fbpx
Menu Close

სტატიები

სანდრო ცხოვრებოვი

დღეს კიდევ ერთ წარმატებულ მზიურელს – სანდრო ცხოვრებოვს გაგაცნობთ.

სანდრომ 2015 წელს დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური N199 საჯარო სკოლა და სწავლა გააგრძელა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში (კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკისა და ინჟინერიის სკოლა), რომელიც წარმატებით დაამთავრა 2019 წელს.

მზიურში სწავლობდა 2009-2014 წლებში.

აღსანიშნავია სანდროს წარმატებები ამ პერიოდში:
2011 წელი – მე-2 ადგილი ეროვნულ ოლიმპიადაზე მათემატიკაში;
2014 წელი – მე-3 ადგილი ეროვნულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში; 2015 წელი – მე-2 ადგილი ეროვნულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში; 2015 წელი – ბრინჯაოს მედალი ცენტრალური ევროპის ოლიმპიადა CEOI-ზე;
2015 წელი – ვერცხლის მედალი ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადა IZhO-ზე;
2015 წელი – ბრინჯაოს მედალი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა IOI-ზე;
2016 წელი – გუგლის პროგრამირების ოლიმპიადა Google HashCode-ის ფინალისტი

სანდრო:

ჩემი მზიურში შეყვანა და კომაროვის სკოლაში გადასვლა, დედაჩემის გადაწყვეტილება იყო. იმ დროს მე-7 კლასში ვიყავი და ბოლომდე არ მქონდა გააზრებული თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სწორი იყო ეს ნაბიჯები ჩემი მომავალი კარიერისთვის და განათლებული სამეგობრო წრის ჩამოყალიბებისთვის.

მზიურმა ისეთი ცოდნა და უნარები ჩამომიყალიბა, როგორსაც ბევრგან ვერ იძლევიან. მზიურში ნასწავლმა საგნებმა (ლოგიკა, ალგორითმები და პროგრამირება), ფიქრის უნარი ჩამომიყალიბა, – ერთმა მათემატიკური კუთხით, მეორემ კი – პროგრამული. ვერ ვიტყვი, რომ თავიდანვე კარგად მქონდა გააზრებული, თუ რაში გამომადგებოდა ეს ცოდნა (გარდა იმისა, რომ საოლიმპიადო ამოცანების ამოხსნაში დამეხამრებოდა), მაგრამ რაც დრო გადის, უფრო ნათლად ვხედავ როგორ მიადვილებს ეს ცოდნა და გამოცდილება ყველაფერს: თუნდაც, საუნივერსიტეტო საგნების სწავლას, ან დიდ კომპანიებთან ტექნიკური ინტერვიუს წარმატებით გავლას.

მზიურთან, და საოლიმპიადო წრესთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს. ამ წრის დამსახურებაა, რომ უამრავ ჭკვიან და ნიჭიერ ადამიანს ვიცნობ, რომელთაგანაც ზოგი ჩემი უახლოესი მეგობარია. დღევანდელი გადმოსახედიდან შემიძლია დარწმუნებულმა ვთქვა, რომ წარმოუდგენლად ბევრი რამ არ მექნებოდა ცხოვრებაში, თავის დროზე მზიურში და კომაროვის სკოლაში სწავლის გადაწყვეტილება რომ არ მიმეღო.

უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, მე თვითონ გამიჩნდა მზიურში მასწავლებლობის სურვილი. რაღაცნაირად თავს ვალდებულად ვთვლიდი მზიურში მიღებული ცოდნა, ისევ მზიურელებისთვის გამეზიარებინა. იმ დროისთვის მასწავლებლობის დიდი გამოცდილება არ მქონია, ამიტომ თავიდან არც ისე იოლი იყო ბავშვებისთვის მასალის მათთვის გასაგებად მიწოდება. თუმცა რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ შენი თავი გახსენდება, იაზრებ, თუ როგორ ფიქრობენ ისინი და საბოლოოდ ინფორმაციის მიწოდების პრობლემაც ქრება. ჯამში შემიძლია ვთქვა რომ მასწავლებლობა ახალი და საკმაოდ სასიამოვნო გამოცდილება იყო ჩემთვის.

რას გავაუმჯობესებდი ან შევცვლიდი მზიურის სასწავლო პროცესში? – ალბათ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ზოგიერთ მოსწავლეს სწავლა არ უნდა და მხოლოდ მოვალეობის მოხდის გამო მოდის გაკვეთილზე – არასაკმარისი მოტივაციაა. ამ ასაკში ვერ ხედავ რატომ არის კარგი ამ ყველაფრის სწავლა, რთულია დიდი შრომა ჩადო, თუ ვერ ხედავ სად გაყავხარ ამ ყველაფერს. თავის დროზე მე თვითონ რა მამოძრავებდა, ზუსტად ვერც ვიტყვი, ვფიქრობ ჩემი მშობლების დიდი დამსახურებაა, რომ საკმარისი მოტივაცია და პასუხისმგებლობა ჩამომიყალიბეს. ამ ბლოგის საშუალებით, მზიურის ყოფილი მოსწავლეების აზრების და გამოცდილების გაზიარება, ვფიქრობ, სწავლის მოტივაციას მოუმატებს მოსწავლეებს. ამიტომ, გონია, რომ ეს სწორი მიდგომა და წამოწყებაა.

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თავისუფალ უნივერსიტეტში გავაგრძელე, ვთვლი რომ ეს უნივერსიტეტი საქართველოში საუკეთესოა ჩვენს სფეროში, ამიტომ გადავწყვიტე სწავლის აქ გაგრძელება. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ძირითად დროს სამეგობრო წრეს და პროგრამირების საგნებს ვუთმობდი. როგორც უკვე აღვნიშნე, მზიურში მიღებული ცოდნა და გამოცდილება სწავლის პროცესს საკმაოდ მიმარტივებდა, რაც ძალიან დამეხმარა რომ უნივერსიტეტი მაღალ შეფასებებით დამემთავრებინა. ზოგადად მიყვარს მუსიკა (ვუკრავ პიანინოზე), კომპიუტერული თამაშები და პროგრამირების სხვადასხვა სფეროში ჩემით რაღაცების გარჩევა.

გირჩევთ: თავი არ დაზოგოთ და ყველაფერი ისწავლეთ, რასაც მზიურში გასწავლიან. შეიძლება, ახლა ამას ვერ ხვდებით, მაგრამ მზიურში თქვენ იღებთ მთელ მსოფლიოში საჭირო და გამოსადეგ ცოდნას. ეს ცოდნა ძალიან გამოგადგებათ, თუ მომავალში ტექნიკური სფეროს ნებისმიერ საგანთან ან კომპანიასთან გექნებათ შეხება.

Posted in მზიურელები, მზიურელები მზიურელებისათვის