ნიკა ლოსაბერიძე

ამჯერად კიდევ ერთ მზიურელ – ნიკა ლოსაბერიძეზე მოგიყვებით.
ნიკამ 2016 წელს დაამთავრა კომაროვის სახელობის სკოლა გიმნაზია და სწავლა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში (კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკისა და ინჟინერიის სკოლა) გააგრძელა. ამჟამად ის მე-4 კურსის სტუდენტია.

ნიკას წარმატებები ამ პერიოდში:
2014-2016 წლები – ყაზახეთში ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი. საერთაშორისო ნაკრების რეზერვის წევრი.
2015-2016 წლები – ეროვნული ოლიმპიადის საუკეთესო ათეული.
2015 წელი – სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატი მე2 ხარისხის დიპლომი.
2018 წელი – ACM ICPC – მესამე ხარისხის სიგელი.
Google Hashcode ჩრდილოეთ ევრაზიის ფინალი – 65-ე ადგილი 6640 გუნდიდან, ფინალის waitlist-ის წევრი

ნიკა: კომაროვის სკოლაში, ჩემს კლასში აღმოჩნდნენ ბავშვები, რომლებიც მზიურში საოლიმპიადო წრეებში მეცადინეობდნენ. მეც დავინტერესდი და გადავწყვიტე სკოლაში არსებული წრეების გარდა აქაც მომესინჯა ძალები.
მზიურში გადასვლის შემდეგ, პროგრამირებას მეტი დრო დავუთმე, აქ კონკურენციაც მეტი აღმოჩნდა, რაც განვითარებისთვის მეტ სტიმულს მაძლევდა. ძალიან მალე, აშკარად გამიუმჯობესდა უნარები. ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ჯგუფური ოლიმპიადები იყო, რომლებიც მზიურში ტარდებოდა და ერთობლივი მუშაობის პრაქტიკას და უნარ-ჩვევას გვიყალიბებდა.
სხვა დაწესებულებებთან შედარებით, ძალიან მსიამოვნებდა მზიურში მასწავლებლად მუშაობა, რადგანაც აქ ბევრ ჭკვიან ბავშვთან მიწევდა ურთიერთობა, ეს კი გაკვეთილების პროცესს ბევრად პროდუქტიულს და სასიამოვნოს ხდიდა. ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის იმ პროგრესის დანახვა, რომელიც ყოველ მომდევნო გაკვეთილზე იყო შესამჩნევი, რაც ჩემში დიდ კმაყოფილებას იწვევდა.
ჩემი მხრიდან ერთ რჩევას დავამატებდი: უკეთესი იქნებოდა, გაკვეთილებზე მეტი კავშირი იყოს რეალურად გამოყენებად და საოლიმპიადო პროგრამირებას შორის. მეტი რეალური ისტორია და მაგალითი რომ მივაწოდოთ ბავშვებს, თუ რა ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში იყენებენ საოლიმპიადო ამოცანების ამოხსნების ალგორითმებს.
ამჟამად უნივერსიტეტში ბოლო კურსზე ვსწავლობ და პარალელურად კომპანია “ლივინგსტონში” ვმუშაობ მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე. ასევე შარშან რამდენიმე კურსელთან ერთად დავაარსეთ სტარტაპი unleashAR, რომელიც ხელოვნური ინტელექტსა და გავრცობილ რეალობაზე (Augmented Reality) არის დაფუძნებული. მზიურში გატარებული სამი წელი ძალიან დამეხმარა, უფრო სწრაფად და მარტივად ამეღო ალღო ახალი საკითხებისათვის იმიტომ, რომ უნივერსიტეტში სრულიად იცვლება პროგრამირების სტილი და გადადიხარ ბევრად რეალურ პრობლემებზე და საკითხებზე. ამჟამად ყველაზე მეტად ხელოვნური ინტელექტით და მასთან დაკავშირებული პრობლემებით ვარ დაინტერესებული. ჰობს რაც შეეხება – თხილამურებზე სრიალი და მეგობრებთან ერთად ლაშქრობა – საუკეთესო განტვირთვის საშუალებაა ჩემთვის.
ჩემი აზრით თუ რამე გიყვარს, სწავლობ, აკეთებ და დროს ხარჯავ, მაშინ არაფერმა არ უნდა შეგაშინოს, დაგხიოს უკან და ყველაფერი უნდა გააკეთო შენი მიზნის მისაღწევად. და თუ არ გაქვს იმის სიყვარული რასაც აკეთებ, მაშინ ჯობია სხვა საქმე გამონახო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *