fbpx
Menu Close

სტატიები

მზიური Microsoft-ის საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვებაში დაგეხმარებათ

იმისათვის, რომ გაიძლიეროთ ინდივიდუალური შესაძლებლობები, აიმაღლოთ კვალიფიკაცია და გქონდეთ წარმატებული მომავალი,  კომპანია Certiport-მა  შეიმუშავა ონლაინ ტესტირების სისტემა  Pearson VUE-სთან (რომელიც წარმოადგენს გლობალურ ლიდერს კომპიუტერულ ტესტირებაში) ერთად.

Certiport ყოველწლიურად ატარებს სამ მილიონზე მეტ სხვადასხვა სირთულის გამოცდას  როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე – დასაქმებული ადამიანებისათვის.

ამ გამოცდებზე მოპოვებულ საერთაშორისო სერტიფიკატს აღიარებს მსოფლიოს ყველა ქვეყანა, ხოლო სერტიფიცირებულ სტუდენტებს რეკომენდაციას უწევს  ამერიკის განათლების საბჭო, იგივე ACE (American Council of Education)

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრმა, მზიურმა, Certiport-თან თანამშრომლობის საფუძველზე,  დაიწყო MTA (The Microsoft Technology Associate) სერტიფიკატის მოსაპოვებელი კურსები.

გამოცდისთვის მოსამზადებელი პირველი კურსი – Exam 98-383 Introduction to Programming Using HTML and CSS უკვე წარმატებით ჩააბარეს მზიურელმა მოსწავლეებმა.

კურსის ხელმძღვანელის, დიმიტრი ქარაულის, თქმით, საერთაშორისო დონის სერტიფიკატის აღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელთაც, ამ გამოცდის ჩაბარების შემდეგ, უმაღლდებათ თვითრწმენა, ეძლევათ მოტივაცია, რწმუნდებიან საკუთარ შესაძლებლობებში.

„სწავლის პროცესი შედგება ძირითადად სამი ეტაპისგან:

1.პირველ რიგში, მოწმდება მოსწავლეების საწყისი ცოდნა უცხო ენასა და ვებ პროგრამირებაში (სასერთიფიკაციო გამოცდა არ ტარდება ქართულ ენაზე, ჩვენ შემთხვევაში მოსწავლეებს ვთავაზობთ ინგლისურ ან რუსულ ენას, თუმცა ძირითადად მაინც ინგლისურ ენას ვუწევთ რეკომენდაციას);

2.თეორიული და პრაქტიკული მასალა;

3.ტესტებზე მუშაობა, შეზღუდულ დროში ტესტების ამოხსნა.

კურსი პროგრამირების გაკვეთილებთან ერთად შეიცავს ფსიქოლოგიურ მომზადებას, ასევე, დროის სწორ მენეჯმენტს, რომელიც , ჩემი პირადი აზრით, ხშირად ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – ცოდნა. თან, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ტესტებს ეხება. ამ კომბინაციების წყალობით, ჩვენ შევძელით და პირველ ჯგუფში 100%-იანი შედეგი დავდეთ,“- აღნიშნავს დიმიტრი ქარაული.

ანანო კუჭავა, ანასტასია ბახტურიძე, აკაკი ბულია, გიორგი ტუღუში, გიო პალაგაშვილი და გიორგი კლდიაშვილი ის წარმატებული მზიურელები არიან, ვინც უკვე შეძლეს საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვება.

14 წლის ანანო მზიურის გუნდის წევრი 3 წლის წინ გახდა და პირველ სასწავლო კურსად c++ აირჩია, რაც, მისივე თქმით, დღევანდელი გადმოსახედიდან საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა საბა მასწავლებელთან ერთად განვლილმა პირველმა წელმა, დიდი გავლენა იქონია შემდეგ მუშაობის პროცესზე.  მიუხედავად თავდაპირველი სირთულეებისა, ანანო ყოველთვის ამჩნევდა, თუ როგორ მიიწევდა ნაბიჯ-ნაბიჯ წინ, რაც მისთვის დიდი სტიმული იყო. სწორედ ასე შეძლო საყვარელი საქმიანობის აღმოჩენა.

