fbpx
Menu Close

სტატიები

ახალგაზრდა მზიურელის ისტორია ალგორითმებიდან წარმატებულ საერთაშორისო კომპანიამდე

ნიკა სალია ერთ-ერთი იმ მზიურელთაგანია, რომლის ისტორიაც კარგად აღწერს, თუ რამდენად ეხმარება მზიური მის მოსწავლეებს სწორი კარიერული განვითარების გზის პოვნაში. ნიკა ამჟამად 20 წლის არის, სწავლობს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე თავისუფალ უნივერსიტეტში და მუშაობს საერთაშორისო კომპანია Quora-ში. მზიურში სწავლის დასრულების შემდეგ, ის ასევე იყო მზიურის, ვეკუას სკოლის და კინგსის აკადემიის ლექტორი. მზიურის რუბრიკის – ,,წარმატებული მზიურელების’’ ფარგლებში, ნიკას ვთხოვეთ მოეყოლა თავისი განვლილი კარიერული გზის შესახებ:

  • გამარჯობა ნიკა. პირველ რიგში, მზიურის ბლოგის მკითხველისთვის საინტერესოა ინფორმაცია იმ კომპანიის შესახებ, რომელშიც დღეს მუშაობ. რა არის Quora და რა პოზიციას იკავებ კომპანიაში?

ამჟამად Quora-ს mobile გუნდში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის პოზიციაზე ვმუშაობ. Quora არის კომპანია, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და მისი მთავარი მიზანი საზოგადოებაში სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ცოდნის გავრცელებაა. პლატფორმაზე ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა დასვას კითხვა და მიიღოს კვალიფიციური პასუხი ნებისმიერ საკითხზე, იქნება ეს კორონავირუსი თუ პროგრამირება. ამჟამად პლატფორმას 300 მილიონამდე აქტიური მომხმარებელი ჰყავს. „

  • ნიკა, როგორც ცნობილია, საერთაშორისო კომპანიაში მოხვედრა საკმაოდ რთულია და ხშირად აპლიკანტები მრავალსაფეხურიან შესარჩევ ეტაპებს გადიან, მოგვიყევი როგორი იყო შენთვის ეს გზა Quora-ს გუნდში მოსახვედრად?

საბედნიეროდ, ჩემი პირველივე მცდელობა, დამეწყო მუშაობა საერთაშორისო კომპანიაში, წარმატებით დასრულდა, თუმცა, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, Quora-ს შესარჩევი ეტაპები შედარებით რთული და მრავალსაფეხურიანია. სხვა კომპანიები საწყის პოზიციაზე აყვანისას ასეთი მკაცრები არ არიან. რაც შეეხება ჩემს ამ პოზიციაზე აყვანას, შესარჩევი ეტაპი შედგებოდა 3 ძირითადი ნაწილისგან: პირველი იყო ონლაინ ტესტი, სადაც 70 წუთში 3 ამოცანა უნდა ამომეხსნა, მეორე ინტერვიუ უკვე პირისპირი გასაუბრება იყო, რომელზეც დავალებული მქონდა 1 საოლიმპიადო ამოცანის ამოხსნა, დავალების შესრულების პროცესში მაკვირდებოდნენ როგორ ვხსნიდი ამოცანას და როგორ ვწერდი კოდს. ბოლო, მე-3 ნაწილი კი სამ ეტაპად იყო გაყოფილი – ინტერვიუ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან, ალგორითმული ამოცანის ამოხსნა და პრაქტიკული ინტერვიუ, რომლის ფარგლებშიც უკვე მზა პროექტში უნდა დამემატებინა ახალი ნაწილი.“

  • მზიურთან ურთიერთობის წლები რომ გაიხსენოთ, როგორ მოხვდით მზიურში?

მზიურში სრულიად შემთხვევით მოვხვდი, როდესაც სკოლაში გავიგე მზიურის ოლიმპიადის შესახებ და სახლში განვაცხადე, რომ აუცილებლად ვაპირებდი მონაწილეობის მიღებას. ოლიმპიადაზე გასვლის შემდეგ მზიური დაუკავშირდა ჩემს მშობლებს და ჩემი მზიურში შეყვანა ურჩიეს. ამის შემდეგ დაიწყო ჩემი მრავალწლიანი ურთიერთობა მზიურთან. საოლიმპიადო პროგრამირებას მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით ვსწავლობდი.“

ნიკას აზრით მზიურში მიღებული ცოდნა არამარტო პროფესიაში ადგება, არამედ ცხოვრებაშიც: ,,კოდში შეცდომის პოვნის პროცესი და ცხოვრებაში რაღაც გაუმართავის გასწორების პროცესი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. იმის ნაცვლად, რომ ამტკიცო, თუ რატომ ხარ სწორი, სწავლობ, რომ შენი თავის მიმართ იყო კრიტიკული და გამონახო ყველა გზა, რომ შენი დაწერილი კოდი ,,ჩაჭრა’’ ’’ – ამბობს ნიკა.

  • რას ურჩევდით დამწყებ დეველოპერებს და მზიურის ამჟამინდელ მოსწავლეებს?

საოლიმპიადო პროგრამირება არ ეგონოთ ისეთი სფერო, რასაც არ აქვს პრაქტიკული გამოყენება და მხოლოდ ოლიმპიადებისთვის და მედლების მისაღებად მომზადებას გულისხმობს. ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად რაც გამომადგა ჩემს კარიერაში, ალგორითმების მაღალ დონეზე ცოდნაა. ამის გარეშე ვერასდროს მოვხვდებოდი იქ, სადაც ახლა ვარ.“

ნიკას მაგალითზე, ყველა მზიურელს ვუსურვებთ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას და წარმატების მიღწევას.

Posted in მზიურელები