fbpx
Menu Close

სტატიები

ზამთრის ოლიმპიადა ინფორმატიკაში

ეროვნული ოლიმპიადა ინფორმატიკაში საქართველოში 1989 წლიდან ტარდება და მასში მონაწილების შესაძლებლობა აქვთ საჯარო ან კერძო სკოლის მოსწავლეებს. ოლიმპიადა სამ ასაკობრივ ჯგუფში ტარდება: მე-8 კლასამდე, მე-9 და მე-10 კლასებსა და მე-11 და მე-12 კლასებში. უფრო დაწვრილებით ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ბლოგის სტატია «როგორ მოვხვდეთ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე»

ეროვნული ოლიმპიადის გარდა საქართველოს სკოლების მოსწავლეებისთვის ტარდება «ზამთრის ოლიმპიადა», რომელიც ერთგვარი «გენერალური რეპეტიციაა» ეროვნული ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად. ეს ოლიმპიადა 2014 წელს დააფუძნა გიორგი მანდარიამ.

იმისათვის, რომ უკეთ გაგაცნოთ ზამთრის ოლიმპიადის სპეციფიკა, ვესაუბრეთ მის დამფუძნებელს, გიორგი მანდარიას.

„ყოველთვის მინდოდა ჩვენს მოსწავლეებს უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონოდათ როგორც უკეთ მომზადებისა, ასევე – სხვადასხვა მაღალი რანგის შეჯიბრებებში მონაწილეობისა. თავიდან პრაქტიკულად შეუძლებელი გახლდათ ასეთი საქმეებისათვის დაფინანსების წყაროების მოძიება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენი საოლიმპიადო სკოლის აღზრდილები  დასაქმდნენ სხვადასხვა წამყვან IT კომპანიებში და ზოგმა საკუთარი კომპანიაც კი დააფუძნა (როგორც უცხოეთში, ისე – საქართველოში), შესაძლებელი გახდა ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. კერძოდ, 2008 წელს თანამოაზრეებთან ერთად დავაფუძნე საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია, სადაც ყოველ წელიწადს ჩვენი ყოფილი ოლიმპიელების შემოწირულობების ხარჯზე ხდება გარკვეული თანხების აკუმულირება. სწორედ ამ თანხებით მოვახერხეთ რამდენიმეჯერ ნაკრების კანდიდატებისათვის შეკრებების მოწყობა ბაკურიანსა და თბილისში. ხოლო 2014 წლიდან, რაც ეროვნული გამოცდების ცენტრმა ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადა გააუქმა (იმ მოტივით, რომ ინფორმატიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში არ წარმოადგენდა სავალდებულო საგანს), სწორედ ამ ასოციაციამ აიღო თავის თავზე განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე საკუთარი ხარჯებით ჩაეტარებინა ეროვნული ოლიმპიადა ინფორმატიკაში. ამ წელსვე, 2014-ში, გადავწყვიტე ასოციაციის ეგიდით ჩვენი მოსწავლეებისათვის კიდევ ერთი მაღალი რანგის, ზამთრის ოლიმპიადის დაფუძნება, რომელიც ყოველი თებერვლის ბოლო კვირაში ტარდება და წელს უკვე მერვედ ჩავატარეთ“ – აღნიშნავს გიორგი მანდარია.

როგორც ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების იდეა 2014 წელს გაჩნდა, მაგრამ ასეთი შეჯიბრის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის ინტელექტუალური რესურსის გარდა, კიდევ ბევრი რამ იყო საჭირო: ორგანიზაციული მხარდაჭერა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ფინანსური მხარდაჭერა. ასოციაციის ფინანსური შესაძლებლოები არ იყო საკმარისი კიდევ ერთი ოლიმპიადის ჩასატარებლად და ამიტომ ბატონმა გიორგიმ თავისი იდეა გაუზიარა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტის ხელმძღვანელობას, სადაც 2007 წლიდან მუშაობს. მალევე მიიღო მათგან თანხმობა და უნივერსიტეტის მხრიდან ეს მხარდაჭერა, მიუხედავად პანდემიითა და სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული პრობლემებისა, დღემდე გრძელდება.

