fbpx
Menu Close

სტატიები

რა არის ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზი?

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის (IOI) შესახებ მცირე ინფორმაცია გასულ წელს გვქონდა სათანადო სტატიაში.
ამ დღეებში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ცნობამ იმის შესახებ, რომ ნიკა ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ეს ინფორმაცია ბევრმა ინტერნეტგაზეთმა გამოაქვეყნა. იგივე ინფორმაცია გაიმეორა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალურმა გვერდმაც.
საზოგადოების ასეთმა ინტერესმა გადაგვაწყვეტინა ამ სტატიის დაწერა.

გარდა იმისა, რომ ყოველ წელს ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანა ქმნის კონკრეტული ოლიმპიადის ვებგვერდს, (ioi2019.az, ioi2018.jp, ioi2017.org და ა.შ.) არსებობს ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ოფიციალური საიტი (ioinformatics.org), სადაც ბევრი საინტერესო ინფორმაციია ამ ოლიმპიადის შესახებ.
ამ საიტზე ერთი ძალიან საინტერესო განყოფილება არის სტატისტიკის შესახებ, სადაც გასული წლების ოლიმპიადების მთლიანი სტატისტიკაა წარმოდგენილი.
ამ საიტზე შეგიძლიათ წაიკითხოთ საინტერესო მონაცემები დღემდე ჩატარებული ოლიმპიადების შესახებ. მონაცემები დალაგებულია სხვადასხვა ჭრილში – როგორც მასპინძელი ქვეყნების, ასევე მონაწილე ქვეყნების მიხედვით.
ცალკეული ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) შესახებ წაიკითხავთ როგორც ზოგად, ასევე კონკრეტული წლების მიხედვით ინფორმაციას.
მაგალითად, საქართველოს შესახებ ვკითხულობთ:
Participation in IOI (based on database records)
• First participation: 1996
• Years participated: 24
• Contestants participated: 50
Perfomance in IOI
• Gold medals: 5
• Silver medals: 10
• Bronze medals: 35
აქ ვისარგებლებთ მომენტით და აღვნიშნავთ, რომ ამ მედლებიდან 4 ოქროს, 5 ვერცხლისა და 22 ბრინჯაოს მედალი მზიურელების მონაპოვარია.
შეგიძლიათ ქვეყნები დაალაგოთ მათი მოპოვებული მედლების მიხედვით და დაინახავთ, რომ საქართველო 106 ქვეყნიდან 38-ე ადგილზეა და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ინდოეთი, ბრაზილია, შვეიცარია, არგენტინა და სხვა.
მოცემულ საიტზე არის ინფორმაცია ოლიმპიადების მონაწილეთა შესახებ და სწორედ ამ განყოფილებას ჰქვია დიდების დარბაზი (Hall of Fame). ამ განყოფილებაში არის მოცემული ყველა იმ მოსწავლის სახელი და გვარი, რომელსაც ერთხელ მაინც მიუღია მონაწილეობა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე.
ასე, რომ ნიკა ბირკაძე ოლიმპიადის დიდების დარბაზში ახლა კი არ მოხვდა, არამედ 2017 წელს, როცა პირველად მიიღო მონაწილეობა ოლიმპიადაზე. საქმე ისაა, რომ მონაწილეები დალაგებული არიან მათი მიღწევების მიხედვით და ეკრანზე ე.წ. “გულისხმობის პრინციპით” მხოლოდ პირველი ასეული მოსჩანს. ერთი დაწკაპებით მონაწილეთა მთლიანი სიაც გამოჩნდება. მას შემდეგ, რაც ნიკამ მეორე ოქროს მედალი მოიპოვა, ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით პირველ ასეულში გადაინაცვლა და, შესაბამისად პირველ ეკრანზე დაიკავა თავისი ადგილი. უფრო ზუსტად იგი 24-43-ე ადგილებს ინაწილებს. ნიკას დიდი შანსი აქვს, რომ პოზიცია კიდევ უფრო გაიუმჯობესოს, რადგან, სავარაუდოდ, IOI2020-შიც მიიღებს მონაწილეობას.

108-115-ე ადგილზე კიდევ ერთი მზიურელია – გიორგი კლდიაშვილი. გიორგი ამჟამად სახელგანთქმული მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის (ქალაქი კემბრიჯი, მასაჩუსეტსი, აშშ) პირველი კურსის სტუდენტია.
134-156-ე ადგილებს იყოფს ცოტნე ტაბიძე. ცოტნე ქუთაისის ანდრია რაზმაძის ფიზ-მათ სკოლის კურსდამთავრებულია. მან ორიოდე წლის წინ იგივე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტი დაამთავრა და მას შემდეგ სილიკონ ველზე მუშაობს.
მონაწილეთა გადალაგება შესაძლებელია ინფორმატიკის ოლიმპიადებში მონაწილეობათა რაოდენობების მიხედვითაც. თუ ამგვარად დავალაგებთ, დავინახავთ, რომ ყველაზე მეტჯერ, 7-ჯერ ოლიმპიადებზე მონაწილეობა მიღებული აქვს ბელარუსელ მოსწავლეს გენადი კოროტკევიჩს. ამ ახალგაზრდის წარმატებები საყოველთაოდ ცნობილია და მისი რეკორდების მოხსნას, სავარაუდოდ, ბევრი წლები დასჭირდება.
გენადი კოროტკევიჩის შემდეგ სიაში მოდის 5 მოსწავლე, რომელთაც ოლიმპიადაში 6-ჯერ აქვთ მონაწილეობა მიღებული და მათ შორის ერთ-ერთი არის კიდევ ერთი მზიურელი ზვიად მეტრეველი. ზვიადს ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. ის პირველი ქართველია, რომელმაც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი დაამთავრა და მას შემდეგ აშშ-ში მუშაობს სხვადასხვა ტექნოლოგიურ კომპანიებში.
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობა და, შესაბამისად, დიდების დარბაზში მოხვედრა ნებისმიერი მოსწავლისათვის დიდი წარმატებაა, მაგრამ ამ წარმატებამდე მისაღწევად დიდი და ძნელი გზაა გასავლელი. საქართველოში გასული წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა საკმაოდ მყარი და ეფექტური სისტემა, რომელიც განაპირობებს ადრეულ ასაკში სათანადო უნარების მქონე მოსწავლეთა მოძიებას და მათ შემდგომ წვრთნას. ამ სისტემაში ჩართულია საქართველოში (და ზოგჯერ საქართველოს გარეთ) მოღვაწე ყველა ის პირი თუ ორგანიზაცია, ვისაც თავისი წვლილის შეტანა შეუძლია ამ დიდ საქმეში. სწორედ ამ სისტემის შედეგია უკანასკნელი წლების მაღალი შედეგები. ვამაყობთ, რომ ამ სისტემის ავანგარდში საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური დგას.
იმედი გვაქვს, რომ ეს სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწება და ქართველი მოსწავლეების შედეგები უფრო მეტად თვალსაჩინო გახდება მომავალში.

Posted in ინფორმატიკის ოლიმპიადა, მზიურელები, საერთაშორისო ოლიმპიადა