fbpx
Menu Close

სტატიები

2016-17 სასწავლო წელი – “მედალთცვენა”

2016-17 სასწავლო წელი ქართველი მოსწავლეებისათვის ძალიან წარმატებული გამოდგა მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადებზე. განსაკუთრებით წარმატებული იყო ეს წელი მზიურელებისათვის ინფორმატიკის ოლიმპიადებზე.

წელს საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებებმა ინფორმატიკის სამ სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპადაზე იასპარეზეს და სამივე ოლიმპიადაზე იყოჩაღეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი იყო უმაღლესი რანგის ინფორმატიკის 29-ე საერთაშორისო (ე.წ. მსოფლიო) ოლიმპიადა, რომელიც ირანში გაიმართა (28 ივლისი – 4 აგვისტო, თეირანი. ოფიციალური საიტი http://ioi2017.org/). ამ ოლიმპიადაზე გიორგი კლდიაშვილმა და ნიკოლოზ ბირკაძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.


მარცხნიდან: გურამ ქოთოლაშვილი, გიორგი კლდიაშვილი, გია თოდრია, ნიკა ბირკაძე, გიორგი მანდარია, საბა თავდგირიძე, სანდრო ხოხიაშვილი, ზაზა გამეზარდაშვილი

მსოფლიო ოლიმპიადამდე ჩვენი ნაკრები ცენტრალური ევროპის ოლიმპიადაზეც იღებდა მონაწილეობას, რომელიც სლოვენიაში ჩატარდა (10-15 ივლისი, ლუბლიანა. ოფიციალური საიტი https://ceoi2017.acm.si/?file=About). ამ ოლიმპიადაზე გიორგი კლდიაშვილმა ოქროს, ხოლო სანდრო ხოხიაშვილმა და ვანო გამეზარდაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ნაკრების ორი ძირითადი წევრი ამ ოლიმპიადაზე ვერ გაემგზავრა, რადგან ნიკოლოზ ბირკაძე მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, ხოლო საბა თავდგირიძე ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილეობდნენ და ნიკოლოზი ვერცხლის, ხოლო საბა ბრინჯაოს მედლებით დაგვიბრუნდნენ.


მარცხნიდან: გიორგი კლდიაშვილი, თეიმურაზ თოლორაია, გიორგი მანდარია, ვანო გამეზარდაშვილი, სანდრო ხოხიაშვილი, ზაზა გამეზარდაშვილი

ბოლოს, 7-15 სექტემბერს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე (ოფიციალური საიტი http://ejoi.org/) საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია – ნიკოლოზ ბირკაძე ოლიმპიადის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა, თეიმურაზ თოლორაიამ და იოანე კაპანაძემ ვერცხლის, ხოლო გიორგი კობახიამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.


მარცხნიდან: გიორგი მანდარია, თეიმურაზ თოლორაია, ნიკა ბირკაძე, გიორგი კობახია, იოანე კაპანაძე, ზაზა გამეზარდაშვილი

წლევანდელი წარმატება მოსწავლეთა, მათი პედაგოგებისა და ნაკრების ხელმძღვანელების მრავალწლიანი შრომის შედეგია. ახალგაზრდული ოლიმპიადის დამთავრების შემდეგ ნაკრების ხელმძღვანელმა გიორგი მანდარიამ სოციალურ ქსელში ასეთი კომენტარი გააკეთა: “. . . ვინც იცის რა რესურსი გაგვაჩნია ჩვენ ამ ბავშვებთან სამუშაოდ ზოგადად (ყველანაირ რესურსს ვგულისხმობ) და რა იმ ქვეყნებს, რომლებსაც ასეთი დიდი უპირატესობით ვუგებთ, ალბათ წესით ძალიან გაოცებული უნდა იყოს ჩვენი მიღწევებით. მიღწევები კი ზოგადად სულ და წელსაც მართლაც შთამბეჭდავია: 12 შესაძლებლიდან 9 მედალი: 2 ოქრო, 6 ვერცხლი და 1 ბრინჯაო, თან ამ სამი ოლიმპიადიდან ორის ჩემპიონობა. როგორც გპირდებოდით, ორივე ხელის თითები დაგვჭირდა მედლების დასათვლელად. რაც შეეხება მთლიანად ქვეყნის შედეგს, ევროპის ორივე ოლიმპიადაზე მონაწილე ქვეყანათა უძლიერეს სამეულში მოვხდით. ყველა გაოცებულია ჩვენი შედეგებით და გვილოცავენ. მოდიან და გვეკითხებიან, რა ასეთი განსაკუთრებული მეთოდიკა და ინფრასტრუქტურა გაქვთ, რომ ასეთ შედეგებს აღწევთო. როცა ვუყვებით, გაოცებული აქნევენ თავს… ხედავენ, რომ მათ გაცილებით დიდი რესურსი აქვთ და ვერ გაუგიათ, მაინც როგორ ვჯობივართ. ბევრი გვიწვევს თავიანთთან ერთობლივ მეცადინეობებზეც, ასევე სხვა მაღალი დონის ოლიმპიადებზეც, მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი სხვადასხვა პრობლემებთანაა დაკავშირებული . . .”

Posted in ინფორმატიკის ოლიმპიადა, მზიურელები, საერთაშორისო ოლიმპიადა