fbpx
Menu Close

სტატიები

მოსწავლეობიდან მასწავლებლობამდე – კიდევ ორი წარმატებული მზიურელი

წარმოიდგინე, რომ დაიწყე მუშაობა შენთვის საინტერესო კომპანიაში სასურველ პოზიციაზე, ნელ-ნელა მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციებიც შენით ინტერესდებიან, გაქვს მრავალი შემოთავაზება და ხვდები, რომ შენთვის წარმატების ყველა კარი ღიაა.

ალბათ, ფიქრობ, ძალიან რთულია მიაღწიო ამ მიზნებამდე, რომ ეს არ შეგიძლია… აქ კი, გირჩევთ ცოტა ხანს შეაჩერო შენი ფიქრები… რატომ? იმიტომ, რომ შენ ყველაფერი შეგიძლია, უბრალოდ ამისთვის ცოტაოდენი დახმარება გჭირდება.

ჩვენ შეგვიძლია, შენი წარმოდგენები რეალობად ვაქციოთ, სწორედ ეს არის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიურის არსებობის მიზანიც – დავეხმაროთ მოსწავლეებს უმაღლესი მწვერვალების დაპყრობაში.

იმისათვის, რომ ჩვენი საქმიანობა უფრო აღქმადი გავხადო, მინდა გაგაცნოთ რუბრიკა „მზიურელების“ ორი მორიგი, თვალსაჩინო წარმომადგენელი – სუმელჯი ბურდული და დავით გიგაური.

20 წლის სუმელჯი ბურდული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია IT-ის მიმართულებით.

„მზიურში“ სწავლის დაწყებიდან პირველივე წელს მიიღო შეკვეთა Oxford house-ისგან, რომელიც ქართულ ბაზაზე ფუნქციონირებს, და დაუმზადა ვებგვერდი.

სწავლის პერიოდში იღებდა სხვადასხვა შეკვეთებს, ზოგი სრული პროექტი იყო, ზოგიც რედაქტირებას ან ახალი დეტალების ჩამატებას მოითხოვდა.

სუმელჯი ბურდული
სუმელჯი ბურდული

2018 წელს მუშაობდა უნიქარდში, შემდგომ – ფეიუნიქარდში, სადაც მიიღო მონაწილეობა ვებგვერდის დაგეგმარებასა და დეველოპმენტში.

ამჟამად პაშა ბანკში Software Developer-ია, სწავლობს EPAM Systems-ში  – C#-სა და ASP.NET-ს, გადის სამენტორო პროგრამას.

ძირითადად იყენებს შემდეგ ტექნოლოგიებს – ReactJS, VueJS, ASP.NET.

უყვარს ანიმეების ყურება და მანგების კითხვა. გამოარჩევდა – Death note-ს, HunterXHunter-ს, Berserk-სა და Fullmetal alchemist brotherhood-ს. სწორედ ანიმეებისა და კომპიუტერის სიყვარულმა დააუფლა ისეთ პროგრამებს, როგორიცაა – Adobe Photoshop-ი და Adobe Illustrator-ი.

სუმელჯი ბურდულის მიერ დახატული ანიმეს პერსონაჟების ხილვა შეგიძლიათ მის ფესბუქგვერდსა და ინსტაგრამზე. 

დავით გიგაური

 

21 წლის დავით გიგაური 207-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა.  სკოლის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა, უნივერსიტეტის გარეშე ეცადა თვითგანვითარება, რადგან თვლიდა, რომ თავის პროფესიულ საქმიანობაში ასე უფრო დიდ შედეგს მიაღწევდა და ასეც მოხდა.

მოგვიანებით ჩააბარა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სწავლის პარალელურად მუშაობს საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზიის – ფაბერის, მობილურ აპლიკაციაზე. 

 

ასევე, ქმნის ტაქსის აპლიკაციას, რომლის პრეზენტაციაც მალე შედგება. დავითი იმედოვნებს, რომ საქართველოში შექმნილი ეს პროდუქტი მალე პოპულარული გახდება და ჩაანაცვლებს ისეთ კომფორტულ უცხოურ აპლიკაციებს, როგორიცაა – Bolt და Yandex.

სუმელჯიცა და დავითიც კომპიუტერების სიყვარულმა მზიურის კარამდე მოიყვანა. წარმატებულმა მოსწავლეებმა, რა თქმა უნდა, მალევე მიიპყრეს ჩვენი ყურადღება და დღეს ორივე მათგანი მზიურის მასწავლებლებად გვევლინებიან.

სუმელჯი ბურდული ბავშვობიდან ცდილობდა ვებგვერდების დამზადებას, თუმცა მაშინ ეს საქმე მისთვის მხოლოდ გასართობი იყო. 14 წლისამ გადაწყვიტა სერიოზულად ეცადა ბედი ამ სფეროში და ნაცნობების რჩევით „მზიურში“ დაიწყო სწავლა.

„სწავლის პერიოდში ჩემი ყველა მოლოდინი სავსებით გამართლდა, რაშიც დიდი წვილილი დიმიტრი ქარაულს მიუძღვის.  ფრიად აღსანიშნავია მისი ხედვა და დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ. მინდა ვთქვა, რომ „მზიურში“ სწავლის დაწყება ჩემს ცხოვრებაში  ჩემი ერთერთი ყველაზე პროდუქტიული არჩევანი იყო,“ – აღნიშნა სუმელჯი ბურდულმა.

რაც შეეხება დავითს, მან მზიურის შესახებ გაიგო ნათესავისგან, რომელიც დიდი ხანია TBC ბანკში წარმატებული დეველოპერია. დავითს ძალიან სურდა, ასეთივე წარმატებული ყოფილიყო, სწორედ ამიტომ, 15 წლის ასაკში, თავისი ნათესავის დახმარებით, მზიურელი გახდა.

