fbpx
Menu Close

სტატიები

მზიურის კურსდამთავრებულთა ინიციატივა

კურსდამთავრებულები  წარმატებულ მოსწავლეებს მზიურში სწავლას დაუფინანსებენ

 

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ მზიურში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოქმედებს ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა, რომლის ფარგლებში ხდება გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების სელექცია და სპეციალური ჯგუფების დაკომპლექტება. ეს ჯგუფები ერთგვარი „ტალანტების ფაბრიკაა“, რომლის საბოლოო „პროდუქტები“ არიან საერთაშორისო მასშტაბით სრულიად კონკურენტუნარიანი (ინფორმატიკის სფეროში) სკოლადამთავრებული ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან სწავლა გააგრძელონ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში და მომავალშიც საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ ამ სფეროს ინდუსტრიასა და მეცნიერ-მკვლევართა შორისაც. ჩვენთან სწავლის განმავლობაში ისინი მონაწილეობენ  ინფორმატიკისა და მათემატიკის სხვადასხვა რანგის (მათ შორის საერთაშორისო) ოლიმპიადებსა და კონკურსებში და, ჩვეულებისამებრ, იმარჯვებენ კიდეც.

საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე 1996 წლიდან მონაწილეობს და ამ პერიოდის განმავლობაში მოპოვებული აქვს 7 ოქროს, 11 ვერცხლისა და 36 ბრინჯაოს მედალი. ასეთი მაღალი შედეგები დამსახურებაა იმ სისტემისა, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდება და რომელშიც ჩართულია სათანადო კომპეტენციის მქონე ყველა იურიდიული თუ ფიზიკური პირი საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ. მზიური, ბუნებრივია, ამ სისტემის ავანგარდში დგას. ქართველი მოსწავლეების მიერ მოპოვებული მედლებიდან მზიურელების ანგარიშზეა 6 ოქროს, 6 ვერცხლისა და 25 ბრინჯაოს მედალი.

ამ პროექტის პირველი თაობის კურსდამთავრებულებს ამჟამად წამყვანი პოსტები უჭირავთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე წარმატებულ საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფილისა და არამარტო ამ პროფილის კომპანიებში. ბევრი მათგანი უცხოურ კომპანიებშიც მუშაობს, მათ შორის ისეთ კომპანიებში, როგორიცაა – Google, Microsoft, Facebook, Dropbox და სხვ..

გვინდა მადლიერებით აღვნიშნოთ, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები არ წყვეტენ კავშირს მზიურთან და მუდმივად მზად არიან დახმარების ხელი გამოგვიწოდონ.

ბევრი მათგანი პირველ სამუშაოს ჩვენთან იწყებს – დაახლოებით 7-8 ყოფილი მზიურელი ყოველ სასწავლო წელს მუშაობს ჩვენთან მასწავლებლად. ისინი მხოლოდ რამდენიმე წელს რჩებიან ჩვენთან სამუშაოდ. მერე ან უცხოეთში მიდიან, ან საქართველოშივე ისეთ მაღალხელფასიან შეთავაზებებს იღებენ, რომ ჩვენთან სამუშაო დრო აღარ რჩებათ. მათ ადგილებს კი, სხვა კურსდამთავრებულები იკავებენ.

ბევრი ყოფილი მზიურელი გვეხმარება სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებაში. მათი განსაკუთრებული აქტიურობის გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა სხვადასხვა კონკურსებისა და ოლიმპიადების ჩატარება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებულნი არიან, ყოველთვის ნახულობენ დროს, რომ გაგვიწიონ კონსულტაცია, გაგვიზიარონ გამოცდილება, შეხვდნენ და ესაუბრონ ჩვენს მოსწავლეებს (ხშირად ონლაინ რეჟიმში) და ა.შ.

უკანასკნელ წლებში წარმატებული მზიურელები ფინანსური დახმარების სურვილსაც გამოთქვამენ და სხვადასხვა სახით გვეხმარებიან კიდეც. მომავალი სასწავლო წლიდან ვიწყებთ მათი ფინანსური დახმარების სისტემაში მოქცევას. რამდენიმე მათგანი აპირებს, რომ მომავალი სასწავლო წლიდან რეგულარულად დაგვეხმაროს. დარწმუნებული ვართ, რომ მათი რაოდენობა გაიზრდება და მზიურს საშუალება ექნება, სწავლების ხარისხი კიდევ უფრო გააუმჯობესოს. კერძოდ, პირველი პროექტი, რომლითაც ვიწყებთ კურსდამთავრებულებთან თანაშრომლობას, არის წარმატებულ მოსწავლეთა მზიურში სწავლის დაფინანსება.

ამ ეტაპზე შევთანხმდით, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებიც წელს მოხვდებიან ინფორმატიკის ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში, დაუფინანსდებათ მზიურში სწავლის საფასური მანამ, სანამ ისწავლიან მზიურში, ანუ სკოლის დამთავრებამდე. ეს პროექტი გაგრძელდება მომავალშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოსწავლე რომელიმე წელს მოხვდება ინფორმატიკის ეროვნულ ან ახალგაზრდულ ნაკრებში, მათთვის მზიურში სწავლის გადასახადს სკოლის დამთავრებამდე კურსდამთავრებულები გადაიხდიან.

მზიურში დაარსების დღიდან გვაქვს ფინანსური დახმარება იმ ნიჭიერი მოსწავლეებისათვის, რომელთა მშობლებს გადასახადის გადახდის პრობლემა აქვთ. ბუნებრივია, რომ კურსდამთავრებულთა ინიციატივა საშუალებას მოგვცემს, ჩვენი შესაძლებლობები გავაფართოვოთ და არც ერთი ნიჭიერი მოსწავლე არ დავკარგოთ ხელმოკლეობის გამო.

პანდემიამ ჩვენც გვაიძულა, რომ მთლიანად სწავლების ონლაინ რეჟიმში გადავსულიყავით. გარკვეული გამოცდილება კი გვქონდა, თუმცა გავლილი პერიოდის განმავლობაში დავინახეთ, რომ ონლაინ რეჟიმში შესაძლებელია სრულფასოვანი სწავლა და დარწმუნებულნი ვართ, პანდემიის შემდგომ პერიოდში გვექნება მშობლების მხრიდან მოთხოვნა დისტანციურ სწავლებაზე. დისტანციური სწავლების სრულყოფა საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი მომსახურების გეოგრაფია გავაფართოვოთ და თუ აქამდე მხოლოდ თბილისისა და ახლომდებარე რეგიონების მოსწავლეებს ვიღებდით, ახლა მთელი საქართველოს მასშტაბით მივიღოთ ბავშვები. გვინდა, რომ თბილისს გარეთაც ვეძებოთ და მოვიზიდოთ ნიჭიერი  ბავშვები. უკვე მომავალი სასწავლო წლიდან ვგეგმავთ, რომ, თუნდაც რამდენიმე მათგანს, განსაკუთრებული პირობები შევთავაზოთ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იმედი გვაქვს, რომ ფინანსური დახმარების მსურველთა რაოდენობა გაიზრდება და ერთ დღესაც შევძლებთ, რომ სწავლის საფასური დავუფინანსოთ ყველა იმ მოსწავლეს, რომელიც მზიურში ამ ურთულეს პროგრამას ეუფლება.

Posted in ინფორმატიკის ოლიმპიადა, მზიურელები მზიურელებისათვის, საერთაშორისო ოლიმპიადა