მზიურის მოსწავლეების ოლიმპიური გზა ტექნოლოგიების გიგანტ კომპანიებამდე

ოცდამეერთე საუკუნეში ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. თანამედროვე ადამიანებს აღარ უწევთ უამრავი რუტინული სამუშაოს ხელით შესრულება, რაც ტექნოლოგიური განვითარების დამსახურებაა. რამდენიმე ათეული წლის წინ რთულად წარმოსადგენი იყო, რომ სხვადასხვა სამეცნიერო ფანტასტიკის წიგნში აღწერილი მომავალი რეალური გახდებოდა, თუმცა კაცობრიობას ამ მისიის შესრულება არ გასჭირვებია. დღეს რომ წერილების გასაგზავნად ათეულობით კილომეტრის გავლა არ გვიწევს და ამას ერთი მოწყობილობიდან ვასრულებთ, მობილურით რომ ფაქტობრივად ყველაფრის შესრულება შეგვიძლია, ჩვენს ფინანსებს რომ წამის მეათასედში ვაკონტროლებთ – ეს ყველაფერი ტექნოლოგიური პროგრესის დამსახურებაა, რაც ვერ მოხდებოდა, რომ არა თანამედროვედ, ჩარჩოებს გარეთ მოაზროვნე ახალგაზრდები.

მზიური კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების ცენტრია, რომელშიც არაერთი ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა სწავლობს. ორგანიზაციამ სახელი არამხოლოდ მისი საქმიანობით, არამედ წარმატებული მოსწავლეების მიღწევებითაც გაითქვა. მზიურის ყოფილი და მოქმედი მოწაფეები უკვე რამდენიმე წელია ყველაზე მოთხოვნადი პროფესიონალები არიან არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამგვარი აღიარება მარტივი მისაღწევი არ ყოფილა, რადგან მას წინ უძღოდა დაუღალავი შრომა, მეცადინეობა და რაც მთავარია, ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებები.

ჩვენ მოგიყვებით მზიურის სამი წარმატებული მოსწავლის შესახებ, რომლებმაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს. მეტი თვალსაჩინოებისთვის, ეს ოლიმპიადა კომპიუტერულ მეცნიერებებში იმავე კალიბრისაა, როგორიც სპორტში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ მხოლოდ საუკეთესო მოსწავლეები ხვდებიან და მედლებს მხოლოდ გამორჩეულები მოიპოვებენ.

ნიკა სვანიძე

ნიკა მზიურის ყოფილი მოსწავლეა, რომელიც ახლა ორგანიზაციაში მასწავლებლად მუშაობს და დამწყებ პროგრამისტებს განვითარებაში ეხმარება. გარდა ამისა, ნიკა უნივერსიტეტში დამამთავრებელ კურსზეა და თავისი მომავლის დაგეგმვითაა დაკავებული. მას არაერთი შემოთავაზება აქვს, მათ შორის სილიკონის ველიდან, სადაც Google, Facebook და სხვა დიდი კომპანიები მოღვაწეობენ. ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია სად განაგრძობს კარიერას – რომელიმე დიდ კორპორაციაში დაიწყებს მუშაობას თუ ჯერ ისევ სწავლას განაგრძობს? ამ კითხვებზე პასუხს ნიკა საკუთარ თავს უახლოეს მომავალში გასცემს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ორივე შემთხვევაში მისი კარიერა განვითარებას განაგრძობს.

ნიკა სვანიძე

რამ განაპირობა ნიკას ასეთი წარმატება? – თანამედროვე სამყაროში ძალიან რთულია ისეთი კორპორაციების ინტერესის ობიექტი გახდე, როგორიცაა გუგლი. აქამდე რომ მოსულიყო, ძალიან დიდი გზა გაიარა.

ნიკა მზიურში გატარებულ წლებს წარმატების მთავარ ფაქტორად მიიჩნევს. ამბობს, რომ მზიური ის ადგილი იყო, სადაც პირველი ნაბიჯები გადადგა დიდი მომავლისკენ. კომპიუტერული მეცნიერებების მიმართ სიყვარული პედაგოგების მეგობრულმა და პროფესიონალურმა დამოკიდებულებამ გაუღვივა, თუმცა პროგრამირებით დაინტერესებული ყოველთვის იყო. ყველაზე მთავარი, რაც მზიურში ისწავლა, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნებაა, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე უფრო მეტად აძლიერებს და წინსვლაში ეხმარება.

„მზიური ის ადგილია, სადაც არამხოლოდ ვიწრო სპეციალობას, არამედ სწორად და კრიტიკულად ფიქრს სწავლობ. არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც დღეს ვერ გავუმკლავდებით და ეს ტრაბახი არაა“, – ამბობს ნიკა.