ოლიმპიადაზე მოსწავლეებს ხშირად ამოსახსნელად ეძლევათ არასტანდარტული, ე.წ. „უხერხული“ ამოცანები, რათა ისინი შეეჩვიონ ასეთი ამოცანების განსაზღვრულ დროში ამოხსნას და საპასუხიმგებლო შეჯიბერებებზე მზად იყვნენ ნებისმიერი ტიპის ამოცანის დასაძლევად.

ოლიმპიადა სასარგებლოა პედაგოგებისათვისაც. მათ შესაძლებლობა ეძლევათ, გააანალიზონ შედეგები, დაანახონ თავიანთ მოსწავლეებს მათ ცოდნაში არსებული ხარვეზები და მომავალში ერთად იმუშავონ ამ ხარვეზების გამოსწორებაზე. 

2017 წლიდან იმართება სრულიად ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა, სადაც აღსანიშნავია, რომ ევროპის პირველივე ოლიმპიადის ჩემპიონი ქართველი მოსწავლე გახდა.

აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ გასულ წელს ევროპის მე-4 ახალგაზრდულ ოლიმპიადას საქართველომ უმასპინძლა და რადგან იგი ონლაინ რეჟიმში გაიმართა, მომავალი – მე-5 ოლიმპიადის მასპინძელ ქვეყნად კვლავ საქართველო რჩება.

რა თქმა უნდა, ეპიდვითარებამ წელს გავლენა იქონია ოლიმპიადის მსვლელობაზე იმ თვალსაზრისით, რომ ზამთრის ოლიმპიადა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, იგივე რეჟიმში ჩატარდა ევროპის ოლიმპიადაც.

ბატონმა გიორგიმ ისიც აღნიშნა, რომ დაახლოებით ერთ თვეში გეგმავენ გამართონ ეროვნული ოლიმპიადის რეგიონული ტური, რომელიც ადრეც დაუსწრებლად ტარდებოდა. რაც შეეხება დასკვნით და ნაკრების შესარჩევ ტურებს, ისევე როგორც სექტემბერში ევროპის მე-5 ოლიმპიადასა და მომავალ ზამთრის ოლიმპიადას,  იმედოვნებენ, რომ მათ კვლავ ჩვეულ რეჯიმში ჩაატარებენ. ასევე, ბატონ გიორგის დიდი სურვილი აქვს, რომ ივნისის თვეში მსოფლიოს 33-ე ოლიმპიადა დასწრებული ფორმატით ჩატარდეს, ჩვენი ქვეყნის მოსწავლეთა ნაკრებმა შეძლოს სინგაპურში გამგზავრება  და მსოფლიო ოლიმპიადიდან ტრადიციული წარმატებებით დაბრუნდეს.

ბატონმა გიორგიმ, ასევე, ისაუბრა ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველ მოსწავლეებზე და მათ რჩევა-დარიგებები მისცა.

