fbpx
Menu Close

სტატიები

მზიურელები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში

მზიურელები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT) 1861 წელს შეიქმნა. მისი მიზანია, განათლების, კვლევებისა და ინოვაციების დახმარებით, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. საუკეთესო უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგებში  MIT ყოველთვის მოწინავე ადგილებზეა. რამდენიმე სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით, განსაკუთრებით უკანასკნელ წლებში,  MIT პირველ ადგილზეა.

სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ამ მრავალმხრივ წარმატებული ინსტიტუტის ქართველი სტუდენტების უმრავლესობა მზიურელია.

17 აპრილს გადავწყვიტეთ, მოგვეწყო მორიგი შეხვედრა, სადაც ჩვენს ამჟამინდელ მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, ესაუბრათ MIT-ის სტუდენტებთან და გასცნობოდნენ მათთვის საჭირო ინფორმაციას ამ ინსტიტუტის შესახებ. მადლიერებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყველა მათგანი სიამოვნებით დათანხმდა შეხვედრაში მონაწილეობას.

თავდაპირველად ყოფილმა მზიურელებმა – ნიკა ბირკაძემ, დიმიტრი ცხოვრებაძემ, გიორგი კლდიაშვილმა, საბა ლეფსვერიძემ, ელენე მაჩაიძემ, ზვიად მეტრეველმა და მარიამ კობიაშვილმა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა უნდა გაითვალისწინონ იმ მოსწავლეებმა, ვისაც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სწავლა სურთ.

ნიკა ბირკაძე, რომელმაც ახლახან ჩააბარა MIT-ში, სექტემბრიდან სწავლას დაიწყებს. მან ისაუბრა აპლიკაციაზე, რომლის შევსებაც უწევს მასაჩუსეტსის ინსტიტუტში მოხვედრის მსურველებს, ასევე, გააცნო მზიურელებს თავისი გამოცდილება, რომელიც გასაუბრებისას აუცილებლად გამოადგებათ.

„პირველ რიგში, ავსებ აპლიკაციას, სადაც წერ შენს აქტივობებს – სხვადასხვა წარმატებებს, მაგალითად, ჩემ შემთხვევაში ეს ოლიმპიადებში მონაწილეობა იყო. საერთაშორისო და ეროვნულ ოლიმპიადებში წარმატების მოპოვება დამეხმარა, რომ ამ უნივერსიტეტში მოვხვედრილიყავი.

აპლიკაციის გაგზავნის გარდა, კიდევ საჭიროა ორი მასწავლებლის რეკომენდაცია. ერთი პედაგოგი აუცლებლად მათემატიკოსი უნდა იყოს, მეორე კი – ჰუმანიტარი.

აპლიკაციის გაგზავნიდან სადღაც ერთ თვეში მომწერა ინსტიტუტმა ინტერვიუსთან დაკავშირებით. ინტერვიუზე მკითხეს, რატომ მსურდა MIT-ში სწავლა, რა გზა გამოვიარე აქამდე, რისი გაკეთება მიყვარს და ა.შ. ეს ინტერვიუ დაახლოებით თებერვლის დასაწყისში ჩამიტარეს, მარტში კი დადებითი პასუხი მომივიდა“ – ამბობს ნიკა ბირკაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსწავლეების უმეტესობას ოლიმპიადებში მონაწილეობამ გაუხსნა გზა MIT-სკენ, დიმიტრი ცხოვრებაძემ ოლიმპიადების გვერდით ავლითაც შეძლო ამ ინსტიტუტის სტუდენტი გამხდარიყო. ის ახლა მე-3 კურსის სტუდენტია.

„როცა აპლიკაციას ავსებ, თუ გაქვს რაღაც კონკრეტული მიმართულება, რომელზეც  ხარ ორიენტირებული, ძალიან კარგია. უმეტესობას ოლიმპიადა დაეხმარა, რომ აქ მოხვედრილიყო. ჩემს შემთხვევაში კი, სტარტაპებში მონაწილეობამ გაამართლა.

სანამ სტუნდენტი გავხდებოდი, საქართველოში სტარტაპების პერიოდი დაიწყო. სტარტაპები იღებდნენ უცხოურ ინვესტიციებს და სწორედ ამან გამოიწვია მისი ამგვარი პოპულარობა საქართველოში. მე მეგობრებთან ერთად დავიწყე ხელთათმანის გაკეთება. მაშინ ვირტუალური რეალობა ახალი ინდუსტრია იყო და გვინდოდა, რომ ვირტუალური რეალობისთვის შეგვექმნა ხელთათმანი, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, დაგვეკავშირებინა ჩვენი თავი კომპიუტერთან. ჩვენი ხელების მოძრაობა ვირტუალურ რეალობაში ჩანს.

