ლევან ილაშვილი – მზიურელი, რომელსაც დღეს საკუთარი წარმატებული კომპანია აქვს

ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ უნარების გამომუშავება, რომლებიც ადამიანებს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებასა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრაში ეხმარება. ამის მისაღწევად საჭიროა სწორად შერჩეული სწავლების მეთოდი, ოლიმპიადებში მონაწილეობა და ლოგიკური აზროვნების განვითარება.

მზიური უკვე რამდენიმე ათწლეულია თავის მოსწავლეებს ამ აუცილებელი უნარების გამომუშავებაში ეხმარება. სწორედ ასეთი პოლიტიკის შედეგია, რომ ყოფილი მზიურელები დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ყველაზე წარმატებულ კომპანიებში არიან დასაქმებულები, ზოგიერთ მათგანს კი საკუთარი კომპანია აქვს.

ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლე, რომელმაც ტექნოლოგიების სფეროში პირველი ნაბიჯები მზიურში გადადგა, 1993 წელს დაბადებული ლევან ილაშვილია. ის სხვადასხვა დროს ლიბერთი ბანკსა და Nova Technology-ში მუშაობდა, პარალელურად კი დამოუკიდებელ პროექტებს ქმნიდა. შემდეგ თავის ყოფილ მოსწავლესთან, ოთარ მამესწარაშვილთან ერთად კომპანია “Bits” დააფუძნა და მას დღემდე წარმატებულად მართავს. ამასთან ერთად, საქართველოში Software as a Service (SaaS)-ის პოპულარიზაციითაა დაკავებული და მომხმარებლებს უნიკალურ მომსახურებას სთავაზობს.

ლევან ილაშვილს მათემატიკა პირველივე კლასიდან უყვარდა, მოგვიანებით კი ალგებრამ გაიტაცა. მეხუთე კლასში იყო, როცა პირველად მიიღო ოლიმპიადაზე მონაწილეობა და სადებიუტო მცდელობა წარმატებით დაასრულა. ის საუკეთესო მოსწავლეებთან ერთად მესამე ტურში გავიდა. ლევანის და მზიურის ურთიერთობაც სწორედ ამ პერიოდიდან იწყება.

„მზიურში“ მისვლამ ორი მთავარი სიკეთე მომიტანა. პირველი ის, რომ მათემატიკის და ლოგიკური აზროვნების გაკვეთილები გვქონდა და მეორე – კვირაში ერთხელ პროგრამირებას ვსწავლობდით. ეს იმას ნიშნავდა, რომ კომპიუტერთან მექნებოდა შეხება“, – ამბობს ლევანი.

იმ პერიოდში, როცა ლევანმა მზიურში პროგრამირების შესწავლა დაიწყო, კომპიუტერი ფუფუნების საგანი იყო და მასთან წვდომა ბევრს არ ჰქონდა. ლევანისთვის მზიური ერთადერთი სივრცე იყო, სადაც ახალი ტექნოლოგიების გაცნობასა და საკუთარი უნარების განვითარებას ახერხებდა. აქ გატარებული წლები მისთვის ბედნიერ წუთებთან ასოცირდება, რადგან სწორედ მზიურში აღმოაჩინა, რომ მომავალში პროგრამისტობა სურდა.

„2 წლის შემდეგ მოვხვდი მზიურის ე.წ „ოლიმპიურ ჯგუფში“, რაც იმას ნიშნავდა, რომ პროგრამირებასა და ალგორითმებს გაძლიერებულად ვისწავლიდით. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მაშინ გადაწყდა ჩემი მომავალი პროფესია. მე-7-დან მე-11 კლასის ჩათვლით ალგორითმების კურსს გავდიოდით და პარალელურად, სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადებში (USACO, OpenCup) ვიღებდით მონაწილეობას, რაც ერთი მხრივ სახალისო იყო, მეორე მხრივ კი – ცოდნის მიღების მოტივაციას მიმაღლებდა“, – იხსენებს ის.

ლევანი აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ ოლიმპიადებშიც. მზიურში სწავლის პერიოდში მან შსს-ს მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაში გაიმარჯვა და საჩუქრად იმ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ლეპტოპიც მიიღო. გარდა ამისა, მოგებული აქვს საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული მათემატიკის ოლიმპიადაც, რისთვისაც უნივერსიტეტისგან 100%-იანი დაფინანსება დაიმსახურა. ჯერ ბიზნესის მიმართულებით სწავლობდა, თუმცა მოგვიანებით უნივერსიტეტი შეიცვალა და თსუ-ში გადავიდა.

სტუდენტობა მისთვის საუკეთესო მოგონებებთან არ ასოცირდება, რადგან როგორც თვითონ ამბობს, ყველაფერი რასაც საქართველოში ასწავლიდნენ, 14 წლის ასაკში მზიურში უკვე ნასწავლი ჰქონდა.

სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა, თვითშემეცნებით დაკავებულიყო და პროგრამირებას კიდევ უფრო მეტი მონდომებით მიჰყო ხელი.

ლევანისთვის კიდევ ერთი ახალი გამოწვევა მზიურში მასწავლებლის სტატუსით დაბრუნება იყო. მზიურში ყოფილი მოსწავლეების მასწავლებლებად დაბრუნება აპრობირებული პრაქტიკაა. მათ ყველაზე უკეთ ესმით, რა სირთულეებს აწყდებიან ბავშვები პირველი ნაბიჯების გადადგმისას, რადგან ცოტა ხნის წინ ისინიც ამ გზას გადიოდნენ.

„მზიურში მუშაობა ჩემი მასწავლებლის, გურამ ქოთოლაშვილის ასისტენტად დავიწყე, 1 წლის შემდეგ კი დამოუკიდებლად ვასწავლიდი რამდენიმე ჯგუფს“, – ამბობს ლევანი.

მასწავლებლობის პერიოდში ლევანი ოთარ მამესწარაშვილსაც ასწავლიდა. მათ მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, შემდეგ კი ბიზნესპარტნიორები გახდნენ და კომპანია “Bits” დააფუძნეს.

პროფესიულ ცხოვრებაში უამრავმა სიახლემ, ლევანი აიძულა მზიურიდან წამოსულიყო. ლევანი ფიქრობს, რომ მთავარი, რაც მზიურმა მისცა, ცოდნა და ის უნარებია, რომლებიც გამოწვევებთან ეფექტურად გამკლავებაში ეხმარება.

„მზიურში ვისწავლე, როგორ უნდა გადავჭრა ამოცანები სწორად და სწრაფად, რაც მნიშვნელოვანია ჩემი პროფესიისთვის“, – ამბობს ლევანი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *