fbpx
Menu Close

სტატიები

მზიურელები მზიურელებისთვის

წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ რუბრიკას: ‘’მზიურელები მზიურელებისთვის’’.

წარმატებულ მზიურელებზე საუბრისას აღვნიშნავთ ხოლმე, რომ ბევრი მათგანი ახერხებს, რომ უნივერსიტეტში სწავლისა ან მუშაობის პარალელურად მზიურშიც ასწავლოს და თავისი გამოცდილება უმცროსებს გადასცეს. სხვადასხვა სტატიებში ჩვენ უკვე გესაუბრეთ ზურაბ კუციაზე, ელენე მაჩაიძეზე, ლევან ილაშვილზე, ნიკა სვანიძეზე, ნიკა ბირკაძესა და გიორგი კლდიაშვილზე – მზიურელებზე, რომლებიც სხვადასხვა დროს მზიურში ასწავლიდნენ. ამჯერად კი გვინდა გაგაცნოთ ორი ახალგაზრდა: ნიკა სალია და დავით ხვედელიძე.

მათი ,,მზიურული თავგადასავალი’’ მე-4 კლასიდან იწყება, როცა მზიურის ოლიმპიადაში – „იმედი ხვალის“ – მიიღეს მონაწილეობა, ხოლო მე-5 კლასიდან „მზიურელები“ გახდნენ.

ნიკა სალია: ,,ბავშვობაში ბევრ ოლიმპიადაში ვმონაწილეობდი, მათ შორის იყო მზიურის ოლიმპიადაც, ამ ოლიმპიადაში მონაწილეობის შემდეგ გავიგე, რომ მზიურის სასწავლო ცენტრი არსებობდა და დავიწყე იქ მეცადინეობა. ცოტა მოგვიანებით მივხვდი, რომ ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიზანი არა მათემატიკის (თუმცა ლოგიკა ისწავლებოდა), არამედ ალგორითმებისა და პროგრამირების სწავლება იყო. ძალიან მომეწონა ეს ახალი საგანი და დიდი ინტერესით შევუდექი სწავლას საოლიმპიადო მიმართულებით.

დავით ხვედელიძე

დავით ხვედელიძე: ,,მზიურში არის საუკეთესო პირობები, რომ ისწავლო ალგორითმები და პროგრამირება და, ამასთანავე, განივითარო აზროვნების უნარი’’

ბიჭების თქმით, მზიურმა საწყის წლებში ინფორმატიკის საბაზისო ცოდნასთან ერთად მათ აზროვნების უნარი განუვითარა. შემდეგ წლებში კი მიიღეს უდიდესი ცოდნა ინფორმატიკის მიმართულებით, რაც დღემდე ეხმარებათ სასწავლო პროცესში და სხვა საქმიანობაში. ამასთან ისინი აღნიშნავენ, რომ ძალიან გაუმართლათ, რადგან მათი მასწავლებელი იყო გურამ ქოთოლაშვილი. სწორედ მან ურჩია ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში სწავლის გაგრძელება და თვლიან, რომ ამ ფაქტმა მთელი მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.

აღსანიშნავია მათი წარმატებები საერთაშორისო ოლიმპიადებზე. ნიკას ჟაუტიკოვის სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ერთი ბრინჯაოსა და ერთი ვერცხლის მედალი, კიევის მათემატიკის ოლიმპიადაზე კი მესამე ადგილი აქვს მოპოვებული. რაც შეეხება დათოს, მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO2017) და ჟაუტიკოვის სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IZHO2019) ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული. არის ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის (IOI2019) მონაწილე. ორივენი არიან ინფორმატიკასა და მათემატიკაში ეროვნული ოლიმპიადების არაერთგზის გამარჯვებულები.

დღეს ნიკა და დავითი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები არიან (კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკისა და ინჟინერიის სკოლა) და თან მზიურში პედაგოგებად მუშაობენ – თავიანთ გამოცდილებებს უზიარებენ პატარებს.

ნიკა სალია: ,,მზიურში გურამის გარდა, სხვადასხვა დროს მასწავლიდნენ წარმატებული ოლიმპიელები, თორნიკე მანძულაშვილი, ელენე მაჩაიძე, გიორგი კლდიაშვილი, ნიკა სვანიძე და გიორგი გულიაშვილი. ჩემი აზრით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის მათი გამოცდილება და საკითხების სხვანაირად დანახვა, რაც ძალიან გამომადგა და მინდა ეს ყველაფერი მომავალ თაობას გადავცე. მზიურში სწავლება ძალიან სასიამოვნოა, რადგან ბავშვები მარტივად მომყვებიან, მათი კითხვები ხანდახან მეც ჩამაფიქრებს ხოლმე და პრობლემის გადაჭრის სხვა მხარესაც ვპოულობთ’’

დავით ხვედელიძე: ,,მასწავლებლობა ძალიან მომწონს, მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი ცოდნა ბავშვებს გავუზიარო და მინდა, რომ ჩემი მონაწილეობით მათ პროგრესი განიცადონ, ჰქონდეთ ოლიმპიადებზე წარმატება. ბავშვებს კი ვურჩევდი, რომ არ დაიზარონ შრომა, რადგან მის გარეშე სერიოზული წარმატების მიღწევა შეუძლებელია’’.

მზიურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავითმა და ნიკამ აიღეს პასუხისმგებლობა ჩართულიყვნენ ჩვენ სასწავლო პროცესში. ამჟამად ისინი მონაწილეობას იღებენ მოსწავლეების განვითარებაში და უზიარებენ მათ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას. ასევე, გვინდა ამ ორ ახალგაზრდას დიდი მადლობა გადავუხადოთ ერთგულებისა და მხარდაჭერისთვის. ვუსურვებთ დიდ წარმატებას ცხოვრებასა და კარიერაში.

Posted in ინფორმატიკის ოლიმპიადა, მზიურელები, მზიურელები მზიურელებისათვის, საერთაშორისო ოლიმპიადა