იმ პერიოდისთვის ეს ახალი რაღაც იყო, ოკულუსი, ალბათ, ბევრს გაუგია, იყო ახალი პროექტი, რაც გამოვიდა და ამან ინვესტორების მხრიდან გამოიწვია დიდი ინტერესი. მალევე წავედით დუბაიში, სადაც დიდი გამოცდილება მივიღეთ. გავიარეთ კომპანიის ჩამოყალიბების პროცესი, დეველოპმენტი, დავხვეწეთ პროდუქტი.

რადგან მაშინ დუბაიში ვიყავი, საშუალება მომეცა პირადად შევხვედროდი MIT-ის იმ თანმშრომელს, ვისთანაც ინტერვიუ უნდა მქონოდა. რა თქმა უნდა, ხელთათმანიც თან წავიღე.

ინტერვიუსას, მაგალითად, ნიკა თუ საუბრობდა ოლიმპიადების მიზნებასა და იქ მიღებულ გამოცდილებაზე, მე ვსაუბრობდი ჩემ შესახებ, როგორ მინდოდა, მაგალითად, ტექნოლოგიებში განვითარება, რაში გამომადგებოდა MIT-ი და რაში შეიძლებლოდა გამოვდგომოდი მე. უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის უნდა ჩანდეს ორმხრივი კავშირი, უნდა გადაწყვიტო, შენ ნამდვილად თუ გამოგადგება ეს უნივერსიტეტი და ამავდროულად უნივერსიტეტმაც უნდა გადაწყვიტოს, შენი რესურსებით მოუტან თუ არა რამე დადებითს. ერთერთი მთავარი ეს არის იმისთვის, რომ MIT-ში მოხვდე. ამიტომ ჩემი დამოკიდებულება იყო, მქონოდა რამე მთავარი მიზანი (ჩემ შემთხვევაში კარიერული) და, ამ მიზნიდან გამომდინარე, ამეწყო გემები. ეს იყო ის თემები, რაზეც ვისაუბრე აპლიკაციასა და ინტერვიუს ჩაწერისას“ – აღნიშნავს დიმიტრი ცხოვრებაძე.

საბა ლეფსვერიძე პირველ კურსს ამთავრებს, პანდემიის გამო, მას ვირტუალურად სწავლა საქართველოდან უწევს. მიუხედავად ამგვარი სირთულისა, როგორც თავად აღნიშნავს, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტმა ამ დაბრკოლებას ძალიან კარგად გაართვა თავი.

„მინდა ვთქვა რომ, MIT-მა ძალიან კარგად მოახერხა ვირტუალურად სწავლება. მე არ ვიცი, ადრე როგორ იყო, მაგრამ ეს სემესტრი ნამდვილად პროდუქტიულად მიმდინარეობდა. ბევრი რესურსები გვაქვს მთავარ საიტზე, სადაც იდება ლექციები, სხვადასხვა ინფორმაცია და ფაილები. ერთ საიტზე დავალებებს ვტვირთავთ, მეორე საიტზე – დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი, მესამეზე კი – ლექციებზე შესვლას ვახერხებთ. ეს ყველაფერი მიმდინარეობს „ზუმით“. 

ჩემთვის ეს ერთი სემესტრი საკმაოდ ნაყოფიერი იყო, რადგან ტექნოლოგიური ინსტიტუტი ყველანაირად გეხმარება, გამოცდების მხრივაც კი. რადგან საქართველოში ვარ, ცოტა გვიან მიწევს ლექციებზე დასწრება. მართალია, ლექციები ჩვენი დროით 7 საათზე იწყება და ღამის 12-ზე მთავრდება, მაგრამ, საბედნიეროდ, უფლებას გაძლევენ, რომ თუ, დავუშვათ, გამოცდა ცუდ დროს გვაქვს, ვთხოვოთ და სხვა დროს დაგვაწერინებენ.

ასევე, სემინარები და ლექციები თუ გვაქვს გვიან, გადმოვიტანოთ და ჩვენს დროს მოვარგოთ. ამ მხრივ, მოკლედ, არანაირი საყვედური არ მაქვს MIT-თან. ვარაუდობენ, რომ შემოდგომიდან სწავლა ჩვეულებრივად გაგრძელდება. იმედია, მალე დასრულდება პანდემია და მოხერხდება ეს ყველაფერი“ – დასძენს საბა ლეფსვერიძე.