მისი აზრით, მზიურმა მას მთავარი იარაღის შექმნა და გამოყენება ასწავლა. ეს იარაღი კი ფიქრია, რომელსაც თუ სწორად მომართავ, ზუსტად მიზანში გაისვრის. ასე ფიქრობს ნიკა, რომელმაც თავისი პირველი აკადემიური გამოწვევა 2012 წელს ჩააბარა.

2012 წელს ნიკა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გავიდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამბობს, რომ ის პერიოდი მის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან მისთვის პირველი შეხება საერთაშორისო გამოწვევებთან დიდ ემოციებთან და რაც მთავარია, გაკვეთილთან ასოცირდება. 2013 წელს ნიკამ კვლავ მიიღო ოლიმპიადაზე მონაწილეობა და ამჯერად ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო, თუმცა ეს არ იყო მისი მაქსიმუმი. ამას ხვდებოდა თვითონ, თუმცა პირველ რიგში მასში მეტ პოტენციალს მისი მასწავლებლები ხედავდნენ.

მთავარი წარმატება ჯერ კიდევ წინ იყო.

2014 წელს ნიკა მესამედ გაემგზავრა საერთაშორისო ოლიმპიადაზე. ახლა იხსენებს, რომ წინა ორთან შედარებით, სრულიად განსხვავებული შემართება ჰქონდა. იცოდა, რომ უფრო მეტისთვის უნდა მიეღწია და შედეგი გაეუმჯობესებინა.

„საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ მეტის მიღწევა შემეძლო. ასეთი დამოკიდებულება ძალიან დამეხმარა კონცენტრირებაში და საბოლოოდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა“, – იხსენებს ნიკა.

2014 წელს ოლიმპიადაზე ნიკამ ოქროს მედალი მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ყველაზე გამორჩეულ ახალგაზრდებს შორის, საუკეთესო გახდა. იყო თუ არა ეს ნიკასთვის მთავარი მიღწევა? – ამბობს, რომ არა. ოლიმპიური ოქრო მისთვის მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. წარმატებამ სტიმული მისცა, რომ არ გაჩერებულიყო და უფრო მეტი ეშრომა. ოლიმპიური ოქროს მოპოვებამ ნიკას ტექნოლოგიური გიგანტების ოფისის კარი გაუხსნა. მისი მონდომება შესაბამისად დაფასდა. მზიურის აღზრდილმა ახალგაზრდამ პროფესიული სტაჟირება ამერიკაში, გუგლის მთავარ ოფისში გაიარა, დღეს კი უამრავი შემოთავაზება აქვს ძალიან ცნობილი კომპანიებისგან.

კითხვაზე თუ რატომ არ თანხმდება შემოთავაზებებს, ასეთი პასუხი აქვს:

„ჩემი მიზანი არ არის ვიმუშაო დიდ კომპანიაში. მინდა ვცადო და საკუთარი შევქმნა, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზეც წარმატებული იქნება“, – ამბობს ნიკა.

ნიკამ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია. შავი ზღვის უნივერსიტეტის გუნდთან ერთად, დაპროგრამებაში სტუდენტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა და აქაც გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძოლებს.

გიორგი კლდიაშვილი

ჯერ მხოლოდ თვრამეტი წლისაა, სკოლა შარშან დაამთავრა, მაგრამ უკვე ოლიმპიური ოქრო უმაგრებს ზურგს და დარწმუნებულია, რომ წინ კიდევ უფრო მეტი გამოწვევები ელის. გიორგი მზიურის კიდევ ერთი მოსწავლე და მასწავლებელია, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას მიაღწია. მზიურში ოთხი წლის წინ მივიდა და ამ მოკლე დროში მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მანამდე ქუთაისში ცხოვრობდა, სწავლობდა სკოლაში და პროგრამირების კურსებსაც გადიოდა. ეს სფერო ბავშვობიდან აინტერესებდა, თუმცა საკმარისი რესურსები მის ქალაქში არ არსებობდა. მზიურში გადმოსვლამ გადამწყვეტი როლი ითამაშა მის წარმატებაში.

გიორგის ერთ-ერთი პედაგოგი ნიკა იყო, რომელზეც უკვე გესაუბრეთ. ნიკამ თავისი გამოცდილება და ცოდნა დაუზოგავად გაუზიარა გიორგისა და მის სხვა თანაკლასელებს. გიორგი ამბობს, რომ მზიურმა მას ცხოვრების გზა გაუკაფა. ახლა ზუსტად იცის, სად და როგორ უნდა კარიერის გაგრძელება.