„პროგრამირების მეორე კურსად ვებ პროგრამირება ავირჩიე. დიმა მასწავლებელმა საოცარი ენთუზიაზმით, მონდომებითა და თანამედროვე მეთოდებით შემაყვარა პროგრამირების ეს მიმართულება. სწორედ მან გაგვიზიარა ამ უნიკალური შესაძლებლობის შესახებ, რასაც მზიური გვაძლევდა და მასთან ერთად შევთანხმდით, რომ ამ MTA კურსის გავლა ჩემთვის დაძლევადი იყო. სერთიფიკატი არის საერთაშორისო დონის და ჩემთვის ეს ჩემი ძალების გამოცდას წარმოადგენდა.

მზიურის სასწავლო კურსით ყოველთვის კმაყოფილი ვიყავი, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ პანდემიის პროცესში სწრაფმა რეაგირებამ და შესაბამისი ზომების მიღებამ სრულფასოვანი სწავლებისთვის, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა,”- ამბობს ანანო.

14 წლის აკაკი 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა, მზიურში ვებ პროგრამირების მეორე დონეზე იყო, როდესაც მასწავლებელმა სასერტიფიკაციო კურსის გავლა შესთავაზა. აკაკი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სერტიფიკატი მომავალში საკმაოდ გამოადგება. ამასთან, ტესტის გავლით  შეძლო საკუთარი შესაძლებლობების შემოწმება. მისივე თქმით, მომავალი პროფესიის არჩევაში სწორედ მზიური დაეხმარა. ეს საერთაშორისო სერთიფიკატი კი, მომავალში სამსახურის პოვნას გაუმარტივებს, ამიტომ ნებისმიერ პროგრამისტს, ვინც ვებ დეველოპმენტით არის დაინტერესებული, ურჩევს, რომ ეს კურსი აუცილებლად გაიაროს.

16 წლის ანასტასია 131-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა, ის 13 წლიდან დაინტერესდა გრაფიკული დიზაინით, გაიარა ვებ დიზაინის კურსი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, შემდეგ კი, ვებგვერდის შექმნა სრულყოფილად რომ ეცადა, მამის მეგობრის რჩევით,  მზიურის გუნდს თავის ძმასთან ერთად შემოუერთდა.

„მზიურში წარმატებით გავლილი ტესტირების შემდეგ ჩავირიცხე დიმიტრი ქარაულის ვებ პროგრამირების ჯგუფში. თავიდან ტვინის ჭყლეტა მიწევდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რადგან ადრე პროგრამირებასთან არანაირი კავშირი არ მქონდა, მაგრამ დიმიტრი მასწავლებლის დახმარებით, სირთულეები გადავლახე და მალევე ავუღე ალღო ახალ საქმიანობას. კურსის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მასწავლებელმა შეგვატყობინა Microsoft-ის სასერტიფიკაციო კურსის შესახებ. ეს საინტერესო შემოთავაზება იყო ჩემთვის, ამიტომ ეგრევე დავთანხმდი.

გამოცდისთვის სერიოზულად ვემზადებოდით, საფუძვლიანად ვარჩევდით ყველა გაუგებარ საკითხს, ვაკეთებდით საცდელ ტესტებს, ვიმეორებდით განვლილ მასალას. გამოცდის წინ ძალიან ვნერვიულობდი, მეშინოდა, რომ დროში ვერ ჩავეტეოდი, რადგან ტესტი ინგლისურ ენაზე იყო და შეკითხვები კარგად უნდა გამეაზრებინა, მიუხედავად ამისა, ტესტი ყველამ საკმაოდ კარგად ჩავაბარეთ და ნანატრი სერტიფიკატებიც ავიღეთ,“- აღნიშნა ანასტასიამ.

კომპიუტერული თამაშებითა და ვებ დიზაინით დაინტერესებულმა, 117-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ, გიორგი ტუღუშმა, გადაწყვიტა, რომ ბევრი ახალი, საინტერესო ინფორმაციის მოპოვების მიზნით, კარგი იქნებოდა, თუ ამ გამოცდაში მიიღებდა მონაწილეობას.