მე-4 (დამამთავრებელი) კურსის მოსწავლე, ელენე მაჩაიძე, რომელიც ამჟამად ამერიკაში იმყოფება, მაინც ონლაინ სწავლების რეჟიმშია.

„მე, გიორგი და დიმიტრი ამერიკაში ვართ, თუმცა ჩვენც ონლაინში ვსწავლობთ, ჩვენც „ზუმით“ გვიწევს ლექციაზე დასწრება იმიტომ, რომ რეალურად შენობები არის, მაგრამ შიგნით ლექტორები არ არიან და ოთახები ცარიელია. ვსწავლობ კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე. ამ კონკრეტული ფაკუტეტისთვის არ არის ძალიან მკაცრი მოთხოვნები, ბევრი რამის არჩევა შეგიძლიათ, თუმცა ნებისმიერ სტუდენტს აქვს ასაღები მეცნიერების საგნები, როგორიცაა – ბიოლოგია, ქიმია, ორი ფიზიკისა და ორი მათემატიკის საგანი. ამასთან, ოთხი წლის განმავლობაში, ანუ ჯამში რვა სემესტრში, უნდა ავიღოთ რვა ჰუმანიტარული – ხელოვნების ან სოციალური მეცნიერებების საგანი. ჩემს კონკრეტულ ფაკულტეტს აქვს რამდენიმე სავალდებულო საგანი, ხოლო დანარჩენი – არჩევითია. კრედიტებს რაც შეეხება, აუცილებელია კრედიტების გარკვეული რაოდენობის დაგროვება დიპლომის მოსაპოვებლად. ბევრი მიმართულებაა, რაც შეგიძლიათ აირჩიოთ კომპიუტერულ მეცნიერებაში – თეორიული მიმართულება, ან კომპიუტერული ინჟნერია, შეიძლება ელექტრონული ინჟინერიისკენ წახვიდეთ, ან რობოტიკა აირჩიოთ, მე კომპიტერული მეცნიერებების სისტემების კლასები ავირჩიე, რადგან ყველაზე მეტად ეს მაინტერესებდა“  – განაცხადა ელენე მაჩაიძემ.

გიორგი კლდიაშვილი თავდაპირველად ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში სწავლობდა, შემდეგ თბილისში გადმოვიდა საცხვრებლად, ჯერ დემირელის სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი კომაროველი გახდა და მზიურსაც მალე შემოუერთდა. ის ამჟამად მასაჩუსეტსის ინსტიტუტის მე-2 კურსს ამთავრებს. რადგან საქართველოში მრავალჯერ გამოიცვალა სასწავლებელი და ერთგვარი გამოცდილებაც დააგროვა ამ საკითხში, გადაწყვიტა ესაუბრა იმ განსხვავებაზე, რაც ქართულ და ამერიკულ სწავლებას შორის არსებობს.

„ჩემი აზრით, საკმაოდ დიდია განსხვავება MIT-ში სწავლებასა და საქართველოს სკოლებში სწავლებას შორის. თუ საქართველოში ხარ მონდომებული, რომ ისწავლო სკოლის მასალა და არ ჩამორჩე და გაქვს ის მიზანი, რომ ყველაფერი ისწავლო, აქაც არ გაგიჭირდება სისტემასთან შეგუება. განსხვავება არის, პირველ რიგში, ის, რომ მასალა საკმაოდ დიდია, ბევრ დავალებას გვაძლევან. თუ კონკრეტული რეჟიმი გაქვს და მოინდომებ, უნდა აღინიშნოს, რომ შეუძლებელი არაფერია და ყველაფრის მოსწრებას შეძლებ. თითოეულ კლასს აქვს სხვადასხვა სისტემა, ძალიან დიდი თავისუფლება გაქვს იმასთან მიმართებით, თუ რა კლასების აღება შეგიძლია. გაქვს კონკრეტული მოთხოვნები შენი დეპარტამენტისგან, მაგრამ ამ ზოგიერთი მოთხოვნის სხვა ვერსიებით ჩანაცვლებაც კი შეგიძლია და დამატებით კიდევ ძალიან დიდი თავისუფლება გაქვს სხვა კლასების აღებისას. თვითონ კლასები სტილით ძალიან განსხვავდება, მაგალითად, კომპიუტერულ მეცნიერებაში ხშირად ნახავთ ისეთ საგნებს, რომლებიც შენგან მხოლოდ ითხოვენ მთელი სემესტრის განმავლობაში ერთი კონრეტული სისტემის დიზაინს და ერთი-ორი გამოცდის გარდა საერთოდ გამოცდებიც არ აქვთ ხოლმე, მეორეს მხრივ, პირველ ორ კურსზე არის ზოგადი საგნები, სადაც შეიძლება ოთხი გამოცდა გქონდეს ერთი სემესტრის განმავლობაში. საგნების სტილი განსხვავდება, დეპარტამენტების მიხედვით, და იმაზე არის დამოკიდებული, კონკრეტულად რას გასწავლიან და რას იღებ ამ საგნებისგან“ – ამბობს გიორგი კლდიაშვილი.

