fbpx
Menu Close

სტატიები

ლოგიკური ამოცანების ამოხსნა იზოლაციის პერიოდს მთელი ოჯახისთვის სახალისოს გახდის

თვითიზოლაციის პერიოდში ბავშვების გართობა და ამავდროულად განათლებაზე ზრუნვა დიდ ძალისხმევას და ფანტაზიის უნარს მოითხოვს მშობლებისგან.

სახალისო ლოგიკური ამოცანების ამოხსნა ერთ-ერთი საშუალებაა ავარჯიშოთ ბავშვების გონება და თან ეს მთელი ოჯახის ჩართულობით და თამაშ-თამაშით გამოგივიდეთ.

მზიურის მათემატიკურმა ინტერნეტშეჯიბრმა მოსახლეობის საყოველთაო თვითიზოლაციის პირობებში ახალი დატვირთვა შეიძინა. ინტერნეტშეჯიბრში მოცემული ამოცანების საოჯახო განხილვები საუკეთესო საშუალებაა, გაითვალისწინოთ ბავშვთა ფსიქოლოგების რეკომენდაციები და ბავშვებთან ერთად შემეცნებით და გასართობ აქტივობებში ჩაერთოთ. მითუმეტეს, ასაკობრივი შეზღუდვები საერთოდ შეიძლება მოიხსნას და ერთნაირი წარმატებით მიიღონ მასში მონაწილეობა როგორც მოსწავლეებმა და სტუდენტებმა, ისევე მათმა მშობლებმა და ოჯახის სხვა წევრებმა. აღსანიშნავია, რომ ონლაინ მათემატიკურ შეჯიბრში მონაწილეობა უფასოა.

ინტერნეტშეჯიბრის ამოცანების ამოხსნა არ მოითხოვს განსაკუთრებულ მათემატიკურ ცოდნას. ამისთვის ლოგიკური აზროვნების უნარებია საჭირო. ინტერნეტშეჯიბრის ამოცანები სხვადასხვა სირთულისაა და მასში მონაწილეობა საინტერესო იქნება როგორც დამწყებების, ასევე უკვე გაწაფულებისთვისაც.

ამოცანებში ხშირად მონაწილეობენ ქართული თუ უცხოური ზღაპრების გმირები, რაც აადვილებს და საინტერესოს ხდის ამოცანებზე ფიქრს. ამ ამოცანების საოჯახო განხილვა საუკეთესო საშუალებაა როგორც ბავშვების განვითარების, ასევე ერთმანეთთან ურთიერთობისათვის.

მოკლედ მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრის შესახებ:

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ მზიურში მოქმედებს ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა, რომლის ფარგლებში ხდება გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების სელექცია და სპეციალური ჯგუფების დაკომპლექტება. ამ ჯგუფების პროგრამა ითვალისწინებს მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარებას, დაპროგრამებისა და ალგორითმიზაციის საფუძვლების გაღრმავებულ შესწავლას.

მოსწავლეთა სელექცია სხვადასხვა აქტივობებისაგან შედგება. ერთ-ერთი მთავარი აქტივობა არის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრი, რომელშიც
მონაწილეობას იღებენ მოსწავლეები მთელი საქართველოს, და არა მარტო საქართველოს მასშტაბით.

ინტერნეტშეჯიბრი 2006 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც ერთგვარი დისტანციური სწავლების სკოლა, რომლის მიზანია ადრეულ ასაკში ლოგიკური აზროვნებით გამორჩეული ბავშვების აღმოჩენა და მათი შემდგომი განვითარება.
შეჯიბრი მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მიმდინარეობს დაუსწრებელ ტურებად. ყოველი დაუსწრებელი ტურისთვის ინტერნეტშეჯიბრის საიტზე, განყოფილებაში მიმდინარე ტური გამოიკიდება ხოლმე 10 მათემატიკურ-ლოგიკური ტიპის ამოცანა, რომლებიც მოსწავლეებმა უნდა ამოხსნან და ამოხსნები ელექტრონული დოკუმენტის სახით გამოაგზავნონ მითითებულ ვადაში. ამის შემდეგ ეს ამოხსნები განიხილება, შეფასდება და გამოიკიდება გავლილი ტურის ანალიზი (ამოცანების ამოხსნები, შეფასების სქემა და მოსწავლეთა შედეგები).

განყოფილებაში გავლილი ტურები ყოველთვის ჩანს უკანასკნელი 8-10 ტურის ანგარიშები ანუ 80-100 ამოცანა თავისი ამოხსნებით.

შეჯიბრში ორი ლიგაა – პირველი ლიგა შედარებით მარტივია და ხუთი ამოცანისგან შედგება. უმაღლესი ლიგა კი უფრო რთული ეტაპია.

ვფიქრობთ ამ ონლაინ რესურსის გამოყენება დაგეხმარებათ გაიხალისოთ ოჯახთან ერთად იზოლაციაში გატარებული დრო.

ჯანმრთელობას გისურვებთ.

Posted in ინტერნეტშეჯიბრი