ამავდროულად, აპირებს პროგრამირების ამ განხრით გაგრძელებას, რაშიც ეს კურსი ძალიან გამოადგა. სკოლის დამთავრების შემდეგ, დარწმუნებულია, რომ სერტიფიკატს მისი მიზნებისთვის აუცილებლად გამოიყენებს, ამიტომ სხვებსაც ურჩევს, რომ სცადონ ამ კურსში მონაწილეობა, რათა ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია მიიღონ.

18 წლის გიორგი კლდიაშვილმა კომაროვის სკოლა დაამთავრა და ახლა თავისუფალი უნივერსიტეტის პირველკურსელია. სწავლობს ფიზიკის ფაკულტეტზე და, ამასთან, დაინტერესებულია მეცნიერული და კომპიუტერული სფეროთი.

„ეს კურსი შემომთავაზა ჩემმა პედაგოგმა მზიურში სწავლის დროს , მალევე გადავწყვიტე, გამევლო ეს კურსი და მიმეღო სერტიფიკატი.

საბოლოოდ, საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი. მოკლე დროში და კარგი ქულით შევძელი სერტიფიკატის მოპოვება. მართალია, ჯერჯერობით არსად გამომიყენებია ეს სერტიფიკატი, მაგრამ მგონია, რომ სამუშაოს პოვნაში გამომადგება. ვისაც უნდა, რომ ვებგვერდების შექმნა შეეძლოს კარგად, სწრაფად და დროის დაზოგვით, მაშინ ეს კურსი ძალიან დაგეხმარებათ,“ – დასძენს გიორგი.

16 წლის გიო პალაგაშვილი ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების სკოლა „ნინოს“ მოსწავლეა. მისი ჰობია პროგრამირება და გეიმინგი. სერტიფიკატის მოპოვებისა და ცოდნის გაღრმავების სურვილმა გადააწყვეტინა, რომ ბედი ეცადა ამ გამოცდაში. მისი სამომავლო გეგმები სწორედ ამ სფეროს უკავშირდება და ამიტომ გეგმავს სამომავლოდ საერთაშორისო სერტიფიკატის გამოყენებას, ხოლო სხვებს, ვისაც ცოდნის გაღრმავების სურვილი აქვთ და ეს სფეროც აინტერესებთ, ურჩევს, რომ გაიარონ ზემოხსენებული კურსი.

სერტიფიკატის გადამოწმება შესაძლებელია PORTAL.CERTIPORT.COM‘ზე, ფოტოზე, სერტიფიკატზე დატანილი Credential Identification Code’ის საშუალებით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვება, საკმაოდ მნიშვნელოვანია მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.

გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მსმენელებს ეცოდინებათ ძირეული დეტალები, რის სწავლსაც, როგორც წესი, ჩველებრივი კურსის მსვლელობისას ნაკლები ყურადღება ექცევა. ისინი შეძლებენ სინტაქსურად სწორად ააწყონ და დაამტკიცონ საკმაოდ რთული სტრუქტურის მქონე გვერდები.

საერთაშორისო სერტიფიკატის აღების შემდეგ, ერთერთი მთავარი მოტივატორი გახლავთ მსოფლიო ჩემპიონატები Microsoft Excel, Word, PPT, Adobe Photoshop, Indesig-სა და  Illustrator-ში.

ჩემპიონატებზე წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში, მიიღებთ შემოთავაზებებს სტარჟირებასა და სრული სამუშაო განაკვეთზე ისეთ კომპანიებში, როგორიცაა – Microsoft, Adobe და ა.შ.

სწორედ ამიტომ, გირჩევთ, არ დაკარგოთ დრო და გახდეთ ჩვენი კურსის წევრი. ჩვენ კი, მაქსიმალურად ვეცდებით, შეგიქმნათ თქვენთვის კომფორტული გარემო და ერთად მივაღწიოთ სასურველ შედეგს.

მოცემულ კურსზე რეგისტრაცია უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი. მსურველებს გთხოვთ, თვალი ადევნოთ ჩვენს ფეისბუქგვერდს.

Posted in Microsoft MTA Exam, მზიურელები, საერთაშორისო სერტიფიკატი