მასაჩუსეტსის ტექნოლიგური უნივერსიტეტი, განათლებასთან ერთად, ზრუნავს სტუდენტების ჯანსაღ ცხოვრებაზეც.

„სტუდენტურ ცხოვრებაზე თუ ვისაუბრებთ, უნდა აღინიშნოს, რომ სპორტში ვიღებთ ხშირად მონაწილეობას. კარგია, რომ ფიზიკურად აქტიურობ და თან სხვა სტუდენტებთან გაქვს ურთიერთობა.  ჩემთვის მთავარი აქტივობა იყო, მაგალითად, ფეხბურთის თამაში, ვერ ვიტყვი, რომ ამერიკაში განსაკუთრებით დიდი ინტერესია კონკრეტულად ფეხბურთის, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მაინც საინტერესო იყო.“ – აღნიშნავს დიმიტრი ცხოვრებაძე.

ელენე მაჩაიძეც გამოეხმაურა სპორტის თემას:

„სპორტის საგნები აუცილებელი მოთხოვნაა, რვა კრედიტი უნდა დააგროვო, თითო საგანი 2 კრედიტს გაძლევს. სულ ოთხი საგანი გაქვს ასაღები, თითო საგანი გრძელდება ნახევარი სემესტრი. შეგიძლია ყველა საგანი რეალურად ერთ წელიწადში მოითხოვო, ან სხვადასხვა სემესტრებზე გადაანაწილო. მე, მაგალითად, ავიღე ორი ცეკვის საგანი, რაშიც, რა თქმა უნდა,  სპორტული ცეკვები იგულისხმება, ასევე, ვისწავლე ფიგურული სრიალი და კიდევ იოგაზე დავდიოდი კვირაში ორჯერ,“- დასძინა ელენე მაჩაიძემ.

პანდემიის მიუხედავად, გიორგი კლდიაშვილი ახერხებს სპორტით დაკავდეს და, საბედნიეროდ, ამისთვის „ზუმი“ არ სჭირდება:

„კორონას გამო ბევრი სპორტული საგნის ჩატარება ვერ ხერხდება, მაგრამ მე ახლა აღებული მაქვს გოლფი და ცოტა უცნაურია პირბადეებით გოლფის თამაში, მაგრამ კვირაში ორჯერ მაინც ამ სპორტით ვარ დაკავებული.

ზოგადად კოვიდის გამო სტუდენტური ცხოვრება, ასე ვთქვათ, დაპაუზებულია. შარშანდელთან შედარებით საერთოდ არაფერი ხდება, ყველაფერი არის გადატანილი ონლაინ რეჟიმში. მე და დიმიტრი ამჟამად კამპუსში ვცხოვრობთ და, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტების უმრავლესობა გვერდით ნომრებში, ასევე, ცხოვრობენ, ერთმანეთთან შეხვედრა ყველას კომპიუტერით გვიწევს“- ამბობს გიორგი კლდიაშვილი.

კამპუსში ცხოვრებაზე ისაუბრა დიმიტრი ცხოვრებაძემაც:

„ყველა საცხოვრებელს აქვს თავისი კულტურა, მაგალითად, სადაც თავიდან ვცხოვრობდი, იქ ყოველ ოთხშაბათს ვიკრიბებოდით ხოლმე და უბრალოდ საღამოობით ვსაუბრობდით. ახლა სხვა საცხოვრებელში ვართ მე და გიორგი და, წესით, სხვა რაღაცებიც უნდა იყოს ხოლმე აქ, მაგრამ აქ ეგეთი რაღაცები არ ხდება.“

ამ თემას ელენე მაჩაიძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  კორონამდე ყველა საცხოვრებელს თავისი აქტივობა ჰქონდა, განსაკუთრებით, გასაცნობად, საცხოვრებლის საჩვენებლად, ოთახების ასაღებად.