„ოლიმპიადაში მონაწილების მსურველ ბავშვებს ვურჩევ გაერთიანდნენ ჩვენს საოლიმპიადო ჯგუფებში, რომლებიც ამჟამად ფუნქციონირებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრ „მზიურში“ (დაწყებული მე-4 – მე-5 კლასიდან). ასევე, კომაროვისა და ვეკუას სახელობის სკოლების მოსწავლეებს ასეთ ჯგუფებში, გარდა მზიურისა, საკუთარ სკოლებშიც შეუძლიათ იმეცადინონ. ქუთაისში ასეთი ჯგუფებია ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში და შპს N1 სკოლაში (გოქაძის სკოლა). გარდა ამისა, პანდემიამ უკვე ყველას მოგვცა ონლაინ რეჟიმში სწავლების გამოცდილება და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ასეთ ბავშვებთან ამ რეჟიმში მუშაობა სრულიად ნორმალურად მიმდინარეობს. ასე რომ, უკვე შეიძლება თბილისში არსებულ ჯგუფებში სხვა რეგიონებიდანაც ჩაერთონ დისტანციურად მოსწავლეები, ან მათთვის საერთოდ ცალკე ჯგუფები შეიქმნას. ზუსტად ვიცი, რომ რეგიონებში ბევრი ნიჭიერი და სწავლას მოწყურებული ბავშვია და თუ მათთან ვიმუშავებთ, ისინიც სულ მალე გაგვახარებენ თავიანთი მიღწევებით. ამის თქმის საფუძველს ისიც მაძლევს, რომ აგერ უკვე 4 წელია, ვახორციელებ კიდევ ერთ საინტერესო პროექტს: ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასთვის (OLYINFO), რომელიც სწორედ იმიტომ წამოვიწყე, რომ ამ ტიპის ოლიმპიადაში ჩამერთო ის მოსწავლეები, ვისაც სათანადო ცოდნა არ გააჩნიათ ეროვნულ ოლიმპიადებში მონაწილეობისათვის. აქ მოსწავლეებს ალგორითმული შინაარსის ამოცანები ეძლევათ ამოსახსნელად (საიტი: olyinfo.ge). იგი, ასევე, უფასოა (სპონსორები, ძირითადად, კვლავ ჩვენი ყოფილი ოლიმპიელები, შავი ზღვისა და საქართველოს უნივერსიტეტები არიან), წელიწადში ორჯერ ტარდება და თუ პირველ სეზონში მხოლოდ 500-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, წელს, მე-8 სეზონზე, უკვე 2800-მდე ბავშვი დარეგისტრირდა.  ისიც ონლაინ ჩატარდა, თუმცა ისე ერთი ონლაინ და ერთი დასწრებული ფინალური ტურისაგან შედგება. აქაც მოსწავლეები ჯილდოვდებიან დიპლომებითა და ფასიანი პრიზებით. საწყის ეტაპზე, თუნდაც, ამ ოლიმპიადის მონაწილე ბავშვების მცირე ნაწილი რომ ჩავრთოთ დისტანციური სწავლების ჯგუფებში, ურიგო არ იქნებოდა. მომავალში კი, დარწმუნებული ვარ, მათი რაოდენობა გაიზრდება“- აცხადებს გიორგი მანდარია.

ზამთრის ოლიმპიადა ყოველთვის ტარდება არამარტო როგორც უბრალოდ შეჯიბრი, არამედ მას ყოველთვის საზეიმო განწყობაც ახლავს თან. ბავშვებს შეჯიბრის მსვლელობის დროს აქვთ კარგი ხარისხის კვება, გახსნის და განსაკუთრებით დახურვის ცერემონიალს ყოველთვის ესწრებიან საპატიო სტუმრები და ყოფილი წარმატებული ოლიმპიელები. ისინი აჯილდოვებენ გამარჯვებულ მონაწილეებს, რომლებსაც გადაეცემათ როგორც გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომები, ისე – ფასიანი პრიზები. ბოლოს კი, ოლიმპიადა მთავრდება საზეიმო ტორტის დაჭრით და უმასპინძლდებიან  როგორც მონაწილეებს, ასევე – ორგანიზატორებს, მშობლებსა და ყველა დამსწრე სტუმარს.

წელს იმის გამო, რომ  ვერ მოხერხდა ოლიმპიადის დასწრებულ რეჟიმში ჩატარება და, სიტუაციიდან გამომდინარე, გაკვეული ფინანსური პრობლემებიც შეექმნა ასოციაციას, ბევრი რამის განხორციელება ვეღარ მოხერხდა, თუმცა  ბატონი გიორგი მიიჩნევს, რომ გაკეთდა მთავარი: ოლიმპიადა მაინც ჩატარდა და ბავშვებს კიდევ ერთხელ მიეცათ თავიანთი შესაძლებლობების შემოწმების საშუალება. რაც შეეხება მონაწილეთა სერთიფიკატებსა და გამარჯვებულთა დიპლომებს, ისინი ყველა ადრესატს ელ-ფოსტით დაეგზავნა.

Posted in ინფორმატიკის ოლიმპიადა, მზიურელები, პროგრამირება, საერთაშორისო ოლიმპიადა