„მზიურში მოსვლის დღიდან ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. ნიკასთან და სხვა მასწავლებლებთან ურთიერთობამ დიდი ცოდნა შემძინა, რასაც წარმატებები მოჰყვა“, – ამბობს გიორგი.

მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მზიურში ოლიმპიელი მასწავლებელი თავის გამოცდილებას უზიარებდა და ასწავლიდა, როგორ დაეძლია ყველაზე რთული ამოცანებიც კი. გიორგი გვიყვება, რომ მზიურში მოსვლის შემდეგ მისი თვალსაწიერი გაფართოვდა, ლოგიკური ამოცანების ამოსახსნელად უფრო მეტი ცოდნა შეიძინა, რაც ოლიმპიადაზე წარმატების მიღწევაში დაეხმარა.

„მზიური სახლია, რომელშიც არამხოლოდ პროგრამირებას, არამედ უამრავ სხვა რამეს სწავლობ. აქ მივხვდი, რისი კეთება მომწონს ყველაზე მეტად და მივხვდი, რომ პროგრამირება არ არის მხოლოდ კომპიუტერთან ურთიერთობა. ის მოიცავს ინტერაქციას გარესამყაროსთან, ისეთი რაღაცებთან, რაც პიროვნულადაც გზრდის“, – ამბობს გიორგი.

გიორგი ამბობს, რომ ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქრო სწორედ მზიურში მიღებული ცოდნის დამსახურებაა, რომლის გარეშეც, შესაძლოა, წარმატებისთვის ვერ მიეღწია. მას სჯერა, რომ ისეთი გამოცდილება, როგორსაც მზიურში იღებს, კარიერული წარმატების მიღწევაში დიდ როლს თამაშობს.

„ჩემი აზრით, ადამიანი გამოცდილებით იზრდება და როდესაც ჯერ კიდევ სკოლის ასაკში ასეთ წარმატებულ, განათლებულ და გამოცდილ ადამიანებთან ერთად გიწევს სწავლა, როგორებიც მზიურში არიან, წარმატების მიღწევა კიდევ უფრო რეალური ხდება“, – გვითხრა მან.

გიორგი კლდიაშვილმა რამდენიმე დღის წინ თავის კიდევ ერთ მიზანს მიაღწია. მსოფლიოში გამორჩეული ტექნოლოგიური უნივერსიტეტისგან, ამერიკული MIT-ისგან ჩარიცხვის ბრძანება მოუვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგი მალე მეხუთე მზიურელი გახდება, რომელიც MIT-ის სტუდენტობას მოირგებს. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტია თავის დარგში, რომელიც ყველა ქვეყნის გამორჩეულ პროგრამისტებსა და გამომგონებლებს აერთიანებს. ასე რომ, კიდევ ერთი ქართველის გამგზავრება აშშ-ში, შესაძლოა, დიდი ცვლილებების დასაწყისი აღმოჩნდეს.

ნიკოლოზ ბირკაძე

კიდევ ერთი ნიკა და კიდევ ერთი ოლიმპიური ოქროს მფლობელი. ნიკოლოზ ბირკაძე მედალოსნებს შორის ყველაზე პატარაა, თუმცა წარმატებებში ტოლს არ უდებს მასზე უფროსებს. ის გიორგი კლდიაშვილთან ერთად იმყოფებოდა ოლიმპიადაზე და საუკეთესო შედეგით გამოირჩა. ის მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო ოთხეულში მოხვდა, ოქროს მედალი მოიპოვა და დიდი აღიარებაც დაიმსახურა.

გიორგი კლდიაშვილი და ნიკა ბირკაძე

გიორგი კლდიაშვილთან ერთად, ნიკოლოზმა საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. მისი ინდივიდუალური ჩათვლა ახალი რეკორდია საქართველოს ინფორმატიკის ნაკრების ისტორიაში. თავისუფლად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რაოდენ დიდი მომავალი ელის ნიკოლოზს სკოლის დამთავრების შემდეგ.

ნიკოლოზი მზიურში 2013 წლიდან სწავლობს და ის სწორედ მათი აღზრდილია. უნარები, რომლებიც პროგრამირებასა და ოლიმპიადაში გამარჯვებაში ეხმარება, მზიურში მიღებული ცოდნის ნაყოფია. ნიკოლოზმა თავისი ნიჭისა და მზიურში მიღებული დიდი ცოდნის შედეგად, პირველ წარმატებას უკვე მიაღწია და მომავალში კიდევ უფრო მეტი ელის, რადგან ოლიმპიური ოქროს მოპოვება, თანაც ასეთი შედეგით – მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მოსახვედრი უპირობო ბილეთია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *