fbpx
Menu Close

სტატიები

ზურა კუცია – მზიურელი, რომელიც დღეს აშშ-ში ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში მუშაობს

21-ე საუკუნე ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქად არის ცნობილი. კომპიუტერულ ცოდნაზე დაფუძნებულმა მეცნიერებებმა ადამიანების ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. გაჩნდა უამრავი ახალი პროფესია, რომელთა უმრავლესობა ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნას საჭიროებს. ამ აუცილებელი ცოდნის ხარისხიანად მისაღებად და გამოცდილების დასაგროვებლად, კარგი პედაგოგები, სწავლების სწორი მეთოდი და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობაა საჭირო.

მზიური რამდენიმე ათწლეულია ცდილობს თავის მოსწავლეებს ხელი შეუწყოს საკუთარი უნარის მაქსიმალურად გამოვლენასა და წარმატების მიღწევაში. აქ მოზარდები სწავლობენ ლოგიკურ აზროვნებას, კომპიუტერულ მეცნიერებებს, ემზადებიან საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის და რაც მთავარია, სამომავლო წარმატებებისთვის საჭირო გამოცდილებას იძენენ. ამას ყოფილი და მოქმედი მზიურელების წარმატებებიც მოწმობს. ჩვენი მოსწავლეები ხშირად ხვდებიან ინფორმატიკის ეროვნულ ნაკრებში, გამორჩეულები კი მსოფლიოს წამყვან კომპანიებში მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებენ.

ჩვენ მოგიყვებით ერთ-ერთი გამორჩეული მზიურელის, ზურა კუციას შესახებ, რომელიც დღეს აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ცნობილ კომპანიაში მუშაობს. მისი ისტორია უამრავი დამწყები პროგრამისტისთვის და კომპიუტერული მეცნიერებებით გატაცებული ადამიანისთვის სამაგალითო იქნება.

ზურა კუცია მზიურში 2003-2008 წლებში სწავლობდა. როგორც თვითონ იხსენებს, ის ჩვენს ცენტრში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. ზურა მზიურის მიერ ჩატარებულ მათემატიკის ოლიმპიადაში იღებდა მონაწილეობას, რომელშიც საუკეთესო 30 მოსწავლეს შორის მოხვდა და ასე გახდა მზიურელი. ამბობს, რომ აქ გატარებულმა წლებმა მისი ცხოვრების გზა მნიშვნელოვნად განსაზღვრა.

“სკოლაში მოვიდა განცხადება, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური V-VI კლასელ მოსწავლეთა შორის მათემატიკაში შეჯიბრებას ატარებდა. როგორც აღმოჩნდა, შეჯიბრი ჩემს სახლთან ახლოს ტარდებოდა, ამიტომ მონაწილეობა გადავწყვიტე. ოლიმპიადის შედეგებით შეირჩა 30-მდე საუკეთესო მოსწავლე, მათ შორის მეც”, – იხსენებს ის.

შერჩეულ 30 მოსწავლეს შორის ზურა ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ჩვენს სკოლაში გატარებული ხუთი წლის პერიოდს ზურა დიდი სიამოვნებით იხსენებს. ამბობს, რომ მზიურმა განსაზღვრა მისი მომავალი საქმიანობა და კარიერა, რადგან აქ უამრავი საჭირო თვისება შეიძინა და დიდი ცოდნა მიიღო.

“მზიურს ჰქონდა ორი რამ, რაც ერთად საკმაოდ იშვიათია – სწორად შერჩეული პროგრამა და მაღალ კვალიფიციური მასწავლებლები. მზიურში ორი წელი მათემატიკისა და ლოგიკის კლასი გვქონდა, რამაც პროგრამირების შესწავლას საფუძველი ჩაუყარა. მიღებული ცოდნა დამეხმარა სხვადასხვა ამოცანების ამოსახსნელად სწორი ინტუიციის განვითარებაში”, – ამბობს ის.

მზიურში ყოფნის პერიოდში ზურა კუცია ხშირად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ოლიმპიადებში, რაშიც ხელს მზიური უწყობდა. 2008 და 2009 წლებში ნიჭიერი მოსწავლე საქართველოს ნაკრების წევრი გახდა და ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე ასპარეზობდა, სადაც ორივე წელს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

წლების განმავლობაში დაგროვებულმა გამოცდილებამ მისი წარმატებები თვალსაჩინო გახადა. ამჟამად ზურა კალიფორნიაში, Palo Alto-ში, კომპანია Uber-ში პროგრამული ინფრასტრუქტურის ინჟინრად მუშაობს.

„წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მოსახვედრად მხოლოდ 3 რამ არის საკმარისი: ოლიმპიადების გამოცდილება, ინგლისური ენა და ცოტა იღბალი”, – ამბობს ზურა კუცია.

ყოფილი მზიურელი ფიქრობს, რომ მის წარმატებაში მზიურმა მთავარი როლი შეასრულა, მათ შორის სკოლასა და უნივერსიტეტზე მეტი. ამბობს, რომ ოლიმპიადებმა მას დიდი გამოცდილება და კარგი მეგობრები შესძინა, რაც მისი აზრით, ამ პროცესის ერთ-ერთი საუკეთესო მხარეა.

„ვიტყოდი რომ მზიურს ყველაზე დიდი წვლილი აქვს ჩემ პროფესიულ მიღწევებში, მათ შორის სკოლასა და უნივერსიტეტზე მეტი. ოლიმპიადებში მონაწილეობა, გარდა უნარების ვარჯიშისა, გაძლევს საშუალებას შეხვდე და დაუმეგობრდე ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. ჩემი ამჟამინდელი მეგობრების დიდი ნაწილი ან პირდაპირ მზიურელია, ან ოლიმპიადაში მონაწილეობის შედეგად გავიცანი“ – გვითხრა ზურა კუციამ.

Posted in მზიურელები