სოსო გობრონიძე – “ყოველი გაკვეთილის შემდეგ სიამაყის გრძნობა მეუფლება”

ვაგრძელებთ რუბრიკას “მზიურელები მზიურელებისათვის”. გვესაუბრება სოსო გობრონიძე.

2013 წელს დავამთავრე აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური N42 საჯარო სკოლა.

მზიურში ვსწავლობდი 2008-2009 წლებში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავირიცხე თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. 2017 წელს გავხდი კომპიუტერულ მეცნიერებათა ბაკალავრი, ხოლო 2019 წელს ინფორმაციული სისტემების მაგისტრი.

მზიურის არსებობის შესახებ სკოლაში გავიგე. ჩემმა მათემატიკის მასწავლებელმა და მეგობარმა მითხრეს, რომ არსებობდა ასეთი დაწესებულება, სადაც შეიძლებოდა პროგრამირების საფუძვლების საკმაოდ კარგად შესწავლა.

მზიურში მხოლოდ ორი წელი ვისწავლე, მაგრამ სწორედ ამ პერიოდმა განაპირობა ჩემი შემდგომი ცხოვრება. ამ წლებმა გამოიწვია ჩემში კომპიუტერული მეცნიერებებისადმი ინტერესი და გამოიწვია ჩემი ამ სფეროსთან მჭიდრო კავშირი.
უკვე მე-5 წელია მზიურში ვასწავლი და მიუხედავად ჩემი გადატვირთული გრაფიკისა, ვცდილობ დრო გამოვყო და ეს ძალიან საინტერესო საქმე გავაგრძელო. ამის მოტივაციას ორი ფაქტი მაძლევს: პირველ რიგში, ეს არის სიამაყის გრძნობა, რომელიც ყოველი გაკვეთილის შემდეგ მეუფლება, როცა ვამჩნევ რომ ჩემი მოსწავლეები იმაზე მეტი ცოდნით და ინტერესით გადიან გაკვეთილიდან, ვიდრე შემოვიდნენ. ეს გრძნობა კიდევ უფრო ძლიერია სასწავლო წლის ბოლოს, როცა ვაფასებ მოსწავლეების შრომას, განვითარების დონეს და ამ პროცესში გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის. მეორე ფაქტორი კი – საკუთარი განვითარებაა, ყოველ გაკვეთილზე ვახერხებ ახალი ინფორმაციის მიღებას (რაც არ უნდა კარგად ვერკვეოდე მასალაში), ან ძველის სხვა კუთხით გააზრებას, რაც შემდეგ სასწავლო წლებში მეხმარება იგივე მასალაზე სხვანაირად მივუდგე გაკვეთილის განვითარებას.
ოთხი წელია ქართულ IT კომპანიაში “აზრი” ვმუშაობ. ამ პერიოდში საკმაოდ საინტერესო პროექტებში მივიღე მონაწილეობა, სწორედ ეს პროექტები უმარტივებენ ყოველდღიურ ცხოვრებას ასი ათასობით საქართველოს მოქალაქეს.

თავისუფალ დროს უმეტესად მეგობრებთან ვატარებ. მიყვარს სპორტული ცხოვრება: ვთამაშობ ან ვუყურებ სპორტულ გადაცემებს მეგობრებთან ერთად.
ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც ახლა იმ გზას გადის რომელიც მე უკვე გამოვიარე, მინდა დარწმუნებით ვუთხრა და ვურჩიო: მოინდომეთ, შეეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს მნიშვნელოვანი წლები. წლების შემდეგ მიხვდებით, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, როცა დრო და ენერგია დაუთმეთ საკუთარი თავის განვითარებას. ასევე, ყველა პროგრამირებით დაინტერესებულს მინდა ვურჩიო: გამოიყენოს მზიურის მრავალფეროვანი არჩევანი, დიდი დაფიქრებით აირჩიოს მისთვის სასურველი კურსი და რაც მთავარია, სრული დატვირთვით გამოიყენოს ის დრო, რომელსაც ჩვენთან გაატარებს. აქ მოსმენილი ყოველი გაკვეთილი, ერთი პატარა საინფორმაციო აგური იქნება თქვენი მომავალი კარიერისთვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *