fbpx
Menu Close

მზიურელების ბლოგის ძირითადი დანიშნულება

მზიურელების ბლოგის ძირითადი დანიშნულება, რა თქმა უნდა, მზიურის საქმიანობის ასახვაა. მოკლე ნიუსებში სათქმელი ვერ ეტევა. იგივე მოვლენები დღიურის სტატიებში უფრო დეტალურად და უფრო განზოგადებულად გამოჩნდება.

იქნება ზოგადი თემებიც – განათლებასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე, განათლების სფეროში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზე, უფრო ხშირად კი ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პრობლემების შესახებ, კერძოდ კი – ინფორმატიკის საოლიმპიადო მომზადების თემაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი თემებიც ძირითადად მზიურის საქმიანობის კუთხიდან იქნება დანახული, მაინც იმედი გვაქვს, რომ დღიურის სტატიები არა მარტო მზიურელებსა და მათ მშობლებს დააინტერესებს.

უშუალოდ მზიურელების გარდა, ვფიქრობთ, ბლოგში სკოლების ინფორმატიკის მასწავლებლები და ინფომენეჯერებიც შემოიხედავენ, ვინაიდან ბევრი სტატია მათთვის იქნება გამიზნული.

შევეცდებით წარმოვაჩინოთ მზიურის გარდა ის ორგანიზაციები და პიროვნებები, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეჰქონდათ და/ან შეაქვთ ინფორმატიკის საოლიმპიადო მომზადების საქმეში. ერთად გავაანალიზოთ საოლიმპიადო მომზადების საქმისადმი სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკა და სტრატეგია.

ასევე, ვეცდებით, საზოგადოებას გავაცნოთ ამ სფეროს წარმატებული ახალგაზრდები, მათ მაგალითზე ერთად დავაკვირდეთ, რა როლის შესრულება შეუძლია ადამიანის ცხოვრებაში საოლიმპიადო მუშაობას.

ძალიან გვინდა, რომ მკითხველმა აქტიურად გამოთქვას თავისი აზრი კომენტარებში.

ვეცდებით, მკითხველს შევთავაზოთ სტატიების მრავაფეროვანი ფორმატი, მაგალითად:

საოლიმპიადო თემის ნიუსები, ოფიციალური დოკუმენტები და სპეციალისტების მოსაზრებები მათ შესახებ;

სახვადასხვა ღონისძიებების შესახებ ანგარიშები;

სხვადასხვა ღონისძიებათა მონაწილეების შთაბეჭდილებები;

რაიმე თემაზე ანალიტიკური სახის წერილები (როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური – დისკუსიის სახით);

წარმატებულ მასწავლებელთა და მათ ნამოწაფართა ბიოგრაფიული პორტრეტები/ინტერვიუები და სხვა.