fbpx
Menu Close

სტატიები

შეხვედრა KIU-ს მზიურელ სტუდენტებთან

მზიურის ინიციატივით მოეწყო ონლაინ შეხვედრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მზიურელ სტუდენტებთან. შეხვედრის მიზანია სტუდენტური გამოცდილების და საუნივერსტეტო ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

KIU-ში საბაკალავრო საფეხურზე წარმოდგენიალია მათემათიკის, მენეჯმენტის და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლები. მზიურელთა ინტერესების გათვალისწინებით, შეხვედრის მონაწილეებმა ძირითადად ამ უკანასკნელზე ისაუბრეს. სასწავლო პროგრამა მომზადებულია მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გამოცდილების მიხედვით და აკადემიური პერსონალის უმრავლესობაც გერმანელი პროფესორებითაა დაკომპლექტებული. სტუდენტები შეისწავლიან კომპიუტერულ მეცნიერებათა ფუნდამენტურ თეორიებს და სხვადსხვა (Java, Python,OCaml და ა.შ) პროგრამირების ენებს. მეორე კურსიდან ინტერესებისა და კარიერული მიზნების გათვალისწინებით ხდება დამატებითი სპეციალობის საგნების შესწავლა. მესამე კურსიდან კი ძირითადი მიმართულების არჩევა. სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ქართულად მოხდეს განმარტებების მიღება. სტუდენტები ამბობენ რომ ინგლისურ ენოვან გარემოს მალე შეეჩვივნენ და დარგობრივი ტერმინების ათვისების ხელშესაწყობად სპეციალური ლექსიკონიც შექმნეს.

უნივერსიტეტში არსებული გაცვლითი პროგრამების მეშვეობით შესაძლებელია სწავლის გაგრძელება პარტნიორ უნივერსიტეტებში, როგორც სემესტრულად, ასევე მოკლევადიანი კურსების მეშვეობით. ლუკა სამხარაძე, ყოფილი მზიურელია, როგორც თავად ამბობს “ყოფილი მზიურელი არ არსებობს”. ის ამჟამად KIU-ს კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრიატის მეორე კურსის სტუდენტია. 15 თანაკურსელთან ერთად შარშან იმყოფებოდა მიუნხენში 2 კვირიან საზაფხულო პროგრამაზე. მას ჰქონდა შესაძლებლობა ემუშავა პროექტზე გერმანელ სტუდენტებთან ერთად, პროგრამირების ენა Kotlin-ის გამოყენებით.

ცხრილით გათვალისწინებული სალექციო საათების გარდა ლექტორები და მათი ასისტენტები სტუდენტებს დამატებით უთმობენ დროს რთული საკითხების ასათვისებლად. უნივერსიტეტში არსებული დასაქმების და სტჟირების პროგრამებიდან ლექტორის ასისტენტად მუშაობის შესაძლებლობა ერთ-ერთი გამორჩეულია.

ნია თათრიშვილი ასევე მზიურელია, ის ამჟამად პირველი კურსის სტუდენტია. KIU-ში ჩარიცხვისა და დაფინანსების მოპოვების შესახებ თავის გამოცდილებას გვიზიარებს. აბიტურიენტები ჩაირიცხებიან მათემატიკის, ინგლისურისა და ქართულის გამოცდებში მიღებული ქულების საფუძველზე. კონკურსი წლიდან წლამდე უფრო იზრდება. მთავარი მათემატიკის ცოდნაა, არა მხოლოდ უნივერსიტეტში მოსახვედრად, არამედ შემდგომ პროგრამის დასაძლევად. მზიურელები გვაფრთხილებენ რომ სწავლა KIU-ში ბევრ შრომას და მონდომებას მოითხოვს.

უნივერსიტეტში მოხვედრა მობილობის მეშვეობითაც არის შესაძლებელი. თუმცა სასწავლო პროგრამა იმგვარად არის შედგენილი, რომ საგნების არჩევისას გასათვალისწინებელია რიგითობა. აქედან გამომდინარე სხვა სასწავლებლიდან გადმოსულ სტუდენტებს, როგორც წესი პირველი კურსიდან მოუწევთ სწავლის დაწყება.

სწავლის და საცხოვრებლის დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობა არსებობს. უნივერსიტეტის ვებ გვერდზე შეგიძლიათ ინფორმაციის მიღება. გრანტები და სტიპენდიები გათვალისწინებულია როგორც გამორჩეული აკადემიური მიღწევის მქონე აბიტურიენტებისა და სტუდენტებისათვის, ასევე სპეციალური სოციალური საჭიროებების მქონე პირთათვის. KIU ორ მათემატიკურ კონკურსს მასპინძლობს, გამარჯვებულებსა და ფინალისტებზე გასცემს გრანტებს. ეროვნული გამოცდების საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტები, მედალოსნები თუ ოლიმპიადის გამარჯვებულებიც სარგებლობენ დაფინანსებით. ნია გვირჩევს წინასწარ გავეცნოთ თითოეულ შესაძლო ვარიანტს და აქცენტი იმ კატეგორიაზე გააკეთოთ, რომლის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებასაც შეძლებთ.

მზიურელი დავით პეტრიაშვილი გვიყვება საუნივერსტეტო ქალაქის გამორჩეულ ინფრასტრუქტურაზე. სასწავლო და საცხოვრებელი კომპლექსი ტყის პირასაა გაშენებული, საცხოვრებელი ოთახები გათვლილია 1 ან 2 სტუდენტზე. სწავლება ჰიპრიდულ რეჟიმში მიმდინარეობს, სტუდენტებს საშუალება აქვთ როგორც ონლაინ დასწრების, ასევე კამპუსზე ცხოვრების. მოწყობილია საერთო სამუშაო სივრცეები ჯგუფური მეცადინეობისათვის. გასართობ და დასასვენებელი ზონაში სათამაშო ოთახები და კინოს დარბაზი დაგხვდებათ, შენდება სპორტული კომპლექსი. დავითი აღნიშნავს რომ დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ერთმანეთის დახმარება სტუდენტური ცხოვრების გამორჩეული ასპექტია. ნიაც სიამოვნებით იხსენებს ლექტორებთან და მათ ასისტენტებტან გატარებულ დროს: “საერთოდ სხვა სამყაროა, საღამოობით შენს ლექტორს პინგპონგი ეთამაშო, ჩვეულებრივი ამბავია”.

ლუკა გოგოლაძე, მზიურის პროგრამირების საოლიმპიადო ჯგუფიდანაა. ის KIU-ში არსებულ კარიერულ შესაძლებლობებზე გვესაუბრება. დასაქმების შესაძლებლობა სტუდენტებს პირველივე კურსიდან ეძლევათ. ლუკა გვიხსნის, რომ ყველაფერი თავად სტუდენტზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია სწავლასთან ერთად მუშაობის შეთავსების შესახებ სწორი არჩევანის გაკეთება. გირჩევთ რომ სწავლის ხარისხის დათმბობის ხარჯზე მუშაობის დაწყებას ნუ იჩქარებთ. წელს უნივერსიტეტის სტუდენტებით ლიბერთი ბანკი დაინტერესდა და 10-მდე ახალგაზრდა დაასაქმა. მთავარი კონკურენტული უპირატესობა უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნაა, რითაც სხვა კანდიდატებისგან გამოირჩევიან გასაუბრებისას. დაგროვილ პრაქტიკულ გამოცდილებასთან და დამატებით მენეჯმენტის საფუძვლების შესწავლასთან ერთად, კურსდამთავრებულები კომპანიებისათვის კიდევ უფრო ღირებული რესურსია.

უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დასაფინნსებლად სპეციალური ფონდი არსებობს. სამომავლოდ დაგეგმილია კვლევითი პროექტების განხორციელება. პროექტებსა და აქტივობებში ჩართულობა მნიშვნელოვანი და საინტერესო კონტაქტების შეძენისა და სანაცნობო წრის გაფართოების შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, რასაც კარიერული განვითარების გზაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

Posted in მზიურელები, უნივერსიტეტები