.ibo-info.org/). ქართველი მოსწავლეეები ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე 2011 წლიდან გამოდიან და დღემდე ერთადერთი ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებული (ნანული გვაზავა 2013 წ).
ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა 1968 წლიდან ტარდება (ოფიციალური საიტი
http://www.ichosc.org/ ). ქართველი მოსწავლეები ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე 2014 წლიდან გამოდიან. შარშან (2016 წ) ეს ოლიმპიადა თბილისში ჩატარდა და პირველი ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა საბა თავდგირიძემ. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ქართველი მოსწავლეების გამოსვლა ქიმიის წლევანდელ (2017) ოლიმპიადაზე. მათ 3 ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.
მთავარი მიღწევები ჩვენს მოსწავლეებს მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში აქვთ.
მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა 1959 წლიდან იმართება (ოფიციალური საიტი
http://www.imo-official.org/). ამ ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები 1993 წლიდან მონაწილეობს და დღემდე მოპოვებულია 3 ოქროს, 18 ვერცხლისა და 57 ბრინჯაოს მედალი და 48 საპატიო სიგელი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მედლების გარდა საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 1977 წელს ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული ამირან ამბროლაძეს. დღეს ბატონი ამირანი თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა სკოლის ხელმძღვანელია. საბჭოთა კავშირი მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე დაარსების დღიდან (1959 წლიდან) მონაწილეობდა.
ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა 1967 წლიდან იმართება (ოფიციალური საიტი http://ipho.org/). ამ ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები 1996 წლიდან მონაწილეობს და დღემდე ქართველ მოსწავლეებს მოპოვებული აქვთ 2 ოქროს, 7 ვერცხლის და 16 ბრინჯაოს მედალი და 25 საპატიო სიგელი.
ინფორმატიკის ოლიმპიადა 1989 წლიდან ტარდება (ოფიციალური საიტი
http://www.ioinformatics.org/index.shtml). ამ ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები 1996 წლიდან მონაწილეობს და დღემდე ქართველ მოსწავლეებს მოპოვებული აქვთ 2 ოქროს, 10 ვერცხლის და 33 ბრინჯაოს მედალი. აღვნიშნავთ, რომ მათ შორის 1 ოქროს, 5 ვერცხლისა და 22 ბრინჯაოს მედალი მზიურელების მონაპოვარია.

Posted in მზიურელები, საერთაშორისო ოლიმპიადა