პარიზის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ გვესაუბრებიან ლაშა კოროშინაძე და საბა თავდგირიძე. საბა ერთ-ერთი პირველი ქართველია ამ უნივერსიტეტში. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ ამჟამად მაგისტრატურაში სწავლობს. ლაშა კოროშინაძე ბაკალავრიატის მეორე კურსზეა.
École Polytechnique 1794 წელს დაარსდა და საინჟინრო ფაკულტეტით არის სახელგანთქმული. მეცნიერებათა ბაკალავრის პროგრამა სულ 5 წელია ფუნქციონირებს. სწავლება ინგლისურენოვანია და 3 წლის განმავლობაში გრძელდება. კურსდამთავრებულებს ორმაგი დიპლომი ენიჭებათ: მათემატიკასა და გავლილი საგნების შესაბამისად – კომპიუტერულ მეცნიერებებში, ფიზიკაში ან ეკონომიკაში.
ლაშა გვიყვება, რომ საზღვარგარეთ სწავლა ბოლო მომენტში გადაწყვიტა. საფრანგეთი ბიუროკრატიით გამოირჩევა, უამრავი საბუთია მოსამზადებელი. ეს საკითხი უნდა გაითვალისწინოთ და თადარიგი დაიჭიროთ, როგორც სავიზო დოკუმენტების მომზადებისას, ასევე სწავლის პერიოდში.
ადმინისტრაციას მისაღებ პროცედურასა და ვადებში ყოველწლიურად მცირე ცვლილებები შეაქვს, უმჯობესია დეტალებს ვებ გვერდზე გაეცნოთ. სტანდარტულად 3 მცირე მოცულობის ესეს დაწერა გევალებათ. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი არ მოითხოვება. საიტზე განთავსებული ვიდეოები დაგეხმარებათ ინტერვიუსთვის მოემზადოთ. დაგისვამენ შეკითხვებს როგორც ზოგად სამეცნიერო ხასიათის, ასევე უშუალოდ თქვენს გამოცდილებასთან დაკავშირებით. უპირატესობის მოპოვებას შეძლებთ, თუ ოლიმპიადებში გაქვთ მონაწილება მიღებული ან სპეციალიზირებულ სკოლაში სწავლობდით.
დაფინანსების და სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა აქვთ იმ სტუდენტებს, რომლებიც “პატივით ჩარიცხულთა” სიაში არიან. ქართველებმა სწორედ ასეთი შედეგი აჩვენეს მისაღებ კონკურსზე. სწავლა წელიწადში 16 800 ევრო ღირს. დაფინანსების აღების შემთხვევაში 10%-ზე ნაკლები გრჩებათ გადასახდელი. ამას ემატება ცხოვრების და ბინის გადასახადი. ქირის ნაწილს სახელმწიფო აფინანსებს, 250-500 ევრო გამოდის თვეში. გოგონების ხელშესაწყობად ცალკე პროგრამები მოქმედებს. მაღალი ქულებით სტიპენდია სწავლის პერიოდშიც შეიძლება მოიპოვო.
სწავლა 2-3 კვირიანი ინტეგრაციის პროგრამით იწყება, რომელიც გაცნობით-შემეცნებითი ხასიათისაა. მათემატიკის გაძლიერებულ კურსს გაივლით, დიდი აქცენტი კეთდება თეორიებზე და მათ დამტკიცებებზე. პროგრამირება პითონით იწყება. შეგხვდებათ პიროვნული განვითარების კურსი. ასევე ისწავლება ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების საგნები. ფრანგული ენის შესწავლა სავალდებულოა. დიპლომის ასაღებად მინიმუმ ბ2 დონის ჩაბარებაა აუცილებელი. ვიდეოში ლაშა და საბა დეტალურად გვაცნობენ გავლილი საგნების სპეციფიკას.
სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, გაცვლითი პროგრამებით შვეიცარიაში, ამერიკასა და კანადაში, პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში ვიზიტის. თეზისისთვის შეიძლება სამეცნიერო კვლევითი პროექტის მომზადება, ან სტაჟირება, ე.წ. ინთერშიფი, პროფესორთან, სტარტაპსა თუ სხვადასხვა კომპანიაში საფრანგეთსა და მის ფარგლებს გარეთ.
ლაშამ გუგლში გაიარა შესარჩევი ეტაპები, მაგრამ ირლანდიის ვიზაზე პრობლემა შეექმნა. ჰუავეის ჰონგკოკის ოფისისთვის ონლაინ იმუშავებს ზაფხულის განმავლობაში. სტუდენტებისთვის სამსახურის პოვნა პრობლემას არ წარმოადგენს. სასწავლებლის რეიტინგიდან გამომდინარე ბევრი შესაძლებლობაა. ლინქდინზე კომპანიები თავად გიკავშირდებიან. წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მოსახვედრად კონკურენცია დიდია და ყველაფერს აქვს მნიშვნელობა: GPA, გავლილი საგნები, ცალკეული ნიშნები, წინა სამუშაო გამოცდილება. ხშირად სტუდენტები საკუთარ იდეებს ამუშავებენ.
პარიზის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში აქტიური სტუდენტური ცხოვრებაა. სპორტს დიდი ყურადღება ეთმობა. არის მრავალი გასართობ-შემეცნებითი კლუბები და კომიტეტები: კარტი, კინო, მუსიკის, შესაბამისი პროფესიონალური სტუდიით. თუ დრო გაქვთ, სტუდენტური წვეულებები ყოველდღიურად იმართება.