fbpx
Menu Close

სტატიები

აშშ ღია ოლიმპიადა ინფორმატიკაში

ბოლო პერიოდში სასკოლო ოლიმპიადები გარკვეულწილად საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს ის სასკოლო საგნები, რომლებშიც საერთაშორისო ოლიმპიადა ტარდება – მათემატიკა, ფიზიკა, ინფორმატიკა, ბიოლოგია, ქიმია და ასტრონომია.

ქართველი მოსწავლეები უკანასკნელ წლებამდე მხოლოდ პირველ სამ საგანში გამოდიოდნენ საერთაშორისო ასპარეზზე და არც თუ ცუდ შედეგებს აღწევენ. ბოლო წლებში ქართველი მოსწავლეები ბიოლოგიასა და ქიმიის ოლიმპიადაზეც მონაწილეობენ. 2016 წელს ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა საქართველოში ჩატარდა.

ინფორმატიკის ქართული ოლიმპიადებისა და საქართველოს ნაკრების საერთაშორისო ოლიმპიადებზე მონაწილეობის ისტორიის შესახებ მოგვიანებით არაერთხელ ვისაუბრებთ. ამჟამად აშშ ინფორმატიკის ოლიმპიადის შესახებ მოგითხრობთ.

ყველასათვის ცნობილია, რომ აშშ საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მხრივ მსოფლიოს ლიდერია. საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებას აშშ სკოლებსა და უნივერსიტეტებში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. ბუნებრივია, რომ საოლიმპიადო მომზადების მათი გამოცდილება უაღრესად საინტერესოა.

USA Computing Olympiad (შემოკლებით USACO) დაარსდა 1992 წელს, მას შემდეგ, რაც აშშ-ს ნაკრები პირველად გამოვიდა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე. ამ ჯგუფის მთავარი მისიაა აშშ ინფორმატიკის მოსწავლეთა ნაკრების შერჩევა, მისი მომზადება და საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარდგენა.

USACO ფუნქციონირებს აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის ვისკონსინ-პარკსაიდის უნივერსიტეტის ბაზაზე, რომლის საუნივერსიტეტო ქალაქი მიჩიგანის ტბის ნაპირზე, ვისკონსინის შტატის ქალაქ კენოშას ახლოს მდებარეობს. სწორედ ამ უნივერსიტეტმა უმასპინძლა 2003 წელს მოსწავლეთა ინფორმატიკის მე-15 საერთაშორისო ოლიმპიადას.

USACO -ს ჯგუფი წელიწადში რამდენჯერმე ატარებს შეჯიბრებას, რომელთა შედეგების მიხედვითაც აირჩევა მოსწავლეთა ნაკრების კანდიდატთა ჯგუფი. როგორც წესი, ზაფხულის დასაწყისში შერჩეულ კანდიდატთა ჯგუფი იკრიბება და 10-15 დღიან შეკრებაზე, მეცადინეობებისა და შეჯიბრებების შედეგად აირჩევა ქვეყნის ნაკრები – 4 მოსწავლე.

USACO -ს შეჯიბრებები ღიაა და მათში, ჩვეულებისამებრ, ინტერნეტის საშუალებით მონაწილეობას იღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით მოსწავლე.

შეჯიბრებები იმართება ოთხი სხვადასხვა სირთულის დონისათვის. უმაღლესი სირთულის დონეს «პლატინას» (Platinium) უწოდებენ, მაღალი სირთულისას – “ოქროს” (Gold), საშუალოს – “ვერცხლს” (Silver), ხოლო დაბალი სირთულისას “ბრინჯაოს” (Bronze). “პლატინის” ამოცანები დაახლოებით საერთაშორისო ოლიმპიადის დონისაა. “ოქროსი” – დაახლოებით რეგიონული და ქვეყნის დასკვნითი ტურების ამოცანების დონისაა, ხოლო “ბრინჯაოსი” – დამწყები პროგრამისტებისთვის არის განკუთვნილი.

უნდა აღვნიშნოთ, რომ USACO-ს ამოცანების სიუჟეტები ძირითადად ძროხების თემაზეა. მათი ამოცანების გაცნობა მონაწილეებში ყოველთვის ღიმილსა და კეთილგანწყობას იწვევს, ვინაიდან მთავარი გმირები, წესისამებრ, არიან ხოლმე ფერმერი ჯონი და მისი ძროხები. მათ შორის ყველაზე პოპულარულია ძროხა ბეტსი. როგორც ჩანს, ორგანიზატორები ამით ხაზს უსვამენ მათი აგრარული რეგიონის ძირითად საქმიანობას _ მეცხოველეობას. ალბათ ამით უნდა ავხსნათ, რომ როგორც USACO-ს, ასევე მე-15 საერთაშორისო ოლიმპიადის ემბლემაც ძროხაა.

ქართველი მოსწავლეები USACO-ში მონაწილეობას იღებენ ბოლო 18-20 წლის განმავლობაში. ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი (ისევე, როგორც სხვა ბევრი საოლიმპიადო საქმისა) არის ბატონი კოტე ცისკარიძე. უკვე მრავალი წელია USACO-ს შეჯიბრებებში მოსწავლეებს ამოცანები საკუთარ ენაზე ნათარგმნი მიეწოდებათ. ორგანიზატორებმა სხვადასხვა ქვეყნებში შეარჩიეს აქტიური მასწავლებლები, რომელთაც ე.წ. `”ოფიციალური მთარგმნელის” სტატუსი მიანიჭეს. ეს პიროვნებები შეჯიბრების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ელ-ფოსტის საშუალებით იღებენ ამოცანების ტექსტებს, თარგმნიან მათ საკუთარ ენაზე და უგზავნიან ორგანიზატორებს. ამის შემდეგ მოსწავლეებს საშუალება აქვთ ინტერნეტიდან მშობლიურ ენაზე თარგმნილი ამოცანები მიიღონ. საქართველოში ამგვარი სტატუსი მინიჭებული აქვთ გურამ ქოთოლაშვილს, ზაზა გამეზარდაშვილს, ნოდარ ჩინჩალაძეს და “მზიურის” სხვა მასწავლებლებს.

USACO ვებსაითის მისამართია www.usaco.org ამ საითზე, გარდა იმისა, რომ შეძლებთ შეჯიბრებაში მონაწილეობას, მიიღებთ სხვა უამრავ საინტერესო ინფორმაციასაც. ერთერთი მთავარი, რითაც შეიძლება ამ საითმა დაგაინტერესოთ, არის ტრენინგების გვერდი.

ტრენინგების გვერდზე განთავსებული მასალა დაგეხმარებათ მოსწავლეთა საოლიმპიადო მომზადებისას. მასალა შედგება ამოცანებისა და მცირე თეორიული მითითებებისაგან, რომლებიც სტრუქტურირებულია თემებისა და სირთულის დონეების მიხედვით.

ამოცანები და მათი შესაბამისი თეორიული მითითებები დალაგებულია საფეხურებად. თითოეულ საფეხურზე მოთავსებულია 3-5 ამოცანა. მოსწავლეს (ისევე როგორც მასწავლებელს), შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ შეუძლია მიიღოს ამოცანები პირველი საფეხურიდან. ამოცანების ამოხსნის შემდეგ მოსწავლე სპეციალური ინტერფეისის საშუალებით აგზავნის ამოხსნილი ამოცანის ტექსტს (პროგრამას). პროგრამა ავტომატურად იტესტება და ტესტირების შედეგი მოსწავლეს მომენტალურად უბრუნდება. ამოცანა ამოხსნილად ითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც პროგრამა ყველა ტესტს წარმატებით გაივლის. მომდევნო საფეხურზე გადასვლა მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც მოცემული საფეხურის ყველა ამოცანა ამოიხსნება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ საითით სარგებლობა საოლიმპიადო მომზადების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

ისევ შეჯიბრებებს დავუბრუნდეთ. სასწავლო წლის დასაწყისში, წესისამებრ, ვებსაითზე გამოიკიდება ხოლმე შეჯიბრებების სავარაუდო გრაფიკი.

ყოველი ტურის დამთავრების შემდეგ იკიდება ხოლმე დაწვრილებითი ანგარიში მონაწილეთა შედეგებითა და ძალზე საინტერესო სტატისტიკური მონაცემებით.

ჩვენს დღიურშიც ვეცდებით ავსახოთ ყოველი ტურის შედეგები.

გარდა შეჯიბრებებისა და ტრენინგების გვერდისა, USACO-ს საითზე ნახავთ საოლიმპიადო თემასთან დაკავშირებულ ძალზე საჭირო და სასარგებლო ბმებს (Links).

დაბოლოს, კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ საოლიმპიადო მომზადება, ზოგადად, ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობა საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კიდევ ერთხელ გვინდა გამოვთქვათ იმ სკოლებთან თანამშრომლობის სურვილი, რომლებიც ამ უმნიშვნელოვანესი საკითხებით დაინტერესდებიან. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში გაგიზიაროთ გამოცდილება და დაგეხმაროთ.

Posted in ინფორმატიკის ოლიმპიადა