fbpx
Menu Close

სტატიები

მზიურელები MACS[E]-ის შესახებ

გრძელდება შეხვედრების სერია მზიურის კურსდამთავრებულებთან, რომლებიც სწავლობენ საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ არსებულ წამყვან უნივერსიტეტებში.

მზიურის მოწვევით, თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკისა და ინჟინერიის სკოლის (MACS[E]) გაცნობის მიზნით, შეხვედრას უმასპინძლეს ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებმა: გიორგი კობახიამ, ნიკოლოზ ციმაკურიძემ და ილია სიჭინავამ.

გიორგი კობახია – მზიურელი, საქართველოს ინფორმატიკის ნაკრების წევრი გვიზიარებს უნივერსიტეტში ჩაბარების გამოცდილებას. კომპიუტერული მეცნიერებების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა ყველაზე რეიტინგულია საქართველოში. მისაღებ გამოცდებზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია. მათემატიკაში, ქართულსა და ინგლისურში მაღალი ქულების დაგროვება ესაჭიროებათ აბიტურიენტებს.

ეროვნულ გამოცდებზე სხვა უცხო ენის ჩაბარების შემთხვევაში, სტუდენტს უნივერსიტეტში მოუწევს დამატებით ინგლისურის ჩაბარება. საჭიროებიდან გამომდინარე ენის ცოდნის გასაუმჯობესებლად სპეციალური პროგრამა მოქმედებს. პროგრამა ქართულენოვანია თუმცა სწავლისათვის ინგლისური მნიშვნელოვანია. საერთაშორისო სერთიფიკატები IELTS და TOEFL სტუდენტებს შიდა გამოცდისაგან ათავისუფლებს.

ილია სიჭინავა ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლობს. თავდაპირველად შენობის სისტემების ინჟინერიის მიმართულებაზე ჩაირიცხა და შიდა მობილობის მეშვეობით შეიცვალა სპეციალობა. ამისათვის მას მათემატიკის ტესტის და გასაუბრების გავლა დასჭირდა, ასევე მნიშვნელოვანია მაღალი GPA და მაპროფილებელი საგნის ქულა.

MACS[E]-ის ბაკალავრიატის პროგრამა მოიცავს პროფესიული განვითარებისათვის საჭირო საბაზისო ცოდნს და უნარ-ჩვევებ განვითარებას. საუნივერსიტეტო ზოგადი განათლების მოდულით გათვალისწინებულია ფილოსოფიის, ხელოვნების და ლიტერატურის შესწავლა. მზიურელებმა ისაუბრეს პიროვნული და კარიერული განვითარებისთვის დამატებითი საგნების მნიშვნელობაზე.

უნივერსიტეტს გამორჩეული პერსონალი ყავს. პროგრამირების უზრუნველყოფის ინჟინერიის ლექტორი 9 წელი მუშაობდა გუგლში. „პედაგოგები მიმართულებას გაძლევენ, თვითგანვითარებაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ნიკოლოზ ციმაკურიძე. სტუდენტების მხოლოდ 60% ახერხებს სწავლის 4 წელში დასრულებას. სპეციალობის საგნებში ჩაჭრა სხვა საგნების აღებას შეაფერხებს. ახალგაზრდებს მესამე კურსამდე მუშაობის დაწყებას არ ურჩევენ. პროექტებზე მუშაობისას შესაძლებელია პრაქტიკის დაგროვება. სტუდენტები ერთხმად აცხადებენ რომ მზიურში მიღებული ცოდნა სწავლაში ეხმარებათ.

მზიურელებმა დეტალურად ისაუბრეს სწავლის დაფინანსების შესაძლო გზებზე. უნივერსიტეტში მოქმედებს პროგრამები მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენელი სტუდენტებისათვის. გამორჩეული მიღწევების მქონე სტუდენტები კონკურსებისა და ოლიმპიადების მეშვეობით იღებენ გრანტებს. ინიციატივა „ისწავლე და ასწავლე“ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, რომ სწავლის გადასახადი გადაავადონ მუშაობის დაწყებამდე.

მზიურელებმა ისაუბრეს საზღვარგარეთ დასაქმების შესაძლებლობებზე. კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ კარიერას გუგლში, ამაზონსა თუ მაიკროსოფტში. ნიკოლოზ ციმაკურიძემ ისაუბრა უნივერსიტეტში შეძენილ მეგობრებზე და კონტაქტების მნიშვნელობაზე პროფესიულ ცხოვრებაში.

MACS[E] ცდილობს არ ჩამორჩეს უცხოურ უნივერსიტეტებს. სწავლების ხარისხთან ერთად სტუდენტებს აჩვევს პროფესიულ საქმიანობაში ეთიკური სტანდარტების დაცვას.

მზიურელებთან შეხვედრები კვლავ შედგება, დაგეგმილია ჯიმი სხირტლაძესთან ჩართვა, რომელიც ბულგარეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას გუგლსა და ფეისბუქთან თანამშრომლობის შესახებ. პარიზის პოლიტექნიკური უნივერსიტეტს (École Polytechnique) და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტს (MIT) ქართველი სტუდენტები უახლოეს მომავალში წარმოგვიდგენენ.

Posted in მზიურელები, უნივერსიტეტები