„ზოგჯერ ხალხს საცხოვრებლის შეცვლაც კი შეეძლო ამის შემდეგ. ძალიან ბევრი უფასო საჭმელი იყო მაგ დროს კამპუსზე. მოდიოდნენ კამპუსში ასევე, კომპანიები, სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება, შეხვედროდნენ ამ კომპანიებს, მოესმინათ, რას აკეთებენ ისინი, ბევრი უფასო საჭმელი იყო მანდაც.  ერთი დღის განმავლობაში ვხვდებოდით 100-200-მდე კომპანიას. ხანდახან ინტერვიუებსაც გვინიშნავდნენ, ეს ძალიან კარგი საშუალება იყო სტაჟირების საპოვნად ზაფხულისთვის, ან მერე სრულ სამუშაოს მოსაპოვებლად. – აღნიშნა ელენემ.

MIT-ის ამჟამინდელი სტუდენტების  გარდა, უნდა აღვნიშნოთ, რომ მის კურსდამთავრებულებშიც არიან მზიურელები.

მზვიად მეტრეველი პირველი ქართველია, რომელიც MIT-ში მოეწყო, ხოლო მარიამ კობიაშვილი პირველი ქართველი გოგონაა, რომელმაც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი დაამთავრა.

ორივე მათგანს დიდი გამოცდილება აქვთ ისეთ ცნობილ კომპანიებთან მუშაობაში, როგორიცაა, მაგალითად – Google , Dropbox და ა.შ.

„მე MIT-ში ჩავაბარე 2006 წელს, 2010-ში დავამთავრე ბაკალავრიატი და 2011-ში -მაგისტრატურა. ყველაზე მთავარია აღინიშნოს ის, რომ უნივერსიტეტი არის პირველი დიდი ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ. როდესაც წყვეტ, რა გინდა ისწავლო, რა კლასები აიღო, არჩევანს შენით აკეთებ. სწავლების სირთულე და სიმარტივე იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ კლასს აიღებ. აქ ყველას შეუძლია თავისი ადგილი იპოვოს. შენი სოციალური სფეროს პოვნა მარტივი არ არის, მაგრამ ყველასთვის არის ხელმისაწვდომი. MIT-ში არის კარგი ის, რომ შეგიძლია განავრცო შენი ინტერესთა წრე, მსოფლმხედველობა გაიზარდო. MIT-ის შემდეგ ცხოვრებას რაც შეეხება, პრესტიჟული უნივერსიტეტი კარს გიღებს ყველა ცნობილ კომპანიაში. როცა რეზიუმეში გიწერია, რომ MIT-ში სწავლობდი, ინტერვიუს დიდი ალბათობით ყველა კომპანია დაგინიშნავს,“ – ამბობს ზვიად მეტრეველი.

„მე 2011-ში ჩავაბარე MIT-ში და 2015-ში დავამთავრე, უკვე სხვადასხვა კომპანიებში ვმუშაობ. ცოდნა, რა თქმა უნდა, გამოსადეგია, მაგრამ საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია ზოგადი განათლება და ის უნარ-ჩვევები, მაგალითად, რასაც მზიურში იღებთ, სამომავლოდ გამოგადგებათ,“ – განაცხადა მარიამ კობიაშვილმა.

MIT-ის სტუდენტებმა ისაუბრეს ინგლისური ენის ცოდნის აუცილებლობაზე, დაფინანსებაზე, უფრო ვრცლად გაშალეს სტაჟირების თემა სხვადასხვა კომპანიებში.

ამ თემებზე უფრო დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ შეხვედრის ვიდეოჩანაწერს:

ინფორმაციას მასაჩუსეტსის ტექნოლოგურ ინსტიტუტში მოხვედრასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ვრცლად ინსტიტუტის ვებგვერზე გაეცნოთ :

https://www.mit.edu/admissions-aid/

აქვე, თუ დაგაინტერესებთ, როგორია სტუდენტური ცხოვრება MIT-ში, აუცილებლად გახსენით მბული: https://www.mit.edu/campus-life/

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სწავლა არის დიდი გამოწვევა, რომელიც მომავალში დიდი წარმატების საწინდარია. მთავარია, მოინდომოთ და შეუძლებელი არაფერია.

Posted in ბავშვების განვითარება, ინფორმატიკის ოლიმპიადა, მზიურელები, მზიურელები მზიურელებისათვის, პრეზენტაცია, პროგრამირება, საერთაშორისო ოლიმპიადა, სწავლა უცხოეთში, უნივერსიტეტები