fbpx
Menu Close

სტატიები

ჟაუტიკოვის ოლიმპიადა

ჟაუტიკოვის სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონული ოლიმპიადაა, სადაც რეგულარულად იღებენ მონაწილეობას მზიურელები და წარმატებებსაც აღწევენ.

წლევანდელი შედეგი განსაკუთრებით ტრიუმფალური იყო ქართველი მონაწილეებისთვის. ნიკა ბირკაძემ ქულების მაქსიმუმი მოაგროვა და ის ერთადერთი იყო ოლიმპიადის მრავალრიცხოვან მონაწილეთა შორის, ვინც მაქსიმალური ქულების მოპოვება მოახერხა.

ჟაუტიკოვის ოლიმპიადის შესახებ მოგვითხრობს საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ნაკრების მწვრთნელი ზაზა გამეზარდაშვილი. იგი წლების განმავლობაში ამ ოლიმპიადის ჟიურის წევრია და ძალიან კარგად იცნობს როგორც ოლიმპიადის ისტორიას, ასევე ქართველი მოსწავლეების წარმატებას ამ ოლიმპიადაზე.

ზაზა გამეზარდაშვილი

ჟაუტიკოვის ოლიმპიადა დაარსდა 2005 წელს ალმატის რესპუბლიკური ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონის მიერ. ის ტარდება ზამთრის არდადეგების დროს და რომელიმე სხვა ოლიმპიადას დროში არ ემთხვევა. ტარდება ინდივიდუალური შეჯიბრი სამ საგანში: ინფორმატიკა, მათემატიკა და ფიზიკა. თითო გუნდში 7 მოსწავლეა (3 -მათემატიკა, 2 – ფიზიკა, 2 – ინფორმატიკა). გუნდებს წარადგენენ მასპინძლების მიერ მიწვეული (ზირითადად) ფიზიკა-მათემატიკური სკოლები სხვადასხვა ქვეყნებიდან. თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შედეგი გარკვეული კოეფიციენტით აისახება გუნდურ ჩათვლაში. გუნდურში თამაშდება 7 პრიზი: გრან-პრი, ერთი პირველი, ორი მეორე და სამი მესამე ადგილი. შეჯიბრი სამივე საგანში ერთდროულად ტარდება და ერთ მონაწილეს არ შეუძლია ერთზე მეტ საგანში მიიღოს მონაწილეობა.

ოლიმპიადა ტარდება ორ ტურად და ტურებს შორის შესვენების დღე არ არის. ცალკეულ საგნებში ოლიმპიადა მსოფლიო ოლიმპიადების ანალოგიურად ტარდება, რაც საშუალებას იძლევა, რომ ჟაუტიკოვის ოლიმპიადა განიხილებოდეს, როგორც მსოფლიო ოლიმპიადებისათვის მომზადების და ზოგ ქვეყანაში გუნდის შერჩევის ერთ-ერთი ეტაპი. შეჯიბრში ხშირად მონაწილეობენ კონკრეტული ქალაქების ან რეგიონების გუნდებიც, მაგრამ მათ შედეგებს მხოლოდ ინდივიდუალურ შეჯიბრში განიხილავენ, ხოლო გუნდურში – არა. თავდაპირველად ოლიმპიადა ორ საგანში – მათემატიკასა და ფიზიკაში ტარდებოდა, 2008 წლიდან კი ინფორმატიკაც დაემატა. ჟაუტიკოვის ოლიმპიადის მედალოსნებს უფასო გრანტებს აძლევენ სამხრეთ კორეის, ყაზახეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის უნივერსიტეტები. მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 20-ის ფარგლებშია, თუმცა ორგანიზატორები გეოგრაფიის მკვეთრ ზრდას ვარაუდობენ, გუნდების რაოდენობა 80-მდეა, ხოლო მონაწილეთა რაოდენობა – 500-ზე მეტი.

საქართველო ჟაუტიკოვის ოლიმპიადებზე 2007 წლიდან ჩაერთო და თავიდან მხოლოდ კომაროვის სკოლა იყო მიწვეული. მომდევნო წლებში შეჯიბრში ვეკუას სკოლა, ქუთაისის რაზმაძის სკოლა და დემირელის სახელობის კოლეჯიც ჩაერთვნენ. პირველივე წელს მედალი საქართველოდან გიორგი არაბიძემ მოიპოვა (მათემატიკა, ვერცხლი). ინფორმატიკაში კი პირველი მედალი ნიკა ბეგიაშვილმა აიღო 2010 წელს. პირველ დიდ წარმატებას ქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკაში 2013 წელს მიაღწიეს, როცა 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი აიღეს. სულ დღემდე ინფორმატიკაში 7 ოქროს მედალია მოპოვებული (თორნიკე მანძულაშვილი, გიორგი გულიაშვილი, ნიკოლოზ სვანიძე, გიორგი სხირტლაძე, ვანო გამეზარდაშვილი – ორჯერ და ნიკა ბირკაძე) აქედან განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიკა ბირკაძის წლევანდელი შედეგი, როცა მან 600-დან 600 ქულა და აბსოლუტური პირველი ადგილი აიღო.

გუნდურ შეჯიბრში კომაროვის პირველ გუნდს ერთი პირველი, ერთი მეორე (წელს) და ერთიც მესამე ადგილი აქვს მოპოვებული. ქართველი მოსწავლეებისათვის წლევანდელი შეჯიბრი ყველაზე ბარაქიანი აღმოჩნდა ოქროს მედლების მხრივ. კომაროველებმა 4 ოქროს მედალი მოიპოვეს (ნიკა ბირკაძე – ინფორმატიკა, ლუკა მუშკუდიანი და ბაქარ გამეზარდაშვილი – მათემატიკა, ალექსანდრე მერაბიშვილი – ფიზიკა). სამწუხაროდ, მერაბიშვილი კომაროვის მეორე გუნდში ირიცხებოდა, თორემ ისიც რომ პირველ გუნდში ყოფილიყო, გუნდურ ჩათვლაში გრან-პრის მფლობელი კომაროვის პირველი გუნდი გახდებოდა. ამჟამად კი გუნდურ მეორე ადგილს დასჯერდა, რაც 82 გუნდში ასევე არაა ურიგო შედეგი.

Posted in ინფორმატიკის ოლიმპიადა, მზიურელები, საერთაშორისო ოლიმპიადა