fbpx
Menu Close

სტატიები

გიორგი გიორგიძე – ყოფილი მზიურელი, რომელიც დღეს ფეისბუქში მუშაობს

ტექნოლოგიების მიმართულება საქართველოში ნელნელა ყველაზე პოპულარული ხდება. ადამიანები ხვდებიან, რომ მომავალი წარმოუდგენელი იქნება კომპიუტერული მეცნიერებებისა და მანქანური სწავლების გარეშე, ამიტომ ბოლო ათწლეულში ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებმაც საქართველოში ეს სფერო იქამდე შეიყვარეს, სანამ პოპულარული გახდებოდა და დღეს მსოფლიოს წამყვან კომპანიებში მუშაობენ. ასეთი ადამიანების დიდი ნაწილი 90-იანი წლებიდან მოყოლებული მზიურის სკოლაში ითვისებდნენ კომპიუტერულ მეცნიერებებს და შემდეგ წამყვან კომპანიებში აგრძელებდნენ მუშაობას.

მზიური აგრძელებს წარმატებული მოსწავლეების ისტორიების მოყოლას თქვენთვის. ჩვენ უკვე გიამბეთ ყოფილი მზიურელების შესახებ, რომლებმაც ტექნოლოგიების სფეროში არაერთ წარმატებას მიაღწიეს, ახლა კი გიორგი გიორგიძეზე მოგიყვებით.

გიორგი მზიურში 1998 წელს აღმოჩნდა, რამაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. არადა, მანამდე ჰუმანიტარულ სკოლაში სწავლობდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ტექნიკური საგნების მიმართ უფრო მეტი ინტერესი გააჩნდა. მზიურში კონკურსის დახმარებით ჩაირიცხა, რომლის მიხედვითაც განსაკუთრებულად ნიჭიერ მოსწავლეებს მზიურის ცენტრი სწავლის საფასურს სრულად უფარავდა. გიორგი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც 4-წლიანი დაფინანსება მოიპოვა და ჩვენს სკოლაში მოხვდა.

მზიურის დაფინანსების გარეშე ვერ შევძლებდი ცენტრში სწავლას. დიდი მადლობა მზიურს ამ კონკურსის და სასწავლო პროგრამის ორგანიზებაში” – ამბობს გიორგი.

აქ მოხვედრის შემდეგ მისთვის ყველაფერი შეიცვალა. აღმოაჩინა, რომ ტექნიკური საგნები და კომპიუტერული მეცნიერება მისი მთავარი მოწოდება იყო და მაშინვე გადაწყვიტა, რომ ცხოვრება ამ საქმისთვის მიეძღვნა. ამაში, როგორც თვითონ ამბობს, მზიურში მიღებული ცოდნა და მეგობრული გარემო დაეხმარა.

მზიურში ჩარიცხვამდე ვსწავლობდი ჰუმანიტარულ სკოლაში და მზიურის კონკურსში მონაწილეობის გარეშე ვერც გავიგებდი რომ ტექნიკური საგნები უფრო მაინტერესებდა”, -იხსენებს გიორგი.

სკოლის დამთავრების შემდეგ, გიორგიმ ფიზიკის სისტემების კომპიუტერული მოდელირება აირჩია ძირითად პროფესიად და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. 2006 წელს ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა, მონდომებისა და ცოდნის დამსახურებით კი, მომდევნო წლებში ჩალმერსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩააბარა და მაგისტრის ხარისხიც მოიპოვა კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით.

შემდეგ იყო ინგლისი და ნოტინგემის უნივერსიტეტი, სადაც გიორგიმ დოქტორის ხარისხი მოიპოვა პროგრამირების ენების დიზაინის და იმპლემენტირების განხრით. ამ დროის განმავლობაში მუშაობდა ტუბინგენის უნივერსიტეტში და პროგრამირების ენებთან ერთად მონაცემთა ბაზების სისტემებს იკვლევდა. დაგროვებული ცოდნა ყველაზე მეტად ლონდონში გადაბარგების შემდეგ გამოადგა, როცა სტანდარდ ჩარტერდ ბანკში დაიწყო მუშაობა. კომპანიაში არაერთ წარმატებას მიაღწია, განავითარა ჰასკელის პროგრამული ენა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.

ჩამოვაყალიბეთ მსოფლიოში ყველაზე დიდი ჯგუფი ჰასკელი პროგრამირების ენის. მაქვს წვლილი შეტანილი ჰასკელის განვითარებაში: სამეცნიერო ნაშრომებით, ინდუსტრიული გამოყენებით, და თვითონ უშუალოდ პროგრამირების ენაში და კომპილატორში ცვლილებების შეტანით”, – ამბობს გიორგი.

დღეს ყოფილი მზიურელი თავისი კარიერული საფეხურების სათავეშია. 2018 წლიდან ფეისბუქის ლონდონის ოფისში დაიწყო მუშაობა, სადაც ძალიან დიდ გუნდი ჩამოაყალიბა და მას ხელმძღვანელობს.

“2018 წლიდან ვმუშაობ ფეისბუქის ლონდონის ოფისში, სადაც ჩამოვაყალიბე და ვუძღვები პროგრამული სისტემების (რომელსაც რამოდენიმე მილიარდი ადამიანი მოიხმარს) ავტომატურად ტესტირებას და სისწორის შემოწმებას”, – გვიყვება გიორგი.

გიორგი იხსენებს, რომ მზიურში რომ არ მოხვედრილიყო, მისი ცხოვრება სხვანაირი იქნებოდა. ის უზომოდ მადლიერია მისი პედაგოგების, ნოდარ ჩინჩალაძისა და ოთარ ქაროსანიძის.

მათ არა მარტო პროგრამირება და ალგორითმების საფუძვლები შემასწავლეს, არამედ შემაყვარეს პროგრამირების ენები (თუ როგორ ცვლის აზროვნებას და პრობლემების მიმართ მიდგომას სხვადასხვა პროგრამირების ენები) და ასევე პროგრამების სისწორის ფორმალურად, მათემატიკურად, და სიმბოლურად შემოწმება”, – ამბობს გიორგი.

საუბრის ბოლოს გიორგიმ დაამატა, რომ მისი აკადემიური და ინდუსტრიული კარიერა სწორედ მზიურში მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ განაპირობა. მისთვის მზიურის ცენტრი იყო ადგილი, სადაც აღმოაჩინა საკუთარი თავი და ზუსტად მიხვდა, რა მიმართულებით უნდა განევითარებინა ის.

მზიურმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემს როგორც აკადემიურ, ასევე ინდუსტრიულ კარიერაზე და მე ამისთვის მადლიერი ვარ მათი”, – დაამატა მან.

Posted in მზიურელები, სწავლა უცხოეთში