fbpx
Menu Close

სტატიები

მზიურელები თავისუფალ უნივერსიტეტში

მზიურელების მოთხოვნით, გრძელდება მაღალკლასელთა ონლაინ შეხვედრები სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუნდენტებთან.

1-ელ აპრილს მზიურელები თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს – თამარ გაგნიძეს, შოთა ელყანიშვილს, ლევან აფაქიძეს, ბაკურ ცუცხაშვილსა და ნიკა სალიას შეხვდნენ.

ვინაიდან თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაბარებისას მზიურელები ყველაზე მეტ ყურადღებას MACS-ს ანიჭებენ, ყოფილმა მზიურელებმა და ამჟამად თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა, გადაწყვიტეს ყურადღება სწორედ ამ პროგრამაზე გაემახვილებინათ.

თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკისა და ინჟინერიის სკოლა (MACS) შეიქმნა 2010 წელს.

ამჟამად MACS სტუდენტებს სამ პროგრამას სთავაზობს:

  1. კომპიუტერული მეცნიერებები და მათემატიკა;
  2. ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია;
  3. შენობის სისტემების ინჟინერია.

რადგანაც მზიურელთა უმეტესობისთვის საინტერესო კომპიუტერული მეცნიერებების სწავლაა, ყოფილმა მზიურელემა ხაზგასმით სწორედ ამ პროგარამაზე ისაუბრეს.

როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, კომპიუტერულ მეცნიერებებზე სწავლისას დიდი აქცენტი კეთდება მათიმატიკაზე და ის ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება თქვენი სტუდენტობისას, როგორც – პროგრამირება და არ გეგონოთ, რომ ისინი გამიჯნული იქნებიან ერთმანეთისგან.

ამასთან, ყოფილი მზიურელი და ამჟამად თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, თამარ გაგნიძე აღნიშნავს, რომ გრანტის აღებაში უფრო ქართული დაგეხმარებათ, ვიდრე – მათემატიკა, მაგრამ ჩაბარების შემდგომ მათემატიკა უფრო გამოგადგებათ, ვიდრე – ქართული.

მიუხედავად კომპიუტერულ მეცნიერებებზე სწავლის დიდი სურვილისა, აქ მოხვედრა 50 აბიტურიენტს შეუძლია. რა თქმა უნდა, კონკურენცია საკმაოდ დიდია, რადგან 50-იდან შეიძლება 49 სტუდენტი 100 %-იანი გრანტით სწავლობდეს.

თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფარ-ხმალი უნდა დაყაროთ და, თუ 100%-იანი გრანტის შანსი არ გაქვთ, ეს პროგრამა წაშალოთ თქვენი სიიდან.

სტუდენტებმა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის დაწყება კომპიუტერულ მეცნიერებებზე ამ პროგრამაზე ვერმოხვედრის შემთხვევაში.

თუ თქვენ პირველ ადგილას დაწერთ თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებებს, ყოფილი მზიურელების რჩევა იქნება, მეორე და მესამე ადგილი დაუთმოთ ელექტრო და კომპიუტერულ ინჟინერიასა და შენობის სისტემების ინჟინერიას.

ამრიგად, უფრო მარტივი იქნება თქვენს სასურველ პროგრამაზე მობილობა.

სწორედ ამ თემაზე ისაუბრა შეხვედრისას შოთა ელყანიშვილმა.

„ინჟინერიიდან MACS-ზე გადასვლა არაა საშიში. როცა ჩააბარებთ ინჟინერიაზე, თქვენც და MACS-ის სტუდენტებსაც გექნებათ ერთი და იგივე ცხრილი, მხოლოდ ერთი საგანი იქნება განსხვავებული, თქვენ გაივლით კალკულუსს, მაკსელები გაივლიან პროგრამირების რომელიღაც სხვა საგანს. დამატებით აიღებთ იმ კონკრეტულ, პროგრამირების საგანს და წარმატებით ჩაბარების შემდგომ, მარტივად გადახვალთ MACS-ის პროგრამაზე. იმ საგანს კი, რომელიც თქვენ პირველ კურსზე გაიარეთ, MACS-ის სტუდენტები მესამე სემესტრში გაივლიან. ასე რომ, თქვენ ამ საგნის ხელმეორედ გავლა არ მოგიწევთ“ – აღნიშნავს შოთა.

მსგავსი სიტუაციაა შენობის სისტემების ინჟინერიაზეც, მაგრამ აქ ერთი დამატებითი საგნის – მეთოდოლოგიის გავლა მოგიწევთ.

შეხვედრის ონლაინ ჩანაწერი

 

ამ თემაზე კარგი სიახლე ამცნო მზიურელებს ყოფილმა მზიურელმა, ლევან აფაქიძემ.

„ამ პროგრამაზე ცხადდება 50 სტუდენტის მიღება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მობილობისას რაიმე კონრეტული რაოდენობრივი შეზღუდვა იქნება, თუ ადრე განსაზღვრული იყო, რამდენი სტუნდენტი შეძლებდა კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამაზე გადასვლას, ახლა ეს ასე აღარ არის. შარშან გაზარდეს გადმოსული ხალხის რაოდენობა.  რაც შეეხება სწავლის პროცესს, პირველ კურსზე ისწავლით ზოგად საგნებს. მეორე კურსიდან კი, უფრო მეტია პროგრამირების საგანი“ – დასძენს ლევანი.

რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყველა სტუდენტმა უნივერსიტეტი დაასრულოს, მაგრამ ეს შესაძლებლობებზე მეტად, როგორც აღმოჩნდა, სტუდენტთა სურვილზეა დამოკიდებული.

ზოგიერთი პირველ კურსზე აცნობიერებს, რომ ეს მისი სფერო არ არის, ზოგი თვლის, რომ დიპლომი არ სჭირდება და მუშაობას აგრძელებს. მიზეზი მრავალია, ფაქტი კი ერთი – უნივერსიტეტი ზრუნავს სტუდენტებზე, მაგრამ როგორ მოინდომებს და რას ისურვებს სტუდენტი, ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.

სწორედ ამ სხვადასხვა მიზეზის გამო, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ბაკურ ცუცხაშვილი აღნიშნავს, რომ მან უნივერსიტეტი თავის დაახლოებით 6-7 თანაკურსელთან ერთად დაამთავრა და ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც სწავლისა და სამსახურის შეთავსებაა.

„სულ 6-მა თუ 7-მა სტუდენტმა დავამთავრეთ უნივერსიტეტი. მე-3 კურსიდან უკვე ყველა  ვმუშაობდით, უნივერსიტეტიც მაქსიმალურად გვიწყობდა ხელს და თავადაც ზრუნავდა იმაზე, რომ მუშაობა დაგვეწყო. ვაკანსიები პირდაპირ უნივერსიტეტის მეილზე მოგდით. სანამ პანდემია დაიწყებოდა, ტარდებოდა სხვადასხვა კომპანიებთან შეხვედრები, ბოლო, თუ არ ვცდები, ონლაინში ჩატარდა. არის უცხოეთში სამსახურის გაგრძელების პერსპექტივაც – გუგლში, მაიკროსოფტში, ამაზონში და ა.შ., სწორედ ამ კომპანიებში დასაქმებული ქართველების უმეტესობას, თავისუფალი უნივერსიტეტი აქვთ დამთავრებული“ – ამბობს ბაკური.

სამსახურის თემა განავრცხო თამარ გაგნიძემაც.

„პირველი კურსიდან ვმუშაობ, თუმცა სწავლაში ეს არ მიშლის ხელს. მოგეხსენებათ,  პროგრამირების რესურსები არ არის ამოწურვადი, ამიტომ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა არ გეგონოთ, რომ საკმარისია, აუცილებელია, ასევე, პრაქტიკა, რითაც, რა თქმა უნდა, საკმაო ცოდნის დაგროვებას შეძლებთ. რეალურად რომ გაყვეთ იმას, რაც გაინტერესებთ და სამსახურიც ამ მიმართულებით წარმართოთ, ძალიან კარგი იქნება. რაც შეეხება მზიურელობას, რაიმე ოფიციალური პრივილეგია არ გაგაჩნიათ, მაგრამ მაინც, ჩემი აზრით, მზიურელობის პრივილეგია ის არის, რომ, როცა პირველკურსელი ხარ, კოდს პირველად არ წერ, რაც გიმარტივებს სწავლის პროცესს. პირველკურსელთა უმრავლესობას შეხება არ ჰქონია კოდის წერასთან, ამიტომ თავიდან ძალიან დაბნეულად იქცევიან და, ასე ვთქვათ, ერთგვარ სირთულეს აწყდებიან. ამ მიზეზით, რა თქმა უნდა, მზიურში კურსის გავლა დიდი პლუსი იყო,“ – აღნიშნავს თამარი.

სტუდენტებმა ისაუბრეს, ასევე, სწავლის დაფინანსებასა და გადასახადებზე.

როგორც აღმოჩნდა, წელს სწავლის გადასახადი გაიზარდა კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამაზე, მაგრამ, მაგალითად, ინჟინერიაზე ძველი გადასახადი შენარჩუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ პირველ სემესტრს ისწავლით ინჟინერიაზე, ხოლო შემდეგ გადაწყვეტთ კომპიუტერულ მეცნიერებებზე სწავლის გაგრძელებას, სემესტრული საფასურის სხვაობის გადახდა მაინც მოგიწევთ.

რა თქმა უნდა, დაფინანსებასა და გადასახადებთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის ნახვა თავისუფალი უნივერსიტეტის ვებგვერდზე არის შესაძლებელი:

  1. დაფინანსების სისტემები თავისუფალ უნივერსიტეტში – http://freeuni.edu.ge/node/395 .
  2. გრანტი – http://freeuni.edu.ge/node/475 .
  3. გარდამავალი დაფინანსების დამატებითი კომპონენტი – ისწავლე და იცხოვრე თბილისში (რეგიონების სტუდენტებისთვის) – http://freeuni.edu.ge/node/474 .

ვინც გარკვეული მიზეზების გამო შეხვედრაზე დასწრება ვერ შეძელით და გაქვთ კითხვები, შეგიძლიათ თავად დაუკავშირდეთ ყოფილ მზიურელებსა და ამჟამად თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს (კურსდამთავრებულებს), ჩვენ ვებგვერდზე განთავსებული საკონტაქტო ინფორმაციების დახმარებით, და ისინი ეცდებიან ამომწურავად უპასუხონ თქვენს შეკითხვებს.

Posted in ბავშვების განვითარება, მზიურელები, უნივერსიტეტები