„სწავლა პროგრამირების ერთერთი ენით – C++ -ით, დავიწყე. სწორედ ამ კურსზე გავიცანი ჩემი პირველი მასწავლებელი, უნიჭიერესი ადამიანი, დიმიტრი ქარაული. მისგან იმაზე მეტი ვისწავლე, ვიდრე პროგრამირების ენა. დიმიტრიმ მომცა საშუალება, ფართოდ მეაზროვნა და წარმოდგენა მქონოდა არა ერთ, არამედ ყველა მიმართულებაზე. სწორედ მისი წყალობით, უკვე ერთი წლის შემდეგ, ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა.

გარკვეული მიზეზების გამო მქონდა ერთწლიანი პროფესიული პაუზა, შემდეგ კვლავ დავუბრუნდი სწავლას, უკვე ვიცოდი, რომ ვებდეველოპმენტი ძალიან მაინტერესებდა.

სწორედ ამ სფეროში გზა გამიკვალა, ასევე, უნიჭიერესმა ადამიანმა, დავით გოგიძემ, რომელმაც შემასწავლა ყველაფრის საფუძვლები და მომცა მიმართულება, რომელსაც ბოლომდე გავყევი.

მზიურში შეძენილმა გამოცდიელებამ უფრო დააჩქარა ჩემი განვითარება ვებდეველოპმენტის მიმართულებით, ამიტომაც ყველაფერს მარტივად ვუღებდი ალღოს. დროთა განმავლობაში ტექნოლოგიების განვითარებამ მომცა საშუალება შემესწავლა მობაილ დეველოპმენტი და 2020 წელს გამოვედი ბაზარზე, როგორც – Web/Software & Mobile Developer“, – ამბობს დავით გიგაური.

სუმელჯისა და დავითს ძალიან ხიბლავთ ახალი გამოწვევები, ამიტომ მოსწავლეობის შემდეგ მარტივად მოირგეს მასწავლებლის როლიც.

დავითს სწავლის პერიოდშივე შესთავაზეს  მასწავლებლობა, რაზეც მაშინვე დათანხმდა. მისივე თქმით, ცდილობს, მოსწავლეებს თავისი ცოდნა სრულად გაუზიაროს და ასწავლოს თვითგანვითარება. მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოწვევასთან გამკლავება ხანდახან ძალიან უჭირს, მაინც უდიდეს სიამოვნებასა და გამოცდილებას იღებს.

როგორც დავითისთვის, სუმელჯისთვისაც დიდი სიამოვნებაა მასწავლებლობა. ის პროგრამირებასთან ერთად მაქსიმალურად ცდილობს, მოსწავლეებს ასწავლოს დისციპლინა და ერთმანეთის პატივისცემა. მისთვის ეს პირველი სამსახური არ არის, სადაც მოსწავლეებთან უწევს შეხება, სუმელჯი ამზადებდა ბავშვებს Front-end -ის მიმართულებით რეფორმერში.

„მინდა ჩემი ის გამოცდილება, რაც წლებია დავაგროვე, სხვებსაც გავუზიარო. ვფიქრობ, თავს კარგად გავართმევ და მოსწავლეებთან ერთად იმ შედეგს მივაღწევ, რომელიც კურსის დასრულებისას ძალიან მნიშვნელოვანია,“ – ამბობს სუმელჯი ბურდული.

ახალგაზრდა მასწავლებლები, საკუთარი გამოცდილების საფუძველზე, მომავალ მოსწავლეებს რჩევა-დარიგებებს უზიარებენ.

„განახლებულ სილაბუსში განთავსებულია ის ყველა საჭირო ტექნოლოგია, რომელიც მოსწავლეებს დასაქმებაში დაეხმარებათ. საერთოდ, მივესალმებით, ადამიანი ადრეული ასაკიდანვე რომ იწყებს შემოსავლის აღებას თავისივე პროფესიით. პროფესიული პრაქტიკა ძალიან დიდ როლს თამაშობს მოსწავლის განვითარებაში,“- აცხადებს სუმელჯი.

დავითის აზრით კი, მოსწავლეები, პირველ რიგში, კარგად უნდა დაფიქრდნენ, რა სურთ.

„მაქსიმალურად ვეცდებით მზიურის მთელი გუნდი, რომ მოსწავლეებს გვერდში დავუდგეთ, შევასწავლოთ და მივცეთ ზოგადი ცოდნა არა ერთ სფეროში, არამედ  – სხვადასხვა მიმართულებითაც.  ჩემი ერთერთი უდიდესი სურვილია,  მომავალში მე და ჩემმა  მოსწავლეებმა ერთად ვიმუშავოთ და შევქმნათ ახალი, უსწრაფესი პროდუქტები, რომლებიც საზოგადოებას მუდმივად გაუმარტივებს ცხოვრებას,“ – მიიჩნევს დავით გიგაური.

და მაინც, რატომ მზიური? მზიური არის მომავლისკენ გადადგმული შენი პირველი ნაბიჯი. წარმატებული კარიერა კარგი განათლებით იწყება.

სუმელჯისა და დავითის მსგავსად, მრავლად არიან წარმატებული მზიურელები, რომელთაც ჩვენი სტატიებით გაიცნობთ. შეიძლება მალე შენც მათ რიგებში აღმოჩნდე.

თუ ფიქრობ, რომ დროა, გამოავლინო შენი შესაძლებლობები და თავი დაგვამახსოვრო შენი ინდივიდუალურობით, მაშინ შენი ადგილი მზიურელების გვერდითაა.

იცოდე, მზიურში სწავლა წარმატებული დასაწყისი იქნება შენი მომავლისთვის.

 

Posted in მზიურელები, მზიურელები მზიურელებისათვის